ახლა რაც მაქვს გულში უნდა ამოვიღო აქ. იმ ნინია ბარამიძეს ევლოს მთელი ცხოვრება უკან-უკან, (წყევლას ვერ ვიტან, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს), ვინც ნებისმიერი ადამიანის გაკეთებულს ვერ ან არ ხედავდეს. გრამს არ ვუკარგავ არასოდეს არავის, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ნემსისხელა სიკეთე, კარგი საქმე ვაპიარო, იმიტომ რომ, თუ რამე გაკეთდება ჩემს მუნიციპალიტეტში, ჩემი წინსვლაა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, მეამაყება, რომ ყველაზე გადარეული მხარიდან ვარ, ყველას ვაჩვენებ, ,,გადარეული გურულის" ძეგლს, ისტორიასაც ჩემეულს ვიგონებ, რომ თავისუფალი სიტყვისთვის და თავისუფლებისთვის ამ ძეგლს მუშტი აქვს მოღერებული და რკინა უჭირავს, თუმცა ცივილურად ვაგვარებთ გურულები ყველაფერს, არც მუშტი გვჭირდება და არც რკინის ნაჭერი მეთქი, მაგრამ ასე გამოვიყურებით რეალურად, როცა თავისუფლებას გვართმევენ-მეთქი.
წინა მთავრობის დროს მამა წამართვეს, ამ ხელისუფლების დროს მხოლოდ ერთხელ გაბედეს და წამართვეს თავისუფალი სიტყვა, რასაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს და მომიწია სოციალურ ქსელში ერთი პოსტის აღება.
დებილი უნდა იყო ადამიანი, ან ტუტუცი, მოსახლეობის მდგომარეობა დღითი-დღე კარგიაო რომ თქვა. აწიეთ ერთი ადგილი და მიგიყვანთ ოჯახებში, სადაც არც საკვები აქვთ, არც სითბო, არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არც სიცოცხლის ხალისი.
5 შვილის დედა მყავს მეგობარი, რომელიც სოციალურად დაუცველია. როგორ გაზარდოს 5 შვილი? იცით როგორი ბალღები არიან? ლიტერატურას, პოეზიას რომ სხლავენ, ტვინით დატენილები. რა ქნას ამ დედამ? მიზერული თანხით, ჩააცვას, დაახუროს, აჭამოს თუ რა გააკეთოს?
არავინ არ გთხოვთ არავის, რომ ეს ოჯახები ყველაფრით დააკმაყოფილოთ, გთხოვთ იმას, რომ შეუქმენით სამუშაო ადგილები, პირობები და სულ არ ჭირდებათ თქვენი სოციალური პროგრამები. გეყოფათ მხოლოდ საკუთარ ხელფასებზე ფიქრი.
მიხარია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის მთავრობამ დამატებით სამუშაო ადგილები ,,გააჩინა", მაგრამ რაღაა ისეთი ,,გაჩენილი," რომლის ფარგლებში, ჩემი ოჯახის მეგობარ ქალბატონს, რომელიც სასაფლაოს ალაგებდა 13 წელი, უთხრეს აქ ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, შენ წადი სხვა საქმდებაო. იმ ქალბატონს მოსახლეობა უხდიდა სასაფლაოს დალაგებისთვის ფულს. ახლა, როცა მთავრობა გადაუხდის ხელფასს სხვა პიროვნებას, ამ ქალბატონს,, შესაბამისად, მოსახლეობა რატომ გადაუხდის ფულს?
რეალურად შექმენით სამუშაო ადგილები და არავინ არ იქნება არც მშიერი და არც ქვეყნის საზღვრებს მიაწყდება.
მეამაყება, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.
სულ რომ არაფერი გამაჩნდეს მეტი, ესეც საკმარისია ჩემთვის.
პ.ს. და კიდევ _ ,,ომით" ნუ გავაპრავებთ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ძალიან გთხოვთ!
,,გადარეულ გურულს“ ვემსგავსებით მაშინ, როცა თავისუფლებას და ღირსებას გვართმევენ!

ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 825