ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ აღმოვჩნდით თქვენს ოჯახებში

12-04-2021, 11:26

გაზეთ ,,ჰო და არას“ გამოსულ ნომერთა რაოდენობამ 3200-ს  გადააჭარბა. თვეში 12-ჯერ შემოდის იგი თქვენს ოჯახებში და შემოაქვს ჩვენეული სუნთქვა, თქვენს გულის თქმასთან შერწყმული. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება თქვას ადამიანმა ჰო და რაზე _ არა.
ჩვენ საგაზეთო სქმე დავიწყეთ ცარიელ ადგილზე, თითქმის არაფრისაგან, _ ,,თუმცა არაფრისაგან არ იქნება არარაიცა“ _ ბრძანებდა შექსპირი. ჩვენს შემთხვევაში იყო უდიდესი ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული და ცხოვრება თავისი ,,დაუდგრომელის დუღილით“, რომელიც თავისკენ გვეძახდა. ჩვენ გავყევით ამ ძახილს და აღმოვჩნდით თქვენთან, თქვენს ოჯახებში.
ყოველი ნომერი ტკივილში გადასული შრომის ფასად იქმნებოდა.
ამ წლების მანძილზე რომ იცოდეთ რამდენი რამ აღმოვაჩინეთ _ გაღატაკებულა და ამის გამო დამწუხრებულა კიდევაც ქართული სოფელი; ნირი შეცვლია დიდსა და პატარას და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაშრეტილა სასოება ქართველთა; ჩინოსანთაგან უმრავლესობას არ ადარდებს იმ ხალხის ბედი, რომელთა ანგარიშზეც თავად სასახლეები უშენებიათ. მათ დავიწყნიათ, რომ ,,მამული თავისი ქონების ღობეს იქითაც არის“. არადა მამული ხომ სწორედ უბრალო ადამიანების ღობე-ყორეთი იწყება.
სწორედ თქვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის არსებობს ჩვენი გაზეთი _ თქვენს დასაცავად, საქომაგოდ და ჩვენ ბედნიერები ვართ, რამეთუ თავიდანვე გვაღიარეთ...
ტალახის სროლით და ურთიერთგანქიქებით სახელგანთქმულ საქართველოს შვილებს, რა თქმა უნდა, არ გაკვირვებიათ ჩვენს მიმართ მრავალგზისი ბრძოლა, ამრეზით თვალის მოდევნება. აგვიტანია და ავიტანთ ყოველივეს, თუნდაც იმ უდიდესი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც თქვენს მიმართ გვიკისრია, ჩვენო მკითხველო.
ისევე როგორც თქვენ, ჩვენც ერთიანი ძალისხმევით ვუძლებთ ურთულეს  დროს. სიკეთით და სიწმინდით ვდგამთ ყოველ ნაბიჯს,  უკან   მოხედვის   არ გვრცხვენია.
 ძნელია ეს საქმე, მაგრამ ,,სიძნელეშია ის საწყაოც, რომლითაც უნდა აიწყას გაზეთის ღირსება.“
დიდი იმედი გვაქვს სულ მალე ყველაფერი შეიცვლება...
და ჩვენ ვიქნებით ყველანი ბედნიერნი.
გამარჯვებას გისურვებთ ჩემო დებო და ძმებო, დედებო და მამებო, ახლობელნო და შორებელნო!
იკითხეთ ,,ჰო და არა“, რამეთუ იგი თქვენთვის იქმნება!
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 739
FACEBOOK კომენტარები