საქართველოს ყველა დროში ჰყავდა გამორჩეული შვილები, რომელთა მხრებზე იდგა ქვეყნის ავტორიტეტი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი იდევნებოდნენ, მათი ღვაწლი არ ფასდებოდა...
ფასდაუდებელ ადამიანებს, სწორედ მათი ფასის გამო, ხშირად ქვეყანას ატოვებინებდნენ, ხშირად კი ამ წუთისოფელსაც.
ქვეყნიდან გახიზნული ნაღდი ქართველები მაინც აკეთებდნენ თავის საკეთებელს. გადიოდა დრო და რაღაც ფორმით მათი ღვაწლი ფასდებოდა. ამ წუთისოფლიდან გასულნი კი იქედან ლოცულობდნენ თავის სათაყვანებელ ქვეყანაზე.
...და საქართველოს გაჰქონდა თავი...
ვაიქართველნი კი, რომელთა ავკაცობის გამო ხდებოდა ყოველივე, მხრებს იჩეჩავდნენ.
გრძელდებოდა ავკაცობა საქართველოში და დღესაც გრძელდება.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ბოროტისა და კეთილის მუდმივი ბრძოლის შესახებ. ბოროტება ძლიერია, მაგრამ კეთილი თავისი საზრისის გამო _ უძლიერესი. სწორედ ამიტომ იგი საბოლოოდ მაინც იმარჯვებს, რაც ქვეყნის სულზე აისახება. სწორედ ამ სულის გამო შემორჩათ ადამიანებს სხვადასხვა სულიერი ღირებულებები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა გაკვირვების უნარი. ჰოდა, უკვირთ ქართველებს დღესაც ბევრი რამ, მაგრამ ცხოვრება მაინც თავისას მიერეკება და მიაქვს მათი გაკვირვება, რადგან ხვალინდელი დღევანდელს ავიწყებს. რას შეიძლება გაეოცებინა ქართველი კაცი მას შემდეგ, რაც ბოლო წლების მანძილზე ხდება. რა დამოკიდებულებას, რა ავკაცობას, მაგრამ ავკაცობები გრძელდება, შესაბამისად ჩვენი გაკვირვებაც სახეზეა. ნეტავ სადამდე?!
ნონა გიგინეიშვილი
ავკაცობა საქართველოში
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 874