ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიხეილ სარჯველაძე გერმანიაში მიღწეულ წარმატებებზე, ლანჩხუთსა და მშობლიურ სოფელ ლესაზე

მიხეილ სარჯველაძე გერმანიაში მიღწეულ წარმატებებზე, ლანჩხუთსა და   მშობლიურ სოფელ ლესაზე
11-11-2022, 11:07

,,ჰო და არას” სტუმარია ლესელი წარმატებული ახალგაზრდა მიხეილ სარჯველაძე.
_ გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ არის მიხეილ სარჯველაძე და გაიხსენეთ ბავშვობის წლები.
_ მადლობა თქვენ და ,,ჰო და არას", რომლის მკითხველიც სკოლაში ყოფნის პერიოდში გახლდით და ამჟამად, ვცდილობ ონლაინ ფორმატში ვადევნო თვალი. 
დავიბადე და გავიზარდე სოფელ ლესაში, რომელიც ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ლესაში ჩემი ყოფნა დაემთხვა ამ ინტერვიუს. ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ ბერლინში და რამდენიმე დღით ვსტუმრობ მშობლიურ სოფელს. რაც შეეხება ბავშვობას, ბავშვობასთან ტკბილ-მწარე მოგონებები მაკავშირებს, რადგან ის ქვეყნისთვის რთულ პერიოდს,90-იან წლებს დაემთხვა. შესაბამისად არ არსებობდა ის პირობები, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ბუნებრივია, ოჯახი თუ მასწავლებლები, ყველა გზით ცდილობდნენ ჩვენი მდგომარეობის შემსუბუქებას, თუმცა, ყველა ის დეფიციტი, რომელთან შეჭიდებაც ჩვენ, როგორც ბავშვებს მაინც გვიხდებოდა ჩვენი ცხოვრებიდან უკვალოდ არ გამქრალა. პირადად ჩემთვის მძიმე რეალობიდან დროებით გაქცევის უმთავრესი გზა ჩვენი ბიბლიოთეკა და შესაბამისად წიგნები იყო. კითხვა გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღებაში ძალიან დამეხმარა და ჩემში ინტერესი გააღვივა გადამელახა მიკროკოსმოსი, რომელშიც ვცხოვრობდი. საერთო ჯამში ბავშვობა მაინც ძალიან კარგად მახსენდება, რადგან რთული პირობების მიუხედავად, ბავშვები მაინც ვერთობოდით, იქნებოდა ეს შეგროვებული ფულით ლარიანი ბურთის ყიდვით გამოწვეული სიხარული, თევზაობა თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც განსაკუთრებით იმ რთულ წლებში ალბათ საზოგადოების უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა.
_ სკოლის პერიოდზეც გკითხავთ, სად სწავლობდით? 
_ სკოლის პერიოდი ლესას საჯარო სკოლაში გავატარე, რომელსაც მოგვიანებით საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის - გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებული ვარ. მაშინ არსებული რთული პირობების გათვალისწინებით, მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მოსწავლეებს გაჭირვება- არ გვეგრძნო და ფოკუსირებული ვყოფილიყავით სასწავლო პროცესზე. მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როცა საკლასო ოთახს სიცივისგან მინების ნაცვლად ფანჯრებზე აკრული ცელოფანი იცავდა და მოსწავლეებს ტყიდან თავად მოგვიტანია გასათბობად საჭირო შეშა, რაც ბუნებრივია იყო არა მასწავლებლების ან სკოლის, არამედ მაშინდელი დროების ბრალი. მოგვიანებით, გერმანიაში სწავლის დროს სკოლის პერიოდზე ხშირად მისაუბრია გერმანელ ჯგუფელებთან, მაშინ, როცა ჩემს გერმანელ მეგობრებს თუ ნაცნობებს სკოლის პერიოდში გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ სკოლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში თუ ავსტრალიაში წასულიყვნენ გაცვლითი პროგრამით, მე და ჩემი კლასელები გაკვეთილებს სანთლის შუქზე ვსწავლობდით და სახლიდან სკოლაში მისვლამდე ფეხი რომ არ დაგვსველებოდა წვიმიან ამინდში, ხშირად ფეხსაცმელებს ვიხდიდით. როცა მსგავსი გარემოდან მოდიხარ, ბევრად მეტი შრომა გჭირდება ადამიანს მოგვიანებით, რომ შედეგზე ორიენტირებულ სივრცეში სხვებს კონკურენცია გაუწიო, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ სკოლის რეაბილიტაცია მოხდა და ლესელ მოსწავლეებს კარგ გარემოში შეუძლიათ მიიღონ განათლება.
