მაია კუკულაძე: ქეთევან ნაკაშიძე - ეს სახელი და გვარი ლანჩხუთელებისათვის მეტად ტევადია, იგი ასოცირდება ადამიანთან, რომელმაც სიტყვის ეპოქა შექმნა, მისმა საოცარმა კალამმა დააჯერა საზოგადოება, რომ არსებობდა მოვლენათა ობიექტური შეფასება, მის სიტყვას აფასებდნენ და პატივს სცემდნენ. თითქოსდა აგურ-აგურ აშენებდა სიტყვის იმ თავისუფლებას, ახლა რომ ესოდენ გვენატრება. მოიყვანა სათითაოდ ნარჩევი გუნდი, ზოგი შემდგარი, უმეტესობა კი დამწყები ჟურნალისტი, ასევე სხვადასხვა სპეციალობის ნიჭიერი ადამიანები, რომელთა აზრებსაც მუდამ იზიარებდა. იქ, სადაც დარგის სპეციალისტი იყო საჭირო, ყოველთვის გვერდით ჰყავდა შესაბამისი ადამიანი, ვისაც აზრის გამოთქმა ხელეწიფებოდა. არ შეშინებია სირთულეების, რუდუნებით აცნობდა პროფესიის სპეციფიკას, მათ ვისთანაც ერთად აკეთებდა გაზეთ , ,ლანჩხუთი პლუსს". რა თქმა უნდა, ამ საქმეს მართლაც გაზეთის კეთება ერქვა, თითოელს სიტყვაზე ყველა ჩვენგანი პასუხს პირველ რიგში საზოგადოების წინაშე აგებდა, რისკები არა ერთხელ გათვლილი და გავლილი იყო ქალბატონ ქეთევანთან, კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში ზომიერი უნდა ყოფილიყო, ,,აკრიტიკე, მაგრამ არ ავნო" ასეთი იყო მისი დარიგება. იმასაც დასძენდა ხანდახან: ეს ის მომენტია, როცა მწარე პასკვილია საჭირო, მაგრამ ადრესატი მაინც მეცოდება მაგისთვისო.
მქონდა პატივი მეც ვყოფილიყავი ამ საოცარი გუნდის წევრი, ყოველი ნომრის დაწყების წინ, დილის თათბირზე ყველა წვრილმანი განიხილებოდა, მერე ყველანი მიმოვიფანტებოდით მასალების შესაგროვებლად, როცა ნომერი მზად იყო გარეთ უკვე ბნელოდა, ქეთევანი თვალს გადაავლებდა იმ დღის ნაშრომს, პირჯვარს გადასახავდა, მგონი კაი გამევიდა ბაღნებოო, იტყოდა და კარს გამოხურავდა. მეორე დილით უკვე მთელი ლანჩხუთი ლაპარაკობდა რა ეწერა გაზეთში. ყოველი რიგითი დღე იმდენად საინტერესო იყო, რომ აღარ გახსოვდა მიზერული ხელფასი. ჟურნალისტის ლუკმა მწირია, მაგრამ ტკბილიო, იტყოდა ქალბატონი ქეთევანი და გულს გაგვიკეთებდა, შეიცვლება დრო ხვალის იმედი გქონდესო.
საოცრად დედაშვილური, თბილი, დამრიგებელი და მზრუნველი - ასე მემახსოვრება სულ ქალბატონი ქეთევანი, ადამიანი რომელთანაც ოჯახურ პრობლემბზეც ვყვებოდი და არა ერთი სწორი დარიგება მიმიღია.
ნამდვილი ბედნიერება იყო მასთან მუშაობა, ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, ვიცინოდით, ვხუმრობდით, მიუხედავად ცხოვრების სირთულეებისა მოწყენისათვის არავის ეცალა. კურიოზებიც არასოდეს მოგვკლებია, რომელიც ცალკე განიხილებოდა. გაზეთს სირთულეები ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის ამბავმა ყველა ჩვენთაგანი შეძრა, ასევე იყო მკითხველებიც. ერთი წლის პაუზის შემდეგ თავის მკითხველს სამუდამოდ გამოეთხოვა ქალბატონი ქეთევანი, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ ლანჩხუთში, როგორც თავისუფალი სიტყვის მოამაგე და სწორუპოვარი ადამიანი.
