ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თანასოფლელი თანამოკალმე

9-02-2026, 14:45

  ალბათ დედამიწაზე უკეთესი ადგილი არ მოიპოვება, სადაც დაბადებულხარ, თვალი გაგიხელია და ფეხი აგიდგამს. ჩემთვის მშობლიური ქვიანი გახლავთ ასეთი ადგილი.  მიხარია, რომ დიდი სოფელი მაქვს და მასში დღემდე 500-მდე კომბლი ცხოვრობს. 
ოდნავ გადახრილად და წარბშეხრილად გამოიყურება დღეს ჩემი სოფელი. გულსატკენია, რა თქმა უნდა, და უკეთესს ვისურვებდი, მაგრამ  თითო-ოროლა ჯანსაღი ფესვი, რომელსაც კვლავაც ვუმზერ ჭეშმარიტად მახარებს და სამომავლო იმედით მავსებს. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც თანასოფლელებში გამოვარჩევ  სიმონ (ჯაჯუ) მათითაიშვილი გახლავთ. ,,ჰო და არას~ საშუალებით  იცნობთ მისი კალმის ფრთიანობას. იგი გახლავთ კბილმოუბარი და დამჯდარი ლექსების პატრონი. 81 წლისთვის მიუღწევია ჩვენს ჭარმაგ პოეტს, მომღერალსა და შემოქმედს. იგი სოფლის დასაწყისში ცხოვრობს. ასე ვეხურმრები ხოლმე, ქვიანი შენით იწყება-მეთქი და არც ვცდები. გეოგრაფიულადაც ასეა თითქმის და ერთი რამ კიდევ, არ არსებობს 500 კომლიან სოფელში პიროვნება, რომელსაც პირადად არ იცნობდეს ჯაჯუ. არ იცნობდეს მის ჭირ-ვარამს, სიხარულსა თუ სიდუხჭირეს. გულშემატკივრობს ყოველივე ახლობელს, რაც კაცობის ერთ-ერთი და განუმეორებელი თვისებათაგანია.  დიახ,  81 წელიწადი ეს ჩემთვის ათეული წლის წინანდელი წარსულია, მაგრამ ჭარმაგობა, სწორედ რომ, 80 წლიდან იწყება. 
წარმატებებს, წინსვლას და გამარჯვებას ვუსურვებ თანასოფლელ თანამოკალმეს.  გაგაცნობთ მისი შემოქმედების ორიოდე ნიმუშს:
      
       ბუხართან
  ვზივარ ბუხართან, ვსვამთ ადესას,
  ჩვენი ლანდი გაკვრია კედელს.
  დამგვანებია ლანდი ჩვენი
  ნიკალას ნახატს _
  ნახატს კი არა, ასლს ნახატისას
  კედელზე გაკრულს.
  ვწრუპავთ ღვინოს და
  ვიგონებთ წარსულს.
  შიგა და შიგ წავუმღერებთ 
  ,,კრიმანჭულს და მაყრულს~.
  ვზივართ ბუხართან,
  ვიგონებთ წარსულს. 
       
         უშიშარი
  არ მეშინია ღამის და
  არ მეშინია ყინვის,
  თუ სადმე ძაღლი ყეფს და
  თუკი მამალი ყივის.
  არ მეშინია ციდან 
  ჭექა-ქუხილის ელვის,
  თუ სახლში ლამპის შუქი
  და ღუმლის სითბო მელის.
  არ მეშინია ასპიდის,
  მორიელის და გველის,
  დაღერებული ჩემზე 
  მიქელას ლაპლაპა ცელის.
  რადგან ასეა ოდით
  რაც აბელს, მეც ის მელის,
  ვინც ვიბადებით, ყველას
  ბოლოს სიკვდილი გველის.
  დავით ასკურავა, მწერალი, საქართველოს  დამსახურებული ჟურნალისტი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 115
FACEBOOK კომენტარები