ლანჩხუთის კულტურულ ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შეემატა. გამომცემლობა შპს „ჰო და არა“-ში გამოიცა ნიჭიერი ავტორის, სოფიო ჩხაიძის, წიგნი „ფრაგმენტები“. წიგნის გამოცემა ავტორისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, რომელიც ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტის გამგემ, მაია ჭანტურიამ მოუწყო ,,ა(ა)იპ ლანცხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის, გოდერძი ქურიძესთან ერთად.
„ფრაგმენტები“ სხვადასხვა დროს შექმნილ ჩანაწერებს აერთიანებს. თუმცა ეს მხოლოდ მოგონებების კრებული არ არის. წიგნის თითოეულ გვერდზე იგრძნობა ბავშვობის სურნელი, სოფლისა და ქალაქის ცხოვრების რიტმი, ადამიანური ურთიერთობების სითბო, ტკივილი, სიხარული და ის ღირებულებები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ფასეული ხდება.
სოფიო ჩხაიძე გამორჩეული მთხრობელია. მისი თხრობის სტილი ბუნებრივი, უშუალო და გულწრფელია, გურული იუმორითა და კოლორიტით გაჯერებული. ავტორი საოცარი ოსტატობით აცოცხლებს ჩვეულებრივ ამბებს, რომლებიც მის კალამში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მკითხველს ერთი ამოსუნთქვით აკითხებს წიგნს.
სოფოს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი ტრანსპლანტოლოგი, ექიმი კახა ქაშიმბაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოფიო ჩხაიძეს ღვიძლის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა, და მისი ინდოელი კოლეგა, რომელმაც საქართველოში ღვიძლის გადანერგვის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ საქართველოში ღვიძლის ერთ-ერთი პირველი ოპერაცია სწორედ ლანჩხუთელ პაციენტს ჩაუტარდა, რაც ამ შეხვედრას კიდევ უფრო სიმბოლურს ხდიდა. სტუმრებმა დაათვალიერეს ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, შემდეგ კი ჯიხეთის მონასტერს ესტუმრნენ, სადაც ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა ახლოდან გაიცნეს. შემდეგ სტუმრებს ავთო თურქიამ ,,თანდილას მარანში“ უმასპინძლა.
სოფიო ჩხაიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც წიგნის გამოცემაში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა. „ფრაგმენტები“ მხოლოდ წიგნი არ არის – ეს არის გულწრფელად ნაამბობი ცხოვრება, ადამიანებზე სიყვარულით დაწერილი ისტორიები, გურული ხასიათისა და ქართული სულის ამსახველი ლიტერატურული სამყარო, რომელიც მკითხველს საკუთარ მოგონებებთანაც აბრუნებს. სწორედ ამიტომ, ეს გამოცემა, უდავოდ, ღირსეულ ადგილს დაიკავებს სოფიო ჩხაიძის შემოქმედებაში და ბევრ გულშემატკივარს შეიძენს.
„ფრაგმენტები“ – წიგნი, რომელიც მოგონებების, ადამიანური ურთიერთობებისა და გურული სულის ამბავს გვიყვება
განყოფილება: ---
გადასვლები: 26



