– გაზი 10 თეთრი ეღირებაო! მაშინ ეს ფაქტი საქილიკო თემადაც კი აიტაცეს, ეს არარეალურია და თვითმმართველობის არჩევნების ეს საკითხი ვერ მოგვარდებაო. იყვნენ ისეთებიც, რომნლებიც ამბობდნენ, ხომ კარგი დაპირებაა, ვიცით ტყულია, მაგრამ კარგიაო! ასე იყო თუ ისე, დაპირებულ შესრულებას იმანაც შეუშალა ხელი, რომ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო და შესაბამისად, სხვას დარჩა `ბურთი და მოედანი~. ამის შემდეგ გადის 2 წელი და პოლიტიკაში ახალი ძალა, `ქართული ოცნება~ ერთვება, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი და მისი განახევრება შესაძლებელიაო. როცა გამარჯვება მოვიდა, აღმოჩნდა, რომ განახევრება შეუძლებელი ყოფილა. თუმცა, ტარიფის შემცირება მაინც მოხდა და 5 თეთრით გაიაფდა ბუნებრივი აირის ღირებულება. ლარის კურსის ცვლილებამ უკვე სერიოზული საფრთხეები გამოიწვია. ფასების მატება თითქმის ყველაფერზე მოხდა და შესაბამისად, მოსალოდნელია ბუნებრივ აირზეც. მართალია, თავიდან ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არ მოხდებაო, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებამ ამის წინა პირობა გახდა. სემეკმა უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: `შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და 43-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2017 წლის 9 მარტის 17/4 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2005 წლის 30 დეკემბრის ¹30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად. კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად განსაზღვრულია 2017 წლის 28 ივლისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2017 წლის 6 აპრილის 18:00 სთ.~ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს. მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით. `შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე, მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ამას მარეგულირება დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს. თქვენ იცით, რომ ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ხდება უცხოურ ვალუტაში გადახდა. ასე რომ, არის იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა უნდა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით~, _ აღნიშნა კალაძემ. `ჰო და არასთან~ საუბარში სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ გაზის ტარიფი აუცილებლად გაზვირდება: `ეს გარდაუვალია, 7-8 თეთრით აუცილებლად მოხდება მატება. ეს ფაქტი არა მგონია ვინმეს ესიამოვნოს. ვერ გეტყვით რისი ბრალია ეს ყოველივე, ზოგადად დოლარის კურსია მთავარი, მაგრამ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, მოხდება გაერთიანება ძველი და ახალი აბონენტების, ეს უკვე ენერგეტიკის სამინისტროს თემაა.~ როგორც ცნობილია, ე.წ. ახალი აბონენტები უფრო მეტს იხდიან მოხმარებულ აირზე, ვიდრე წლების წინ დარეგისტრირებული აბონენტები. როგორც ჩანს, სწორედ ამის გაერთიანება მოხდება გაძვირებული ტარიფის ფონზეც. `ჰო და არასთან~ საუბარში ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი ტარიელ კალანდარიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების უგუნურობის ბრალია. `სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები ნამდვილად ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივია. არაერთგზის მითქვამს, რომ შეიძლება წინასაარჩევნო დაპირებები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ 100%-ით ხალხს ვერ შეუსრულოს, მაგრამ სრულად მოატყუოს და სოციალური ფონი გაჯანსაღების ნაცვლად კიდევ უფრო დაამძიმოს - ეს დანაშაულის ტოლფასია. ტარიფების შემცირების ნაცვლად მათ კიდევ უფრო გაზარდეს ფასები ენერგომატარებლებზე, მათ შორის ზრდიან გაზის ფასსაც, ამასთან მისმა ხარისხმა მოიკლო და შესაბამისად ხარჯმა მოიმატა.~ _ ამბობს კალანდარიშვილი. იგი ასევე საუბრობს მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე: `იგივე სიტუაციაა ელენერგიის ტარიფთან დაკავშირებით, აქაც ფასსაც მოუმატეს დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით და ესეც აბსოლუტურად არალოგიკურია, რადგან ვინც მეტს მოიხმარს შენს პროდუქციას, იმას შედარებით მისაღებ და დაბალ ფასში უნდა მიაწოდო შენი საქონელი. ასეთი პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა, რადგან მაქსიმალურად ჩაუძვრენ ხალხს ჯიბეებში და წარმოებას განვითარების საშუალება არ მისცენ, ამასთანავე საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დენის მრიცხველები არასწორად, ხშირ შემთხვევაში გაორმაგებით წერს დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას და მრავალი განცხადება-საჩივარი არის შესული სხვადასხვა ინსტანციებში და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ხოლო დასრულებული პროცესების დიდი ნაწილი მოსახლეობის გამართლებით დასრულდა. ეს აუცილებლად ყურად უნდა იღოს რაიონის მაჟორიტარმა ხელმძღვანელობამ, თემის მაჟორიტარებმა და უნდა დააყენონ საკითხი როგორც რაიონის ხელმძღვანელობის, ისე `ენერგო-პრო ჯორჯიას~ ხელმძღვანელობის წინაშე, ამიტომ არიან ისინი არჩეულ-დანიშნულები~. ლანჩხუთის მთავარი `ლეიბორისტი~ მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი იზრდება და შესაძლოა ვადამდელი არჩევნებიც ვიხილოთ: `თითქოს პურის ძველ ფასს `კბილებით ინარჩუნებენ~, მაგრამ მისმა წონამ და მოცულობამ ისე მოიკლო, რომ ლამის ხელის გულში ჩაეტიოს და მრავალი სხვა. ყოველივე ზემოთქმულიდან და კიდევ მრავალი მიზეზების გამო საზოგადოებაში დაგროვდა ის უარყოფითი მუხტი, რომელმაც ჰპოვა გამოხატულება იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქში სიტყვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, იმ ქმედებებში, რომელიც გუშინ მოხდა ბათუმში და კაცმა არ იცის კიდევ როდის სად ამოხეთქავს ხალხის ეს საპროტესტო მუხტი. ძალადობა, ქვების სროლა და სხვისი ქონების დაწვა-დაზიანება ნამდვილად მიუღებელია, მაგრამ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: ხომ არ არის ამ პროცესების გამომწვევი მიზეზები მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაში და ხომ არ უნდა მიიღონ გადამჭრელი ზომები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიზეზები, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებონ, თორემ თუ ასე გააგრძელეს, ვეჭვობ, რომ მათ საკუთარი `მოღვაწეობის~ ეს საარჩევნო ვადა ბოლომდე მიიყვანონ.~ _ დასძენს ტარიელ კალანდარიშვილი.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0