ეს ჩანაწერი 2009 წელს დაიწერა. რა სამწუხაროა, რომ დღესაც იგივე ტკივილის, დღესაც იგივე განსაცდელის წინაშე ვდგევართ.
***
1989 წლის 9 აპრილიდან მეოცე გაზაფხული გადის.
ისევ შიშნარევი მოლოდინი დგას, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ მაშინ ერთნი ვიყავით და იმედიც მეტი გვქონდა, იმპერიას დავამარცხებდით, თავისუფალი ვიქნებოდით. ახლა პოლიტიკური ელიტა იმ უვარგის ფეხბურთის გუნდს დაემსგავსა, ყველა თამაში რომ წააგო, არც ერთ ტურნირში აღარ ათამაშებენ და ისღა დარჩენია, შუაზე გაიყონ და ერთმანეთს ეთამაშონ. ერთმანეთის მორევაში ჯერ კიდევ მაგრები ვართ.ოც წელიწადში გავაჩანაგეთ მთელი ქვეყანა. ტერიტორიები გავანახევრეთ, რაც დაგვრჩა ისიც უცხოელებს მივყიდეთ, მალე დროშის დასასობი ადგილი აღარ დაგვრჩება. იქამდეც მივედით, რომ დროშასაც ვეღარ ვაკეთებთ თავად. დროშისთვის საჭირო ნაჭერი ჩინეთიდან შემოგვაქვს, ტარი თურქეთიდან, საღებავი გერმანიიდან, ან სულაც გამზადებული ჩამოგვდის უცხოეთიდან. ერთი წარმოება აღარ შემოგვრჩა, ბაღ-ვენახებსა და ჩაის პლანტაციებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მგელი და ტურა დაბრუნდა დატყიურებულ პლანტაციებში, მაგრამ ვაი, საცოდაობავ, ქართული მგელიც აღარ შემოგვრჩა და უცხოეთიდან შემოგვყავს.
ისე, მგელზე გამახსენდა, მგელი მოდისო, ძაღლებმა ერთმანეთთან ბრძოლას თავი ანებეს და მგელს გამოუდგნენ. ჩვენ რაღა გვჭირს, ძაღლებზე მეტი ჭკუა რომ არ გვაქვს, უპატრონო თხასავით რომ ვართ დარჩენილები მგლის შესაჭმელად.
ყველაზე მეტად ის ხალხი მეცოდება, ამ ოც წელიწადში ყველა მმართველი პარტიის წევრი რომ იყო და ახლა აღარ იცის რომელში შევიდეს და სად იშოვოს საღებავი ლურჯ მელიასავით...
ნონა გიგინეიშვილი
სად იშოვოს საღებავი ლურჯ მელიასავით?!
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 1 083



