ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჰო და არას“ ჭიდილი გრძელდება ჩვენს ქვეყანაში

11-08-2021, 11:00

წლების წინ, როცა გაზეთი „ჰო და არა“ დაფუძნდა, ვწერდით, რომ იგი შეიქმნა ხალხისთვის, მისი ჭირისა და ლხინის გასაზიარებლად, სამზეოზე გამოსატანად. მას შემდეგ ამ პრინციპით ვცხოვრობთ და ვსაქ­მიანობთ, რის გამოც მასთან ერთად არაერთხელ აღმოვჩენილვართ პრობლემების წინაშე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან არასდროს დაგვ­იხევია, არ მიგვიფუჩეჩებია ვინმეს გაჭირვება. პირიქით, ჩვენად ჩაგვით­ვლია იგი და მათთან ერთად გვიბრძოლია სამართლის საპოვნელად თუ გაჭირვების დასათრგუნავად.
იმ მძიმე წლებში ჩვენი გაზეთი, რომლის მასპინძელი თავიდანვე რაიონის თითქმის ყველა სოფელი გახდა, ნუგეშად მოევლინა შეჭირვებულ მოსახლეობას. ადამიანები ელოდნენ „ჰო და არას“, რადგან იცოდნენ, რომ აქ წაიკითხავდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავად გააჩნდათ, გაიზიარებდნენ სხვათა გაჭირვებას და დალხინებას.
ჩვენი გაზეთის  ფურცლებზე ითქვა ყველა მოვლენის შესახებ, რომელიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანი იყო. უკიდურესად მძიმე პირობებში იქმნებოდა გაზეთის ყოველი ნომერი. ეკონომიკაშერყეულ ქვეყანაში, რა გასაკვირია, რომ საგაზეთო საქმე ჭირდეს. ჰოდა, ამ გაჭირვებით მოვედით დღემდე, შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ - ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამა­რთლიანობაა. სწორედ ამ პრინციპში დევს ის, რამაც სხვადასხვა დროს მრავალი წინააღმდეგობა გადაგვალახინა. ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენი პატიოსნება ჩვენი ყველაზე დიდი საყრდენია.
ღმერთმა და კაცმაც იცის, რომ არასოდეს გავყიდულვართ არც მცირე და არც დიდ საქმეში. ხალხის ნებას გამოვხატავდით მუდამ, ასეა დღესაც;
მკაცრი სიმართლის დაუმალაობის გამო ხშირად გაგვინაწყენებია ესა თუ ის ჩინოვნიკი, თუმცა დამდგარა დრო და უღიარებიათ, რომ სწორედ ამ სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და იმის გამო, რომ ბოღმა არ დევს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ არც ერთ წერილში, თავადაც გვაფასებენ. ჰო და არას ჭიდილი გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. ამ ჭი­დი­ლში ყველა ქართველს თავისი როლი აქვს. თუმცა ჭიდილის შედეგები ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ იძულებაც არსებობს, რომელიც გულგრილობის საშუალებას არავის მისცემს.
„ჰო და არა“ კიდევ ერთხელ ეხმიანება თავის მკითხველს და შეახს­ენებს, რომ რედაქცია მუდმივად თქვენს სამსახურშია. იგი არასოდეს დაარღვევს თავის მთავარ პრინციპს - სამართლიანობასა და ობიექტურობას. გჯეროდეთ ჩვენი, მოგვმართეთ, უყურადღებოდ არ დავტოვებთ თქვენს არც ერთ პრობლემას, მობრძანდით რედაქციაში, მოგვწერეთ, დაგვირეკეთ!
უახლოესი თვეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. საორჭოფო და გასათვალისწინებელი ბევრი რამ არის. თქვენი აზრი მისწრაფებები მნიშვნელოვანია, ამიტომაც გთხოვთ ამ კუთხითაც გამოგვეხმაუროთ; მოგვწერეთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა მოთხ­ოვნებს უყენებთ ხელისუფლებას; რა მოგწონთ და რა არ მოგწ­ონთ მის საქმიანობაში. როგორი გინდათ იგი იყოს, რა ნიშნის მიხედვით არჩევდით ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს იგი, რა უნდა გაკეთდეს რაიონში, თქვენი აზრით, რა იყო შესაძლებელი გაკეთებულიყო და რატომ არ გაკეთდა? რა იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ამისათვის? რა თვისებებია საჭირო ხელისუფლებისათვის, რომ საქმე უკე­თესად წავიდეს? კიდევ მრავალი რამის შესახებ შეგიძლიათ გამოგვ­ეხმაუროთ. ხალხის პოზიციას სწორედ რომ, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, ხალხია მმართველი ძალა. სწორედ მან, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მართოს ხელისუფლება და არა პირიქით.
„ჰო და არა“ კიდევ ერთხელ გიცხადებთ სიყვარულს და გელით!
გვიგულეთ თქვენს სამსახურში!
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 852
FACEBOOK კომენტარები