_ როგორ გაიხსენებთ იმ წლებს, რომელიც ლანჩხუთში გაატარეთ? 
_ ზოგადად ჩემი პროფესიის საბოლოოდ შერჩევის პროცესზე სწორედ სკოლის პერიოდმა მოახდინა ზეგავლენა. ბუნებრივია ყველა მასწავლებლის წვლილს ვაფასებ, თუმცა მაშინ ჰუმანიტარული საგნებისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო, ძალიან დამეხმარა ისტორიის მასწავლებელი, სანდრო დარჩია. მისი აღტაცება ისტორიის და ისტორიის გააზრების მიმართ მეც გადმომედო. ასევე მინდა აღვნიშნო დაწყებითების მასწავლებლის, გულიკო ჭყონიას, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის, ნონა ტყეშელაშვილის და, რა თქმა უნდა, გერმანული ენის მასწავლებლის, მარინა მორჩილაძის ღვაწლი. 
სკოლის დასრულების შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ენას და ლიტერატურას, თუმცა სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ გერმანისტიკაზე მეტად პოლიტიკა და ისტორია მაინტერესებდა. შესაბამისად გერმანული ენის ცოდნის გამო, ყველაზე მარტივი გზა შევარჩიე გერმანიაში წასასვლელად და ერთი წლის მანძილზე Aაუ-პაირ-ის პროგრამის ფარგლებში ვცხოვრობდი ძალიან კარგ გერმანულ ოჯახში, რომელსაც ბავშვების აღზრდაში ვეხმარებოდი, თან გერმანული ენის შესწავლით ვიყავი დაკავებული. ზუსტად ერთი წლის შემდეგ შემეძლო რვა სხვადასხვა გერმანულ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე ერთი წელი მასპინძელ ოჯახთან ახლოს მდებარე გისენის უნივერსიტეტში მესწავლა სოციალური მეცნიერებები, რადგან ოჯახმა საცხოვრებლად დარჩენა შემომთავაზა. 2009 წელს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ,,მეოცე საუკუნის ისტორია და პოლიტიკა". სწავლის პერიოდში გავხდი გერმანიის პარლამენტის სტიპენდიანტი და დაუვიწყარი ხუთთვიანი პერიოდი გავატარე ბერლინში, ბუნდესტაგში სტაჟირების პერიოდში. სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე დავწერე. 
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, სადაც ჯერ სტაჟირება გავიარე და შემდეგ ვმუშაობდი გერმანულ კონრად ადენაუერის ფონდში. ამავდროულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ვასწავლიდი გერმანიის პოლიტიკურ სისტემას. 2013 წელს მივიღე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია დოქტორანტებისთვის და დავიწყე დისერტაციაზე მუშაობა გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში. დისერტაციაზე მუშაობის პარალელურად ერთი წლის განმავლობაში ჩემს ხელმძღვანელ პროფესორთან ერთად ვხელმძღვანელობდი სამეცნიერო პროექტს ,,ომები და კონფლიქტები პოსტ-საბჭოთა სივრცეში" და ვასწავლიდი უნივერსიტეტში ორი სემესტრის განმავლობაში. დისერტაციაზე მუშაობის პარალელურად ვიყავი გერმანელი ხალხის სასწავლო ფონდის სტიპენდიანტი და ვმუშაობდი გლობალური ისტორიის თემებზე ორი წლის განმავლობაში. კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობის პროცესში, მონაწილეობა მივიღე ბევრ საინტერესო კონფერენციაში თუ სემინარში. ამავდროულად კავშირი არ გამიწყვეტია საქართველოსთან და 2015 წელს ერთი წლით გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოხალისეობრივი პროგრამა, რომელიც ახლაც გრძელდება (საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში) დამეხმარა საქართველო უკეთ გამეცნო გერმანული საზოგადოებისთვის. მიხარია, რომ იმ პერიოდში მოვახერხეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველების დახმარებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გერმანული კუთხის მოწყობაც. ერთი წლის მანძილზე მაქსიმალურად შევეცადე, რომ ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის მისია წარმატებით შემესრულებინა და მიხარია, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა. გარდა ამისა, ვიყავი კიოლნის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტთა გაერთიანება ,,აისის" თანადამაარსებელი და ოთხი წლის განმავლობაში აქტიური წევრი. პარალელურად ვიყავი გერმანული პლატფორმის ,,ფოკუსი საქართველოზე" თანადამაარსებელი და გერმანულ საზოგადოებას აქტიურად ვაწვდიდით ინფორმაციას თემებზე, როგორიცაა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესები თუ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. დისერტაციაზე მუშაობა წარმატებით დავასრულე 2018 წელს და ის 2019 წელს გამოსცა შპრინგერ-ის გამომცემლობამ სათაურით ,,გერმანია და სამხრეთ კავკასია საქართველო გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში 1992-2012 წლებში".
_ რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო? 
_ სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე გერმანიაში საქართველოს საელჩოში რეფერენტის პოზიციაზე. საელჩოში მუშაობამ შესაძლებლობა მომცა ჩემი თეორიული ცოდნა საგარეო პოლიტიკის შესახებ პრაქტიკული ცოდნით შემევსო. 2020 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი მეცნიერებაში და გავხდი გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფონდის მიწვეული მკვლევარი. აღნიშნული კვლევითი ფონდის ძირითად ფუნქციას გერმანიის მთავრობის თუ პარლამენტის კონსულტაცია წარმოადგენს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მე ვარ კვლევითი ჯგუფის ,,აღმოსავლეთ ევროპა და ევრაზია" - წევრი და ძირითადად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ვმუშაობ, თუმცა ჩემი კვლევა ასევე შეეხება ევროკავშირის და რუსეთის საგარეო პოლიტიკას საერთო სამეზობლოსთან მიმართებაში. 2022 წლის იანვრიდან ვარ იენის უნივერსიტეტის პოსტდოკი და ვიკვლევ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებს გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. თუ ადამიანი საკუთარ პროფესიაში მიაღწევს საფეხურს, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც გერმანიაა, ეს (როგორც წესი) მძიმე შრომის დამსახურებაა. მეც მგონია, რომ წარმატების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი საკუთარ თავზე შრომა და მიზანდასახულობაა. 
_ ოჯახზეც მინდა გკითხოთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ ჩემი ოჯახი ჩემთვის ყოველთვის მთავარი დასაყრდენი იყო და ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ ის ყოველთვის განათლების მიღებას ანიჭებდა უპირატესობას. დედაჩემი _ შორენა კვასხვაძე ლესის საჯარო სკოლაში მუშაობს, მამაჩემი - ავთანდილ სარჯველაძე უკვე პენსიაზეა, თუმცა ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საგამოძიებო სტრუქტურებში, როგორც ლანჩხუთში, ისე ოზურგეთსა თუ ქუთაისში. მყავს ერთი და, რომელიც ასევე გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულია საკუთარ პროფესიაში, რაც ძალიან მახარებს, რადგან მან წარმატებას ფაქტობრივად ყოველგვარი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მიაღწია.
_ და ბოლოს, ხშირად სტუმრობთ ლანჩხუთს და რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის?
_ ლესას და ზოგადად ლანჩხუთს პანდემიამდე და დისერტაციის მომზადების პერიოდში ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე ვსტუმრობდი. თუმცა პროფესიულ ცხოვრებაში გადანაცვლების და პანდემიის შედეგად, ვიზიტების სიხშირე, სამწუხაროდ, შემცირდა. ამჟამად საქართველოში იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის განყოფილების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ვიმყოფები, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მედეგობის კონცეფციას ეძღვნებოდა. ლესა და ლანჩხუთი ჩემთვის ერთადერთი ადგილია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასევე ბევრ სხვადასხვა ქალაქში მიცხოვრია. ვხედავ, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ამავდროულად გული მწყდება, რომ მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენება ვერ ხდება და მძიმედ დგას სოციალური საკითხების პრობლემა. ლოგიკურია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ჩვენს მუნიციპალიტეტზეც აისახება. მაშინ, როცა საქართველო უახლეს ისტორიაში მისთვის უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე დგას და აქვს შანსი მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დაუშვებელია დისტანცირება სტრატეგიული პარტნიორებისგან და იმპულსური, სტრატეგიულ ხედვას მოკლებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები, ისევე როგორც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აუცილებლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიმოქმედოთ პრაგმატულად. ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ კულტურული, არამედ უპირველეს ყოვლისა პრაგმატული არჩევანი, რომელიც საუკეთესო გამოსავალია შეინარჩუნოს ჩვენმა ქვეყანამ თვითმყოფადობა და იყოს დამოუკიდებელი.

                ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 138
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა