ქვეყანა მატარებელივითაა _ ანუ დრო და დრო სვლა ჩერდება, ოღონდ არის ერთი დიდი განსხვავება _ მატარებლის შემთხვევაში წინასწარგანსაზღვრულია ყველა გაჩერების ადგილი და შესაბამისად, ყველა გაჩერება მიზანმიმართულია. ქვეყნის შემთხვევაში კი გაჩერება დაუგეგმავია და იგი უკუსვლას ნიშნავს, რადგან ერთ ადგილზე ყოფნა, უკუსვლის საფუძველია.
ჩვენს ქვეყანაში ფორმაციის შეცვლის შემდეგ, დამეთანხმებით ალბათ, გარკვეული ხნის მანძილზე თითქოს დრო გაიყინა და შესაბამისად, თვალნათელი იყო ქვეყნის უკუსვლა, უფრო მეტიც _ ქვეყნის ნგრევა. ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მისგან გამორკვევა არ დარჩა ადვილი. ქვეყნის შიგნით ხელისუფლებისთვის შინაურთა ბრძოლამ ქვეყანა გამოფიტა, რომელსაც გარეშე მტრებთან ბრძოლა უკიდურესად გაუჭირდა და ჭირად გვექცა ცხოვრება (როგორც მრავალი იტყოდა მაშინ). მერე დაიძრა ქვეყანა, ერთ ადგილზე დიდხანს იტრიალა ბორბალმა(იბუქსავა, როგორც გურულები იტყვიან) და დაიძრა. დაიძრა, მაგარამ რა მიმართულებით? საით?! დღესაც ისმის ეს შეკითხვა.
და თითქოს ამოისუნთქა ერმა და ბერმა. ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ ოხვრაც ამოაყოლა...
დაძვრის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა ის სტრუქტურები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის, რასაც მოჰყვა შესაძლებლობა ქვეყნის მცხოვრებთ, ნაწილს, რა თქმა უნდა, ხელი მოეკიდა რაღაც საქმიანობისთვის. ამასობაში გამოჩნდა და გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახელისუფლებო კლანები, რომელთა ხელში მოექცა ქვეყნის სიმდიდრე. უცხოეთიდან შემოსული ყოველგვარი დახმარებაც კი მათ იგდეს ხელთ.
და ქვეყანა გადაიქცა მილიონერთა და ღარიბთა ქვეყნად. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელს.
დამშეული ხალხისთვის ლუკმის წაგდების პროცესმა ერთხანს გაატანინა თავი მოსახლეობას.
ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემო პირობებმა გასაქანი და სტიმული ვერ მისცა ხალხს. გარკვეულ ზღვრამდე მისული ეს მდგომარეობა მყარად დაფიქსირდა.
დღეს ქვეყნის სვლა შეჩერებულია. რაღაც ამოიწურა. ჩვენი აზრით, მიზეზი საფუძველშია _ სისტემაში. ამას ფარდების ჩამოფარებით, ნიღბის აფარებით, მოჩვენებითი ღონისძიებებით ვერ უშველის ხელისუფლება.
დიახ, სვლა შეჩერებულია, რაც ქვეყნის ბინადართა ცხოვრებაზეა ასახული. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცოს ხელისუფლებამ.
ნონა გიგინეიშვილი
რა განსხვავებაა მატარებელსა და ქვეყანას შორის?!
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 809