ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ სასტამბო საქმის ერთგული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი

გუშინ, 13:05

 ალეკო ქურიძის ცხოვრება და შრომა იმ ადამიანების ისტორიას ეკუთვნის, რომლებმაც თავიანთი პროფესია უბრალოდ სამსახურად კი არა, ცხოვრების მთავარ საქმედ აქციეს. იგი გაზეთ „ჰო და არას“ გამომცემლობის მთავარი სპეციალისტია, ადამიანი, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სასტამბო საქმიანობას მიუძღვნა. მისი პროფესიული გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ სტამბაში დაიწყო. მას შემდეგ წლები გავიდა, შეიცვალა დრო, ტექნოლოგიები, სამუშაო პირობები, მაგრამ ალეკო ქურიძის ერთგულება საყვარელი საქმისადმი უცვლელი დარჩა. როდესაც „ჰო და არას“ გამომცემლობა შეიქმნა, ალეკო აქაც თავისი პროფესიული გამოცდილებითა და საქმის ცოდნით დადგა. მას კარგად ესმის სტამბის მუშაობის ფასი, იცის, რამდენი ყურადღება, სიზუსტე და პასუხისმგებლობა სჭირდება თითოეულ დეტალს. იგი არის სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება წლების შრომით აქვს დაგროვილი და რომლისთვისაც ხარისხიანად შესრულებული საქმე პირადი ღირსების საკითხია. ალეკოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ისიც არის, რომ ცოდნას თავისთვის არ იტოვებს. წლების განმავლობაში არაერთ ახალგაზრდას გაუზიარა გამოცდილება, ასწავლა სასტამბო საქმიანობის თავისებურებები და პროფესიის სიყვარული გაუღვივა. დღესაც მზად არის, დაეხმაროს მათ, ვინც ამ საქმეს ეუფლება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა არ დაიკარგოს და ახალმა თაობამაც გააგრძელოს ეს საქმიანობა. ალეკო ცდილობს, ფეხი აუწყოს დროს, გაეცნოს სიახლეებს და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები მუდმივად განავითაროს.  პუნქტუალობა, სიზუსტე, კეთილსინდისიერება და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება მისი პროფესიული სახის განუყოფელი ნაწილია. ალეკო ქურიძის პიროვნების შეფასება მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ ამოიწურება. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ღირსებაც ყოველდღიურ ურთიერთობებში, ოჯახურ ცხოვრებასა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება.  ალიკო კარგი მეუღლეა, მოსიყვარულე მამა, მზრუნველი ბაბუა, საიმედო მეგობარი და კეთილი მეზობელი. ოჯახი მისთვის განსაკუთრებული ფასეულობაა, ისევე როგორც მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები და ერთმანეთის გვერდით დგომა. უყვარს სოფლის მეურნეობა, მშობლიური გარემო და ის ადამიანები, რომელთა გვერდითაც ცხოვრობს. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, არამედ მეზობლების, მეგობრებისა და ახლობლების სიხარულიც. განათლებული, ფართო ინტერესების მქონე და სხვადასხვა საკითხში ჩახედული ადამიანია. ალიკო ქურიძეზე საუბრისას ძნელია, ერთმანეთისგან გამიჯნო პროფესიონალი და ადამიანი. ორივე შემთხვევაში ერთი მთავარი თვისება იკვეთება — ერთგულება. ერთგულება საქმისადმი, ოჯახისადმი, მეგობრებისადმი და იმ ცხოვრებისეული პრინციპებისადმი, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ღალატობს.
 ადამიანის ღირსებას მხოლოდ ის კი არ განსაზღვრავს, რამდენი წელი იმუშავა, არამედ ისიც, როგორ იმუშავა, რა დატოვა სხვებისთვის და როგორ ახსოვთ ადამიანებს. ალიკო ქურიძემ თავისი პროფესიული ერთგულებით, ადამიანური თვისებებითა და კეთილსინდისიერი შრომით დაიმკვიდრა ადგილი როგორც კოლექტივში, ისე იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობს. და სანამ სტამბაში გაზეთის ფურცლები იბეჭდება, სანამ ახალი თაობა ამ საქმეს სწავლობს და გამოცდილება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა, ალიკო ქურიძის მსგავსი პროფესიონალების შრომას თავისი განსაკუთრებული ფასი ექნება. ეს არის ადამიანის ისტორია, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთ საქმეს მიუძღვნა და ამ გზაზე მთავარი არ დაუკარგავს _ პროფესიის სიყვარული, ადამიანური ღირსება და ერთგულება.
                                                                                                                    ჰო და არა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 89
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა