დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო და უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და ძალიან მტკივა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართული საზოგადოება გაერთიანების ნაცვლად, ისევ ორ ნაწილად გახლეჩილი დატოვა. ერთ მხარესაა ხელისუფლება და მისი მომხრეები, მეორე მხარეს ხელისუფლების ოპონენტები. ორივე მხარე მოელის ცვლილებებს, რომელიც თავისთავად აშინებს უფრო ხელისუფლებას, რომელსაც სულაც არ სურს რამე ისე შეიცვალოს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნას. თუმცა ფაქტია, რომ შეიცვლება და სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. ხელისუფლებას და მის მომხრეთა უმეტეს ნაწილს სულაც არ სურს უკრაინელთა გამარჯვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტალღა აუცილებლად დაატყდება თავს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხლაფორთობს, ზედმეტად ფრთხილი პოლიტიკით ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს და არც დასავლეთი მოიმდუროს. აქამდე ეს თითქოს გამოსდიოდა, მაგრამ ამ ომმა არჩევანის საშუალება შეამცირა. ხელისუფლება და მისი მომხრეთა დიდი ნაწილი უკვე ნათლად ხედავს, რომ თუ უკრაინამ და დასავლეთმა გატეხეს რუსეთი, მაშინ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია. ჰოდა, რა ქნან, ცდილობენ ზედმეტად არ გამოჩდნენ, უფრო მეტიც, შეფარულად რუსული მხარე დაიჭირონ და ლამის ილოცონ რუსული გავლენის გაძლიერებაზე, შემდგომ კი მათთან ჩვეული კაპიტულანტური ლაქუცით ეცადონ არსებული სახელისუფლებო გავლენების სტატუსქვოს შენარჩუნება. ამიტომაცაა ხელისუფლება კურდღლური ფსიქოლოგიით რომ მოქმედებს და ამას პრაგმატულ პოლიტიკას არქმევს, აქეთ ომით გვაშინებს, ვითომ ვინმეს სურდეს აქ ომი და მთლად რომ არ გაიშიფროს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას წმინდა ჰუმანიტარული მიზნით გამოხატავს. არა, სხვა მხრივ ქმედება არც შეუძლია, მაგრამ რომც შეეძლოს, არ იზამს, არ გარისკავს არანაირად, რატომ გააღიზიანებს რუსეთს? რისთვის?
მეორეს მხრივ, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ცვლილებები სურთ და ამ ეტაპზე ისინი გაცილებით სწორ და მომგებიან პოზიციაზე დგანან. ცხადია, რომ ამ ომში რუსეთის დაჩოქება და უკრაინასთან ერთად დასავლეთის გამარჯვება საქართველოს ნათელი მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამეთუ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეს ერთადერთი შანსია. ჰოდა, ოპოზიცია მკაფიოდ და ცხადად მხარს უჭერს უკრაინას და მის ხალხს, რაც სხვა ცივილურ საზოგადოებასთან ერთად დგომას და შემდგომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ნიშნავს. ჰოდა, ძალაუნებურად სიმართლის მხარეზე მყოფი ოპოზიციური სპექტრი გადამწყვეტ ბრძოლაში შედის და უკრაინის გულშემატკივრობას ხომ ხმამაღლა აფიშირებს, მოქმედ ხელისუფლებასაც მკაფიოდ უპირისპირდება. სხვა გზა აქაც არაა, უკრაინის წარუმატებლობა თავისთავად წერტილს დაუსვამს საქართველოს დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ განვითარებას.
სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ნაღდად არ მეგონა მოვიდოდა დრო, როცა რუსების წინააღმდეგ ერი ერთიანი და შეუპოვარი არ იქნებოდა.
დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 743