ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბახმარო, ყავრით დახურული ფიცრული სახლები, რკინის ,,კერასინკა~” და დაკვეთა სხვების გასახარად

16-07-2021, 11:40

ახლა შუა ივლისია, გურულებისათვის ბახმაროს ცხელი სეზონი.  გურულებისათვის-მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ ბახმაროში გურულების გარდა ძნელად თუ ნახავდით, ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო,  თუმცა ადრე ბევრი რამე იყო და სწორედ მაგით იყო ბახმარო უნიკალური და განუმეორებელი. ახლა უკვე დიდი ხანია ბახმაროში აღარ ვყოფილვარ და გითხრათ სიმართლე, აღარც სურვილი მაქვს წასვლის, იმის გამო რასაც ახალი ფოტოებით ვნახულობ. ბახმარო ის აღარ არის, რაც იქ პირველად ჩასულს მიიზიდავდა. რკინა-ბეტონი და თუნუქის ფურცლები, მრავალსართულიანი სახლები, ეს ხომ ქალაქის დამღლელი აურაა, რომლისგანაც გარიდებას ცდილობს ადამიანი, თუნდაც ერთი თვით, ალბათ ვინმე მეტყვის ყავრით დახურული, ფიცრული სახლები ახლა ვეღარ იქნებოდა, მუდმივი ხომ არაფერია, მაგრამ ხომ შეიძლება ზომიერების დაცვა, უბრალოდ ლამაზი არაა იქაც, ერთმანეთის და მეზობლის ჯინაზე ევრორემონტის მოწყობა, რაც შესაძლებელია, ის უნდა იქნას შენარჩუნებული, სწორედ ამაშია ამ კურორტის განსხვავებულობა.
ბახმაროს უნიკალურობა გზიდან იწყებოდა, გზიდან რომელიც გურული კრიმანჭულივით დახვეულია და ბახმაროს ძირში მყოფი, ზემოთ რომ აიხედავდი შიში გიპყრობდა, იქ მოხვედრის შიში, ბახმაროში შესულს ნისლი და ბურუსი გმასპინძლობდა პირველი, ზოგჯერ გადაადგილებაც რომ ჭირდა ცუდი ხილვადობის გამო. ყოველ ოჯახს, რომელიც იქ მიდიოდა, ყველაფერი მიჰქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჭირო იყო, ადგილზე მხოლოდ ხისგან შეჭედილი ლოგინები, მაგიდა და გრძელი სკამები იყო. რაღა თქმა უნდა, მაშინ იქ შუქი თითქმის არ იყო, ამიტომ ნავთის „კერასინკა“ და „ლამპა“ აუცილებლად საჭირო იყო, რიგები იყო ყველაფერზე, მათ შორის ნავთზეც, წყალზეც, მაგრამ ეს სახალისოც კი იყო, რადგან იქ მყოფებს ჩვენი უფლება-მოვალეობაც კი გვქონდა, აკრძალვებსაც კი გვიწესებდნენ მშობლები. აკრძალვებიდან ყველაზე მთავარი იყო „კარუსელზე“ დაჯდომა, რადგან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევბი ბაგირის სიძველის გამო, მოვალეობა იყო შუადღისას დაძინება, კლასგარეშე წიგნების წაკითხვა. ყველაფრის პირნათლად შესრულებისთვის ჯილდოც კი იყო დაწესებული, მეზობლად მყოფ ახლობელ ადამიანებთან მივყავდით სტუმრად, ასე ცოტა გვყოფნიდა ბედნიერებისათვის. არ მგონია ვინმეს ვინც ამ პერიოდში ბახმაროში არის ნამყოფი „ფოტო იოსკა“ დაავიწყდეს, ან დოსტის ხმა - საგორიალა-აკვანი, კევა ან მაწონი, ჩუმად რომ დაიძახებდნენ ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალები, რომელთა სახეს ვერასოდეს ვხედავდით, მხოლოდ თვალები უჩანდათ. ფულს მორცხვად აიღებდნენ და იქაურობას ჩქარი ნაბიჯით ტოვებდნენ. ერთადერთი, რისი დაწუწუნებაც შეიძლებოდა 
ბახმარო, ყავრით დახურული ფიცრული სახლები, რკინის ,,კერასინკა~” და დაკვეთა სხვების გასახარად
ბახმაროში, ჰიგიენურად მოუწერიგებლობა იყო, მასზე პასუხისმგებლობა თითოეულ დამსვენებელს ჰქონდა. ბახმაროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ვერსად შეამჩნევდით საკუთრების კვალს, თუმცა ყველამ თავისი იცოდა, ვცხოვრობდით როგორც ერთი ოჯახი. ის ერთი თვე იყო ყველაფერი ნეგატიურის დავიწყების, სიხარულის, სითბოს გამოხატვის, მხოლოდ გართობის და დასვენების. ისე ვეჩვეოდით ყველაფერს, წამოსვლაზეც გვწყდებოდა გული.
ერთი რამ მიხარია, თუკი რაიმე შეიძლება სასიხარულო დაინახოს დღეს ადამიანმა თავის გარშემო, ადამიანები ცდილობენ დაუბრუნდნენ თავის ფესვებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ცდილობენ იმ საცხოვრებელი პირობების აღდგენას, რომელიც ჩვენი ბებიებისა და ბაბუების დროს იყო. მიხარია, მაგრამ მაშინვე ეჭვიც მიჩნდება, ვისთვის ან რისთვის აკეთებენ ამას? ნაკლებ სარწმუნოა და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაცეებს „ფუტით“ გამურულ „ქუხნაში“ ცხოვრება მოენატრა ან სამფეხი, კარდალა და ჩახანა გადაექცათ ოცნებად, არა, ყველაფერი ამას მოძებნა  ტურისტების მოსაზიდად ხდება. იმათ მოსაზიდად, ვისაც უკვე მოწყენილი აქვთ უმაღლესი კლასის სასტუმროები და კომფორტი და ახლა რაიმე განსხვავებულს ეძებენ. გამოდის ეს არა „ჩვენის“ დასაცავად ხდება, არამედ ისევ სხვების დაკვეთით და მათ გასახარად.
ოტია იოსელიანის სიტყვები მახსენდება, რომელიც ამ მდგომარეობას ესადაგება:
„დამოუკიდებლობა რად მინდა, თუ ჩემი ქვეყანა არ შემრჩა ხელში. დამოუკიდებლობა იმიტომ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ჩემი, გადამერჩინა ჩემი, ჩემითა ვარ მე საინტერესო, გენიალურია შექსირი, მაგრამ შენი კი არაა ის, პატრონი ჰყავს მას“...
ამის უკეთესად ვერაფერს ვიტყვი, ჩემი სათქმელიც რაღაც მსგავსი იყო.
           მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 875
FACEBOOK კომენტარები