ლანჩხუთში ყოველთვის იტყვიან: ეს იყო ქეთევან ნაკაშიძის დროს.
ელიკო იმნაძე: ქეთინო დეიდა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო უფროსო მეგობარო, როგორი ძნელია თქვენზე წარსულში საუბარი, თქვენს შესახებ წერა, შესაფერი სიტყვების პოვნა. ბავშვობაში, მოსამზადებელ ჯგუფში, გახანგრძლივებულს რომ ეძახდნენ, ხელები ჩამჭიდეთ, მომეფერეთ და მითხარით: მე ზაზას დედა ვარ, შენი დედიკოს მეგობარი. იქედან დაწყებული მოვყვებოდით ცხოვრებას ჩვენს პატარა ლანჩხუთში დიდი პატივისცემით და სიყვარულით. ბედნიერი ვიყავი ,, ლანჩხუთი პლუსის” დაარსებისას რომ მიხმეთ და გუნდში მიმიღეთ. ბედნიერი ვარ, რომ მეც ვარ იმ ფოტოზე მამა ანდრიასთან და სხვებთან ერთად. ის წლები, რომლებიც ,,ლანჩხუთი პლუსში” გავატარე საამაყოა ჩემთვის. ჩვენ ჩვენი ლანჩხუთელებისთვის საკადრისსა და შესაფერის მაღალი დონის გაზეთს ვქმნიდით. ბედნიერი ვარ რომ თქვენთან ერთად მეც ვმუშაობდი იმ მოზარდებთან, რომლებმაც ,,ლანჩხუთი პლუსში” აიდგეს ფეხი და შემდეგ მოღვაწეობა დიდ ჟურნალისტიკაში გააგრძელეს. ,,პლუსის” ფრთის ქვეშ საუკეთესოები ვიყავით შეკრებილნი და საუკეთესო იყო ყველაფერი, თანამშრომლობა, მეგობრობა, სირთულეების გადალახვა და წარმატებები. საოცარი განცდაა როცა ადამიანები გელოდებიან, შენს ნაწერს ეძებენ და მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავენ. ლანჩხუთში, თქვენდამი ეს სიყვარული უსაზღვრო იყო. ჩაბნელებულ გაყინულ ქალაქში, სადაც თითქმის არაფერი არ მუშაობდა, თქვენ ადამიანებს გულებს უთბობდით, იმედს აძლევდით და ამხნევებდით. საუკეთესო დედა, მეუღლე, ბებია, საუკეთესო მეგობარი, ასე გიცნობდათ ლანჩხუთი, რომლისთვისაც ბევრი იღვაწეთ. ქეთინო დეიდა, თქვენ მუდამ იქნებით ჩემს გულში, ჩემს ფიქრებში, ჩემს ლოცვებში. მადლობა ყველაფრისათვის. ნათელი თქვენს სპეტაკ სულს!
ნინიკო მშვიდობაძე: დიდი ხანი კი ვიცნობდი, მაგრამ მასთან სამუშაოდ რომ მივედი, სულ რაღაც 21 წლის ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, თუმცა ამის მიზეზსაც და საბაბსაც თავად მაძლევდა, ანუ ისე მექცეოდა, უფრო გამბედავი და თავდაჯერებული რომ ვყოფილიყავი, მერე და მერე მივხვდი, რომ ყველასთან ასეთი იყო, იცოდა, საკუთარი თავის რწმენა აუცილებელი იყო ჩვენს პროფესიაში. ქეთევან ნაკაშიძე მხოლოდ სახელი და გვარი არასოდეს ყოფილა ჩემთვის: ერთად გატარებული უამრავი წამია, გაზეთის გამოსვლისას თავზე დათენებული დღეებია, ხშირად ერთი პურის თანაზიარობაა, ერთი ტკივილის, ერთი სიხარულისაც. „ლანჩხუთი პლუსი“ სამსახურად კი არა, ოჯახად იქცა, სახლად, სადაც მუდამ მიმეჩქარებოდა და ამ სახლს თავისი ფუსფუსა, საკუთარ საქმეზე შეყვარებული დედა-ქალბატონიც ჰყავდა, განუყრელი ბერეტით თავზე. დღემდე მახსოვს მისი დარიგებები, ჩემი პირველი პატარა წიგნის რედაქტორიც თავად იყო... არ დავიღლები მისთვის მადლობის თქმით, არც მისი გახსენებით დავიღლები. ქეთევან ნაკაშიძე - სახელი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენი პატარა ქალაქის ისტორიაში, ქალბატონი - რომელმაც შექმნა ეპოქა.
მაკა სულაბერიძე: პირველად ,,ლანჩხუთი პლუსში“ მამასთან ერთად მივედი. მანამდე ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი იქნებოდა პირველი შეხვედრა ქალბატონთან, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო გაზეთს ქმნიდა. წარმომედგინა ეს შეხვედრა, მაგრამ გაცილებით უფრო თბილი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მაგიდასთან იჯდა ქალბატონი ქეთევანი, თავზე ბერეტით და დაკვირვებული მზერით. სულ რამდენიმე წინადადება და მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ,,პლუსელებს“ შევუერთდი. მერე ერთად დავდიოდით ქალაქში, სოფლებში, ოჯახებში რესპონდენტებთან. თავის აზრებს მიზიარებდა, თავისებურად ხედავდა და აღიქვამდა ყველაფერს. მოწიწებით ესალმებოდნენ ადამიანები, თანამდებობის პირები, უბრალოდ, მოქალაქეები... როცა პირველად პატარა ,,ნიუსი“ გავაკეთე, ფრთხილად შევაღე რედაქტორის კაბინეტი. გამიღიმა, მომიკითხა, ფურცელი გამომართვა და სანამ წაიკითხავდა, სუნთქვაშეკრული ვიჯექი, ერთი სული მქონდა გარეთ როდის გამოვიდოდი. გაკრული ხელით, რაღაც მოინიშნა და ჩემი ნიუსი საგაზეთო ნომრისთვის დაიტოვა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, მაშინ ციფრული ფოტოაპარატი დიდი იშვიათობა იყო, თუმცა გაზეთის ბოლო გვერდზე ყოველთვის ქვეყნდებოდა ქალაქში გადაღებული სახასიათო ფოტოები, რომელსაც ქვევით ეწერა - ჯეირან ნაკაშიძის ფოტორეპორტაჟი.
,,ლანჩხუთი პლუსი“ იყო ერთი დიდი ოჯახი, რომელმაც ისტორია დაწერა ლანჩხუთში. ისტორია, რომელიც ბევრს ეხსომება, ბევრისთვის უკვე მოგონებაა. წარსულად იქცა, როგორ იქმნებოდა გაზეთის თითოეული ნომერი, როგორ ირჩეოდა პირველი გვერდის მთავარი, აქტუალური თემა, ფოტოები... ამ ყველაფერს კი ყოველ სამშაბათს ელოდებოდა მკითხველი და იგებდა მუნიციპალიტეტის და ქვეყნის ამბავს.
