ახლოვდება დღე, როცა ყველა ჩვენგანს მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე.
რა თქმა უნდა, შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ნორმალური მოქალაქე თავს აარიდებს ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას, რასაც არჩევნები ჰქვია.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, არსებული სიტუაციის, გარემოს გამო მეტად ინდიფერენტულადაა განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ, შესაბამისად უიმედოცაა და აღარ სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე რაიმე თავის სასარგებლოდ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ყველამ თავისი წილი უნდა დადოს მომავლის საკეთებლად, რისთვისაც ამ არჩევნებს, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მნიშვნელობა აქვს.
...და შეიცვლება, უთუოდ შეიცვლება!... წინსვლას, აღორძინებას, განახლებას პიროვნება ემსახურება და არა მასა. მოგიწოდებთ, არ ჩათვალოთ თავი მასის ნაწილად, თქვენ ხომ პროგრესული ადამიანი ხართ, გონიერი... გონება კი იმისთვის გვაქვს, გავიგოთ, რატომ ხდება ის მარცხი, რაც ჩვენს ირგვლივაა; გონება იმისთვის გვაქვს, არ დავემორჩილოთ მათ, ვისაც ჩვენი მართვა სურს თავის სასარგებლოდ; გონება იმისთვის გვაქვს, რომ ნათელ, სწორ გზაზე გავიდეთ; ბევრჯერ მოტყუებულმა, იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ. გონება ღმერთმა გვიბოძა და სწორედ ის გვავალდებულებს არ დავნებდეთ, არ დავეშვათ ქვემოთ,უფსკრულისკენ, საიდანაც ამოსვლა უკვე ძალიან გაგვიჭირდება;
გონება იმიტომ გვიბოძა ღმერთმა, რომ გონიერად ვიცხოვროთ და არა ისე, რომ პრობლემის არსებობა სხვას გადავაბრალოთ. ყველამ თავისი წილი უნდა გაიღოს ქვეყნის სასარგებლოდ... ქვეყანა შენი ოჯახია, ჩემი ოჯახია, მისი ოჯახია... მისი და მისი... და თუ ყველანი კარგად არ ვიქნებით, ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს. და თუ ქვეყანა ვერ სუნთქავს, სუნთქვა ყველა ნორმალურ ადამიანს უჭირს... და თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ნორმალურად სუნთქავს, ცდება. ეს შეუძლებელია... ეს მხოლოდ მოჩვენებითია, მეტი არაფერი... არ გისურვებთ მოჩვენებებით სავსე გარემოში ცხოვრებას! არ გისურვებთ!..
ნონა გიგინეიშვილი
მოგიწოდებთ, არ ჩათვალოთ თავი მასის ნაწილად!
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 024



