მოგეხსენებათ, ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი ფუნქცია _ მართოს და განავითაროს ქვეყანა, იზრუნოს ხალხზე, მის კეთილდღეობაზე; ჩამოაყალიბოს სწორი პოლიტიკა უცხო ქვეყნებთან ურთიერთობისთვის; ანალიზი გაუკეთოს ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება და სწორი დასკვნა გააკეთოს, გადადგას ის ნაბიჯები, რაც ქვეყანას, მის მოსახლეობას არ დააზარალებს, პირიქით, წინ წასწევს, მშვიდად ამყოფებს, ეკონომიკურად წელში გამართავს. ასე, არაპოლიტიკურ ენაზე ჩამოყალიბებული ეს თეზისები იცის ნებისმიერმა მოქალაქემ _ ღრმად განათლებულმა, ზომიერად განათლებულმა, თუ გაუნათლებელმა.
იმ ქვეყნის მდგომარეობა, სადაც საზოგადოების არც ერთი ფენა არ არის კმაყოფილი ხელისუფლების საქმიანობით, საგანგაშოა. მით უფრო მაშინ, როცა მოქალაქეები ბევრი ჩაძიების გარეშე ხედავენ ამას. როგორც არ უნდა დაიფაროს, ვერ დაფარავ იმას, რაც ზედაპირზე დევს.
ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ბოლო თვეებს თუ გადავხედავთ, დიდი კვლევა არ დაგვჭირდება, იმისთვის, რომ დავადგინოთ _ ხელისუფლება თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისევე როგორც ნებისმიერი რამ ამ ქვეყნად, იდეალური ვერ იქნება, მაგრამ როცა იგი საარჩევნო პერიოდში თავის საქმიანობას, ძირითად ქმედებებს თავის პოპულარიზაციისთვის წარმართავს და იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანის სათავეში ყოფნისას მოასწროს და რაც შეიძლება დიდი ქონება მოიპოვოს, უფრო მეტიც, ამისთვის მოდის სათავეში, ხალხი კმაყოფილი ვერ ეყოლება. არადა, მტკიცება აღარ სჭირდება იმას, რომ არსებული ხელისუფლება, რომელიც ამჯერად უკვე თავის გადარჩენისთვის აქტიურად იბრძვის, ასეთი ხელისუფლების სახეა.
შემაშფოთებელია, როცა ხედავ, რომ მილიონები იხარჯება ამ გადარჩენისთვის. განსაკუთრებით ეს მძიმედ ჩანს მშიერი ქვეყნის ფონზე და იწყება უკმაყოფილების გამოხატვა, იმ უკმაყოფილების, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს.
ნუთუ შეიძლება ეპატიოს ხელისუფლებას იმ ხალხის აბუჩად აგდება, რომელმაც აირჩია. ნუთუ შეიძლება ეპატრიოს იმ მძიმე წლების შემდეგ, როცა ფორმაციის ცვლა მოხდა საქართველოში, რისი შედეგიც იყო მრავალი მსხვერპლი და სიდუხჭირე, გსურდეს კერძო ინტერესებს დაუქვემდებარო ხალხის ინტერესები.
შედეგიც სახეზეა _ უკმაყოფილება.
ოპოზიცია, როგორც წესი, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით იკვეთება ერთი ფაქტი _ ყველაზე დიდი ოპოზიცია დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის სახით ჰყავს. იმ ხალხის სახით, რომელმაც გასული წლების მანძილზე იმდენი გამოცდილება მიიღო, რომ მას ფოჩიანი კამფეტებით ვეღარ მოატყუებ. ხალხია, ყველაზე ნათელი ძალა, რომელსაც არ აქვს იმ სკამის ინტერესი, რომელზეც დამჯდარი უცებ აღზევდება ეკონომიკურად და ეს ხდება ისე ურცხვად, რომ სიწითლეც არ გადაჰკრავს სახეზე. პირიქით, ნორმადაც ქცეულა. ჰოდა, ამ ნათელმა ძალამ _ ხალხმა, კარგად იცის, რომ სანამ გაგრძელდება ურცხვთა ხელების ფათური სახელმწიფოს ჯიბეში, ქვეყანა სიკეთეს ვერ ეღირსება.
ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება. კადრების მონაცვლეობა, ახალი დაპირებები, განაცხადი _ ჩვენ ვიცვლით სახეს. თუმცა ნიღაბს არავინ იხდის. ნიღაბი ისეთი სქელია, ურცხვობას მთლიანად მალავს. თუმცა ურცხვობას სუნიც აქვს და სულაც არ არის სახის დანახვა საჭირო ამის დასანახად. არასდროს მოჰყოლია ხალხის დაბეჩავებას კარგი შედეგი.
მთავარი ხელისუფლება თავად ხალხია, რომელიც საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს და გაიმარჯვებს კიდეც. ოღონდ საკითხავია რის ხარჯზე?!
ხელისუფლება და ხალხი
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 523