კესო მახარაძე: ჩვენ, ყველა თაობის თითოეულ ,,პლუსელს” ჩვენი წილი ქეთინო დეიდა გვყავდა, - ფართო აზროვნების მქონე ინტელექტუალი, პროფესიული და ადამიანური პრინციპების ერთგული, საიმედო მეგობარი… ჩვენ, ყველა თაობის ,,პლუსელს” გვაერთიანებდა ერთი ღირებულება- ქალბატონ ქეთევანის სკოლა, -ლანჩხუთის სინამდვილეში გამორჩეული გამოცემა თავისუფალი სიტყვისა და აკადემიურობის ხარისხის გათვალისწინებით… დღეს კი, ყველა ერთად დიდი გულისტკივილით ვიგონებთ ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს, რომლის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა რაღაც ძალიან ღირებული, განუმეორებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი პატარა რაიონის განათლებული მკითხველისთვის! … პირადად მე კიდევ ჩემი წილი ქეთინო დეიდა მყავდა, რომელიც საჭირო შემთხვევაში უშურველად მინაწილებდა დედობრივ სითბოს, პროფესიულ სიმტკიცეს და ადამიანურ სიკეთეს… ღმერთმა დაუმკვიდროს სამუდამო სავანე მის სულს!…ლელა კვირკველია: ჩვენი ურთიერთობა გაზეთ ,,ლანჩხუთი PLUშ’’- დან არ დაწყებულა. ქეთინო დეიდას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიცნობდი, მაშინ, როდესაც გაზეთ,,კომუნისტურ შრომაში" მუშაობდა. მე და ჩემი კლასელები ხშირად ვსტუმრობდით რედაქციას, სადაც კორექტორად მუშაობდა ჩვენი უფროსი ,,დაქალი’’ლივიჩკი (ლივია იმნაძე, რომელიც მეგობრის დედა იყო). როცა დროს გამოვნახავდით, ვსტუმრობდით ხოლმე და ათას რამეზე ვსაუბრობდით. მეგობრებს ძალიან გვინდოდა ახლოს გაგვცნო ქ-ნი ქეთევანი, თან გვერიდებოდა. მახსოვს როგორ მოგვკიდა ხელი ლივიჩკიმ და შეგვიყვანა მასთან კაბინეტში. გვერიდებოდა, შეგვატყო და ისე უბრალოდ და ლაღად გაგვესაუბრა, მაშინვე მოგვეხსნა დაძაბულობა და თანდათან ჩვენც გავშინაურდით. შემდეგ რომ მივიდოდით, ლივიასთან, გასძახებდა, ბაღნები მევიდენ: ლამარიკა, თამარიკა დ მარიკა. ჩვენც მოვკალათდებოდით და ვიწყებდით ამბების მოყოლას.
...და ვერც წარმოვიდგენდი, რომ გარკვეული წლების შემდეგ მე, ამ ერუდირებულ, უდიდესი ინტელექტის და კულტურის მქონე ქალბატონთან ვიმუშავებდი. სპორტულ გვერდს ვუძღვებოდი და ძალიან მომწონდა ეს საქმე. ხანდახან სხვა ინფორმაციებზეც მიწევდა წასვლა. იყო შემთხვევები, როცა ვიღაცამ უარი თქვა ან რომელიმე თანამშრომელი ვერ მიდიოდა, ან სულაც რაღაც საჩოთირო საქმე იყო და არავის უნდოდა წასვლა, მაშინ თავისი ოთახიდან გამოგვძახებდა: კვირკველია გავუშვათ, მაგი მაინც ,,ხარაშოიის'" პარტიიდანაა, ასე აჯობებსო.
სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის იპოვიდა. გარდა იმისა, რომ საოცარი კალამი და ალღო ჰქონდა, იყო შესანიშნავი დიასახლისი, არაერთხელ გაგვისინჯავს მისი ნახელავი. შესანიშნავ ხინკალს ამზადებდა. მეორე დღეს რომ შეაცხელებდა უგემრიელესი იყო. ყავის მოდუღება ინგა იმნაძეს ევალებოდა, მოით ერთი გოგოებო დავლიოთ ,,კოფეო’’, გვეტყოდა, და ჩვენც შევგროვდებოდით მის კაბინეტში, შოკოლადები უყვარდა და ამითაც გვანებივრებდა. ქ-ონ ქეთევანს წნევა აწუხებდა და ბატონი ჯეირანი ყავის დალევას უშლიდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა ხშირად, მომენატრა ბაღნებო თქვენთან ყოფნა, თვარა ჩემდა სულ არ ვარგა აი ,,კოფე’’-ო იტყოდა.
13 წელი თქვენს ფრთებს ქვეშ ქეთინო დეიდა...
ამ წლებმა იმდენ ცნობილ და ჩემთვის მიუღწეველ ადამიანებს შემახვედრა, რომ ალბათ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რისთვისაც უდიდესი მადლობა ჩვენო ძვირფასო ქალბატონო...
