სიტყვის ძალა უდიდესია. სიტყვა არჩენს, ახალისებს, ასაზრდოებს, განწყობას ქმნის, საამქვეყნიოდ მოგაბრუნებს, ცაში აგიყვანს; სიტყვა კლავს კიდევაც. კლავს... ბოროტ ქმედებაზე უფრო სწრაფი შედეგი აქვს. ჰოდა, დედამიწის აურის დაბინძურებაში, ბოროტ სიტყვას ლომის წილი მიუძღვის. ეს ბინძური აურა კი ტრიალებს ქარაშოტივით და ყოველ ჩვენგანს ეხება. ოღონდ შეხების ძალა იმდენად დიდია, რომ არყევს ადამიანთა ჯანმრთელობას. რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ადამიანთა ფსიქიკას უღებს ბოლოს. ... და დადიან ადამიანები ქანცგაცლილები _ ერთმანეთით და თავისი თავითაც, რადგან თავის გართმევა ამ გარემოსთვის უჭირთ...
სიტყვის ძალა უდიდესია. ხშირად მილიონია მისი ფასი; ხშირად არც ერთ ფასში არ ჯდება...
მაგრამ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ხშირად სიტყვას დუმილი ჯაბნის; დიახ, დუმილს ხშირად იმაზე დიდი ფასი აქვს, ვიდრე სიტყვას. არსებობს დუმილი, რომელიც სიტყვაზე უფრო მრავლისმთქმელია. თუმცა, როგორც ერთი ბრძენი ამბობს _ ,,არ არსებობს დუმილი, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც ხმას გამოსცემს”. და ამ დუმილის ხმის გაგონება უნდა შეგვეძლოს ადამიანებს; დუმილის ხმა იგივე გულის ხმაა. სხვისი გულის ხმას მოვუსმინოთ, თუ გვინდა ჩვენი გულის ხმასაც მოუსმინონ და ვიყოთ მშვიდად ამ გაუწონასწორებელ გარემოში. თუ ამას შევეცდებით ირგვლივ ყველაფერი დალაგდება... დალაგდება და სიმშვიდე მოვა. სიმშვიდე კარგია... სიმშვიდე დიდი ჯანმრთელობაა... ფსიქიკის ჯანმრთელობა. ჯანმრთელი ფსიქიკით კი მხოლოდ კარგის დანახვას შევძლებთ, თავადაც ბედნიერები ვიქნებით და სხვებსაც გავაბედნიერებთ.
მე ვცდილობ ასე ვიქცეოდე... ეჭვიც არ მეპარება თქვენც ასევე იქცევით. ეს უკვე ჰარმონიაა...
ჰარმონიაში ცხოვრებას გისურვებთ!
სიტყვა და დუმილი
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 1 257