ძალიან ძნელია შეეგუო იმას, როცა შენი ქვეყნის მთავარ გამზირზე, მართალი სიტყვისათვის, უსიტყვოდ კლავენ ახალგაზრდა კაცს! იმისათვის, რომ იგი ერთ-ერთი თავისუფალი არხის ოპერატორია. ასეთ საქართველოში სიტყვა აღარ არის, იგი მკვდარია, ჩვენ არ გვიბრძოლია ასეთი საქართველოსათვის 30 წელი. რა უნდა დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას?! როგორი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ? გაღატაკებული დაქცეული, გაუნათლებელი, სიტყვაწართმეული, უფლებააყრილი?!.. სიტყვის მსახურნი სიტყვისათვის და სიტყვითვე მის დასაცავად, ასეთია ამ ბრძოლის არსი და შინაარსი.
მას, ვისთვისაც კი ძვირფასია თითოეული მართალი სიტყვა, რადგან პირველად იყო სიტყვა და მერე სხვა დანარჩენი, უნდა იბრძოლოს სიტყვის თავისუფლებისთვის.
ჩვენ გვერდით ვუდგავართ ქართულ თავისუფალ მედიას, ჩვენი მართალი სიტყვით, წლებია ვაგებინებთ ჩვენს ხმას ჩვენი პატარა რაიონის მოსახლეობას, ალალად მართლად და შეუბღალავად... ჩვენი საქმე სიყვარულია, ჩვენი სიტყვა _ მართალი, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!
მაია კუკულაძე
სიტყვის მსახურნი სიტყვისათვის და სიტყვითვე მის დასაცავად!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 854