ამის შესახებ აბონენტების უმრავლესობა საუბრობს. ის რაც, დეკემბერში მცირედით იყო მომატებული, იანვრის თვემ უფრო აშკარად გამოაჩინა. მოსახლეობა გახშირებულ გრაფიკებსაც უჩივის და ხელისუფლებას იმ დანაპირებს ახსენებს, როცა შუქსა და ბუნებრივ აირზე ტარიფის განახევრებას თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავდნენ. მართლაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიაზე საფასური უნდა განახევრებულიყო, ხოლო ბუნებრივი აირის თითქმის 60 თეთრიანი ტარიფი, 40 თეთრამდე მაინც უნდა დაკლებულიყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ `ოცნებამ~ აღმოაჩინა, რომ მთლად ასე ვერ მოხდებოდა და შუქი 3 თეთრით, ხოლო გაზი 5 თეთრით შეამცირა. მას შემდეგ, რაც ლარმა რყევები დაიწყო და `აშენებული~ ფარიკა-ქარხნებიც არსად გამოჩნდა იძულებული გახდნენ სატარიფო განაკვეთებისთვის გადაეხედათ. შუქის საფასური სააკაშვილის ხლისუფლების დროინდელ ტარიფს დაუბრუნდა, ხოლო ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის შენარჩუნდა. კომერციულ სექტორს კი ცოტათი გაუძვირდა. ბოლო ხანებში ნაგვის გატანის გადასახადიც დაემატა `ფულიან~ ლანჩხუთლებს, ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრი. მართალია, დასუფთავების გადასახადი ლანჩხუთში წლებია შემოღებულია, მაგრამ გურულები მისი გადახდის გარეშეც გადიოდნენ ფონს. ბოლო თვეებში აქტიურად მიდის საუბარი, რომ შუქისა და ბუნებრივი აირის საფასური ლარის დაცემას ვერ გაუძლებს და გაიზრდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნურად შენარჩუნებული ტარიფი ენერგოსისტემას მთლიანად დაანგრევს და ამის წინაპირობა უკვე დაწყებულია, ხშირი გათიშვები. რამდენიმე აბონენტმა `ჰო და არას დახმარებისთვის უკვე მომართა: `დეკემბერში რომ გაზრდილი გადასახადები მოგვივიდა, ვიფიქრეთ, რაღაც შეცდომაა-თქო, მაგრამ რად გინდა, ჩვენი გადასახდელი დარჩა. იანვრის თვემ საერთოდ რეკორდი მოხსნა. თუ წინა თვეებში 10-15 ლარის ფარგლებში მოგვდიოდა ელ.ენერგიის საფასური, ახლა 30-35 ლარია. 2-ჯერ მეტის დახარჯვა ცოტა უხერხულია. ამბობენ, საახალწლო დღეების გამო მოხდა მეტი ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარებაო, ეს დღეები 3-4 დღეს გრძელდება და თვეზე 2-ჯერ მეტი როგორ გამოვიდა?! ხშირად არის გათიშვები. უცებ ჩაქრება შუქი და არავინ გვაფრთხილებს, რომ შეიძლება ამან დაგვაზარალოს.~ სახელმწიფო უწყებებში ამბობენ, რომ დარიცხული გადასახადები გაზრდილი იმიტომ არის, რომ მეტია მოხმარება. მოსახლეობამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, რაც მეტია მოხმარებული ელ.ენერგია მით უფრო მეტია ერთ კილოვატ საათზე გადასახდელი თანხა. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მოხმარება დაბალი ტემპერატურის გამო გაიზარდა და აქაც არ შეცვლილა სამომხმარებლო ტარიფი და არც მოკლე ხანებში იგეგმება. გიორგი დარჩიაშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0