ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ კარგად ჩავუფიქრდებით, დავრწმუნდებით, რომ საქმე არ არის კარგად. ჩვენ ვდგავართ უდიდესი მარცხის წინაშე, რომლის მთავარი ხაზი გადის ხალხზე. დიახ, ხალხია ყოველმხრივ დაზარალებული, ხალხია ის, ვისაც ვერ გაურკვევია რა თამაშები თამაშდება ჩვენს ქვეყანაში, რა თამაშს ეწირებიან ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. არაერთისგან მოვისმინე, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მედია მუშაობს და ახლა მის გაჩერებასაც აპირებენო... სწორედ ამიტომ ხალხი თუ არ დადგა პრინციპულ პოზიციაზე, ამ მდგომარეობიდან ქვეყანა ვერ ამოვა. ქვეყანა, რომელიც ძლიერთა ამა ქვეყნისა, თავის ყანად მიაჩნიათ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ღმერთს ასე არ დაუწესებია. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფლებისთვის, თუმცა არჩევანის უფლებაც დაუწესა. დიახ, ადამიანი თავად ირჩევს გზას. ეს ან თავისუფლების გზაა, ან არ არის თავისუფლების გზა. თუ არა ხარ თავისუფალი, ხარ მონა. მონა კი ღირებულს ვერაფერს შექმნის. ჩვენ შეიძლება ამის გაცნობიერება და აღიარება არ გვინდა, თუმცა, რადგან თავისუფლება ბუნებრივი მოვლენაა, იგი მხოლოდ დროებით შეიძლება დაბორკოს, შეზღუდოს, კუთხეში მიიმწყვდიოს შავბნელმა, უკეთურმა ძალამ; ბუნებრივ მოვლენას ვერაფერი შეაკავებს, მას უდიდესი ძალა აქვს, მხოლოდ დროებით შეიძლება დადრგუნო და შეაჩერო, იგი ანგრევს და არღვევს ყველა წინააღმდეგობას და იმარჯვებს. ასე დაუწესებია ღმერთს... რაც ღმერთისგან არ არის, მას მომავალიც არა აქვს. მომავალი თავისუფლებაშია; მომავალი სიყვარულშია; მომავალი სწორად აზროვნებაშია;
აუცილებლად დადგება დრო, როცა თავისუფლებას ვიგრძნობთ. ეს ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება, მაგრამ იგი თავისით არ მოვა; არავის სურს ძალაუფლების დათმობა, იმ ძალაუფლების, რომელიც ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და დღეს მიტაცებულია...
ხალხი ძალაუფლებას დაიბრუნებს. ეს ბუნებრივი პროცესია.
ნონა გიგინეიშვილი
ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფლებისთვის, თუმცა არჩევანის უფლებაც დაუწესა
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 784