როგორც იქნა მთავრობა მოწოდებებიდან საქმეზე გადავიდა და მთავრობის წევრებმა და მინისტრებმა საჯაროდ დაიწყეს ვაქცინის გაკეთება. იმედია, მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და საზოგადოების წინაშე მეტ პასუხისმგებლობას.
თუ ასე პასიურად გავაგრძელებთ, ვგულისხმობ იმას, რომ 2 პროცენტზე ნაკლებია აცრილი, სხვა ქვეყნები აცრებს ჩვენზე ადრე მორჩებიან, ეკონომიკასაც უფრო ადრე გახსნიან, ტურისტებსაც თავიანთ ქვეყნებში მიიღებენ და ერთმანეთში კარგად ითანამშრომლებენ. ჩვენ ვიქნებით ლოკდაუნში, მე-4, მე-5 და ა.შ. ტალღის მოლოდინში.
ახლა მოდაშია ენის მოჩლექვა და ქება-დიდების შესხმა სტრატეგიულ პარტნიორებზე, მაგრამ ევროპის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავიანთ ქვეყნებში ათეულ მილიონობით ადამიანი აცრეს და ჩვენი ქვეყნისთვის 100 000 ცალი ვაქცინაც კი არ გამოუმეტებიათ. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთი ყოფილა ჩვენი პატრონი, ჩვენი პარტნიორი. ვარდენი გიჟი რომ ჰგონიათ და ბიჭიკოს ეუბნება _ ბიჭიკო, შენ ყოფილხარ ჩემი პატრონიო _ ისეა ჩვენი საქმე...
როცა გვიჭირს, ჩვენ თანახმა ვართ შევჭამოთ რუსული ხორბალი ასივე პროცენტით, 60 პროცენტით _ ზეთი. 90 პროცენტით ვიხმაროთ რუსული ელექტყროენერგია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდით რუსულ ვაქცინას, რომელსაც ევროპაშიც წარმატებით იყენებენ. ნამეტანმა პრანჭიაობამ უარესი შედეგი არ მოგვიტანოს, ხანდახან ამაზეც უნდა ვიფიქროთ.
დღეს მთავარი ამოცანა, თავის გადაჩენა, ამ სენისგან თავის დახსნაა, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პანდემია იგივე მესამე მსოფლიო ომია, ამიტომ ამ ომში უარყოფით სტატისტიკაში არ უნდა აღმოვჩნდეთ. ომი რომ დამთავრდება, მერე ყველას მორჩება ვაქცინაც და სხვა საშუალებებიც. საკუთარი თურმე ჟანგბადიც არ გვყოფნის და აზერბაიჯანში ვყიდულობთ.
ომის დროს ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და მთავარი მიზანი მტერზე გამარჯვებაა, ამ შემთხვევაში _ ვირუსზე. უკვე 4500 მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, რამდენიმე ათასი საბოლოოდ ვერ გამოჯანმრთელებულა და ამის მაგივრად იმაზე ვმსჯელობთ, შევლენ თუ არა პარლამენტში ვითომ საზოგადო მოღვაწეები და გამოვა თუ არა ციხიდან პოლიტპატიმარი.
...ისე, ნელსონ მანდელა 27 წელი იჯდა ციხეში, მერე გახდა გმირი და თავისი ქვეყნის პრეზიდენტი. ასე რომ, ნელსონ მანდელამდე შორს ვართ...
...დღე-ღამეში 1200-ამდე ადამიანს აჯარიმებენ პირბადის არქონისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო. არ ფიქრობთ, რომ უნდა დავიცვათ წესები და გადავირჩინოთ თავი და სხვებიც გადავარჩინოთ, ცოტა მეტი ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად და იმაზეც ვიზრუნოთ, ვისაც არ დამართნია ვირუსი. გავუფრთხილდეთ ბავშვებს, რომლებსაც სახლში ჯდომით შეიძლება ფსიქიკა დაუზიანდეთ. ყოველი მე-10 კოვიდინფიცირებული, სხვათა შორის, ბავშვია.
კარგად მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ და დავინახავთ როგორ შეიცვალა ყველაფერი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მადლობა ექიმებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ ომს; მადლობა ლანჩხუთელ ექიმებს, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან, უსაზღვროა ჩვენი გულისტკივილი.
უსაზღვროა ჩვენი გულისტკივილი ჩვენი ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების გარდაცვალები გამო. კმარა, ომი უნდა დამთავრდეს! ამისთვის კი, როგორც პროფესიონალი სპეციალისტები ამბობენ, ერთადერთი გამოსავალია ვაქცინაცია, ისევე, როგორც ნებისმიერი ვირუსის დროს მომხდარა, ამიტომ მოვუწუდებთ და ვთხოვთ მთავრობას, ყველა ძალა, ყველა შესაძლებლობა იხმაროს, რომ საჭირო რაოდენობით ხარისხიანი ვაქცინა შემოიტანოს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში ჩადგომა.
დრო არ ითმენს, წაჩოქილი ქვეყნის წაქცევამდე ცოტაღა დარჩა.
დრო არ ითმენს!..
ნონა გიგინეიშვილი
ჰო, რუსულ ხორბალს; არა, რუსულ ვაქცინას, მრავალი კითხვითი ნიშანი და წაქცევამდე დარჩენილი ერთი ნაბიჯი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 881