ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ არ გარეულა ჩვენს უბედურებაში?!

14-07-2021, 11:31

1993 წელს  აკაკი ბაქრაძე წერდა: ,,არგონავტების ლაშქრობიდან მოყოლებული დღემდე ტანჯვა-წვალებით, ვაი-ვაგლახით, ჭაპანწყვეტით გამოვიარეთ სისხლითა და ვარამით სავსე გზა. რა არ მომხდარა და რისი მოწმე არ ყოფილა ჩვენი ხალხი: დაპყრობა, რბევა-აწიოკება, აყრა-გადასახლება, ადამიანით ვაჭრობა, გაყიდვა-ღალატი, ერთი სიტყვით, ყველა ბოროტმოქმედება, რაც კი ადამიანს ხელეწიფება. ვინ არ გარეულა ჩვენს უბედურებაში, მტერი თუ მოყვარე, გარეშე თუ შინაური, მომხდური თუ დამხდური, გადამთიელი თუ კარის მეზობელი. 
ამ მწარე ისტორიამ წელში გატეხა უნებისყოფო, სუსტი ფსიქიკის ადამიანები. წარმოშვა ლუარსაბ თათქარიძეები, თეიმურაზ ხევისთავები, კვაჭი კვაჭანტირაძეები, ყვარყვარე თუთაბერები... ნებით Yთუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად ისინი უნდობლობას თესავენ ჩვენი ეროვნული ენერგიის მიმართ, სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ავრცელებენ, სიხარულს სპობენ...”
ვინ არ გარეულა ჩვენს უბედურებაში _ თითქმის 40 წლის წინ წერდა მწერალი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, აკაკი ბაქრაძე. 
რა სამწუხაროა, რომ ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, ძალზედ თანადროულად ჟღერს. რა სამწუხაროა, რომ ზემოთაღნიშნულ დიდ გულისტკივილებს დღესაც არ გასვლია ყავლი... რა სამწუხაროა...
ყველა გონიერი ქართველი დღეს არ შეიძლება მწუხარე არ იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. არ შეიძლება არ ფიქრობდეს _ რა იქნება შემდეგ, რას გვიქადის მომავალი, რა ელის ჩვენს ქვეყანას, რა ელის ჩვენს შვილებს...
ხელისუფალმა და არახელისუფალმა ერთი რამ უნდა შეიგნოს _ ეს ქვეყანა მათი სათრევი არე არ არის. 
 ეს ქვეყანა ჩვენი ამქვეყნიური საცხოვრისია, სადაც მშვიდობით და ღირსებით უნდა განვვლოთ ჩვენი წუთისოფელი. 
დრო არ პატიობს... 
დრო ალაგებს, დრო საზღვრებს ადებს!...
            ნონა გიგინეიშვილი
   

გადასვლები: 766
FACEBOOK კომენტარები