გოჩა ჯანაშია: ერთი წელია ქეთევან ნაკაშიძის გარეშე ცხოვრობს ლანჩხუთი და ეს ის დროა, რომელიც საკმარისია მისი ღვაწლის გასაანალიზებლად. ადამიანი, რომელიც მართლაც დააკლდა ქალაქს, მთლიანად მუნიციპალიტეტს. დააკლდა ოჯახს, ახლობლებს და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც მასთან ერთად მუშაობის ფუფუნება გვქონია. არასდროს დაგვავიწყდება მისი დედობრივი დარიგებები, პროფესიული რჩევები და ის ამაგი, რომელიც ყველა პლუსელს გვერგო ქალბატონი ქეთევანიდან. სამწუხაროდ, მისი ეპოქა ისტორიის კუთვნილებაა, რომელიც ოქროს ასოებით შეინახავს ყველაფერს, რაც ქეთევან ნაკაშიძის სახელს უკავშირდება. ანა ჭყონია: მახსოვს 2020 წლის თებერვლის სუსხიანი დღე იყო, როცა პირველად შემოვაღე ,,ლანჩხუთი PLUs’’- ის რედაქციის კარები, გარეთ სუსხი იყო, მაგრამ კარებს მიღმა ისეთი სითბო დამხვდა, ამდენი ხნის შემდეგაც კი მომყვება. 2021 წლის 27 სექტემბერს ჩვენმა რედაქციამ გამომცემლობა შეაჩერა, სამწუხაროდ, მე ბოლო თაობის პლიუსელი აღმოვჩნდი, თუმცა ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ბევრი კარგი მეგობარი შემძინა. ალბათ ვერ ვიქნები ისეთი სიტყვაუხვი და მოგონებებით დახუნძლული, როგორიც სხვა პლიუსელები, მაგრამ არანაკლებად მენატრება და დასამახსოვრებელია ჩემი ცხოვრების ის პატარა ეპიზოდი. რომელიც ამ რედაქციაში გავატარე თქვენთვის უსაყვარლეს ქეთინო დეიდასთან ერთად. მე, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ასე დავახლოებოდი ქალბატონ ქეთევანს, ჩემს მეხსიერებაში დარჩა როგორც ქალბატონი ქეთევანი, ძალიან თბილი, გულისხმიერი, საყვარელი და სათნო ადამიანი.
მანან ჯაფარიძე:ქეთევან ნაკაშიძის მოგონება ქეთევან ნაკაშიძის გახსენება ყოველთვის სითბოსა და მადლიერების განცდას იწვევს ჩემში. ხუთი წელი ვმუშაობდი გაზეთ ,, ლანჩხუთი პლუს“-ის რედაქციაში. მქონდა ბედნიერება ხელმძღვანელად მყოლოდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ რედაქტორი კი არა, ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი. მის გვერდით მუშაობა გვასწავლიდა არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ ადამიანობას, პასუხისმგებლობას, ერთმანეთის პატივისცემას და სიტყვის ფასს. მისი გულწრფელი ადამიანობა, მეგობრული დამოკიდებულება და დედობრივი მზრუნველობა, გვაძლევდა უფლებას ქალბატონი ქეთევანის გარდა, ყოფილიყო ჩვენი ქეთინო დეიდა. მას შეეძლო თითოეული თანამშრომლის გულამდე მიეღწია. ყოველთვის იცოდა როდის მოეთხოვა მეტი და როდის მოფერებოდა სიტყვით. რედაქციაში ის ქმნიდა გარემოს, სადაც მუშაობა არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ ღირსება და სიხარული იყო. მისი სიტყვა და რჩევა ბევრისთვის ცხოვრებისეული გზამკვლევი გახდა, მან არაერთ ახალგაზრდას მისცა შანსი და გზა გაუკვალა მომავალ ცხოვრებაში. ჩემთვის რედაქცია იყო პროფესიული ცხოვრების პირველი სკოლა, ხოლო ქალბატონი ქეთევანი, ჩემი ქეთინო დეიდა ადამიანი, რომელმაც ჩემში დატოვა სულიერი კვალი. დღეს, როცა ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს ვიხსენებ, გული სევდით მევსება, მაგრამ ამავე დროს მადლიერებითაც. მადლობა, იმ წლებისთვის, იმ სიტყვებისთვის, იმ სიყვარულისა და რწმენისათვის, რაც ასე გულუხვად გაგვიზირა.
ქეთევან ნაკაშიძე-თავისუფალი სიტყვის მოამაგე, სწორუპოვარი ადამიანი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 482



