გაზეთ „ჰო და არას“ ერთგულ ადამიანებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვისაუბროთ ია ღლონტზე, რომელიც უკვე წლებია ქალაქ ლანჩხუთის დიდ უბანს ემსახურება და ,,ჰო და არა“ მკითხველამდე მიაქვს.
ია მხოლოდ გაზეთის გამავრცელებელი არ არის. ის ჩვენი საქმის ნამდვილი თანამოაზრეა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის ურთიერთთანადგომის ფასი. როცა რომელიმე გამავრცელებელს უჭირს, ავად ხდება ან დახმარება სჭირდება, ია ყოველთვის მზად არის, მის ნაცვლადაც შეასრულოს საქმე და გაზეთი მკითხველამდე მიიტანოს. ეს არაერთხელ გაუკეთებია და სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი და საიმედო ადამიანი.
მას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, გულისხმიერება და საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ მოვალეობით არ აიხსნება _ ეს შინაგანი კულტურისა და ადამიანური ღირსების გამოხატულებაა.იას მშობლები გახლდათ ღირსეული ადამიანები: ქალბატონი ეთერი გოგუა და ბატონი ვანო ღლონტი. ეთერი გოგუა შესანიშნავი პედაგოგი იყო, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა. დღესაც ბევრს ახსოვს იგი, მადლიერებით იხსენებენ მის ამაგს და კეთილი სიტყვით მოიხსენიებენ. ადამიანის ნამდვილი დიდებაც ხომ სწორედ ეს არის - წლების გასვლის შემდეგაც დარჩეს ადამიანების გულებში.
ია ოთხი შვილის დედაა, ჰყავს კარგი მეუღლე; გვერდში მდგომი უახლოესი ადამიანები: თამარ ფირცხალაიშვილი-ჩემია და გოჩა ჩემია. ია ოჯახური პასუხისმგებლობის მიუხედავად, გულითა და სულით ემსახურება ჩვენს საქმეს. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი მოვალეობის შესრულება, არამედ რედაქციის გვერდით დგომა, სხვების დახმარება და იმ საერთო საქმის დაფასება, რომელსაც წლებია ერთად ვემსახურებით.
ჩვენ გვახარებს იას თანადგომა, გვაძლიერებს მისი ერთგულება და გვეიმედება მისი ადამიანური სიკეთე.
მადლობა, ია, რომ ასეთი ხარ! მადლობა შენი შრომისთვის, გულისხმიერებისთვის, თანადგომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, ოჯახურ სიმტკიცესა და წარმატებას. ღმერთმა კარგად და ბედნიერად გამყოფოს შენ, შენი მეუღლე, შვილები და ყველა საყვარელი ადამიანი. შენი შვილების წინსვლამ და წარმატებამ მუდამ გაგახაროს და გაგაძლიეროს!
ჰო და არა
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ია ღლონტი-ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის გვაქვს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 72



