ახლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ, გუშინ დავათვალიერე საწარმო, რომელიც ლანჩხუთში ახლახან გაიხსნა და აღფრთოვანებული დავრჩი. ეს გახლავთ აბრეშუმკომბინატი. იგი ევროპული სტანდარტებით მუშაობს და ულამაზეს აბრეშუმის ქსოვილებს უშვებს ასრულდა ჩვენი ბებიების ოცნება, ყაჭს დიდი მომავალი აქვს გურიაში. დიდი ხნის წინ ჩვენი ბებიები ოჯახური წესით, აწარმოებდნენ აბრეშუმის პაკს და ეს იდეა გურიაში მაშინაც გამართლებული იყო. სწორედ ამან აფიქრებინდა საწარმოს დამაარსებელს, რომ შესაძლებელი იყო ადგილობრივ ნედლეულზე დამყარებული ახალ საწარმოს შექმნა. პარკიდან ძაფი ამოდის, შემდეგ იქსოვება, მიმდინარეობს ქსოვილის ქიმიური გამოყვანა და საბოლოო სახის მიცემა _ შეფუთმა-მარკირება. ულამაზესი სანახავია, თანამედროვე საწარმოო ხაზები, რომელთაც არც ხმა აქვთ არც სპეციფიკური სუნი. ჩვენ ასევე გავესაუბრეთ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სამუშაო პირობებით და ხელფასით კმაყოფილი არიან, ამ საწარმოში ნაწარმოები დელიკატური აბრეშუმის ქსოვილები ევროპის ბაზრებზე იყიდება, ასევე ადგილობრივ სამკერვალო საწარმოებსაც მიეწოდება, ულამაზეს ტანსაცმელს კერავენ დიზაინერები.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბოლო დროს ჩვენს პატარა ლანჩხუთში რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა, ესაა წვენების, ხილ-პროდუქტებისა და სხვა ადგილობრივი საწარმოები. დასაქმების პრობლემა თითქმის მოხსნილია ხელფასებიც დამაკმაყოფილებელია. სოფლის მეურნეობაშიც დიდი წინსვლა გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა ადგილობრივ სასათბურე მეურნეობებში ხდება, ერთი გოჯი მიწაც არ დარჩება მალე დაუმუშავებელი, რადგან დაბალპროცენტიანი სესხების საშულებით ბევრმა შეიძინა ტრაქტორები, კულტივატორები და სხვა სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა.
ბევრი დაუბრუნდა საკუთარ კერას და სოფელი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.
ლანჩხუთის თავისი სოფლებით და შემოგარენით ისე გალამაზდა, უცხოეთიდან დაბრუნებულები ვეღარც კი ცნობენ, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი მარტო ლანჩხუთში არ ხდება, საქართველოს ეკონომიკა იმდენად გაიზარდა, რომ ევროპის ქვეყნებს ნელ-ნელა ვემსგავსებით, მალე აფხაზეთსაც და ოსეთსაც დავიბრუნებთ მთავარი ხომ მაინც ეკონომიკაა.
და კიდევ რა ხდება ამ ჩვენ პატარა ლამაზ ლანჩხუთში?
აჯანყებული გურულის ძეგლი დატოვეს, არ აუღიათ, იგი იმდენად კმაყოფილია, ხელმეორედ აჯანყებას აღარ აპირებს. მისი მიმდებარე ქალაქის ხედი სრულიად შეიცვალა. იქ, სადაც ძველი ბაზარი იყო, უზარმაზარი, თანამედროვე სტანდარტების ბაზარი გაიხსნა, ძველი საავადმყოფოს ადგილას ახალი უახლესი კაბინეტ-ლაბორატორიებით აღჭურვილმა საავადმყოფომ დაიდო ბინა.
კიდევ ერთი რამე უნდა გითხრათ, ახლა საჯარო სამსახურში მუშაობა ბევრს აღარ უნდა, იმიტომ რომ, ხელფასები ყველაზე დაბალია. კერძო წარმოება და ბიზნესი კი უფრო მომგებიანია. დაგვავიწყდა ის პერიოდი კომუნისტების დროს რომ მივსტიროდით. მთავარი ისაა, რომ თუ საკუთარი ბიზნესი არ გაქვს, ყველგან შეიძლება დასაქმდე. ახლა არავინ აღარ მიდის უცხოეთში სამუშაოდ, ახალგაზრდები სწავლის გასაგრძელებლად, სპეციალობის დასაუფლებლად და სხვა საჭიროებისთვის რამდენიმე წლით მიემგზავრებიან, არც ბერიგაზდები ვამბობთ უარს სხვა ქვეყნების დათვალიერებაზე საკუთარი დანაზოით ამასაც ვახერხებთ.
საზღვარგარეთ დარჩენას ბევრი ახალგაზრდა კი ცდილობს იმიტომ, რომ აქაც მშვენივრად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. წელიწადის ოთხივე დროს უამრავი ტურისტი ჩამოდის, მუშაობენ კაფეები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები.
ჩვენ, უკვე ძველი თაობის ადამიანები, ერთმანეთს ხშირად ვხვდებით ვიწრო წრეში და მაინც ტკბილად ვიგონებთ რაც გამოვიარეთ. მერე ყველანი ერთად ვიძირებით ამ მოგონებებში და ამასობაში მეღვიძება... დღეს პირველი აპრილია, მეგობრებო!
მაია კუკულაძე
იყო და არა იყო რა...

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 819