ყოველთვის მისასალმებელია, როცა ახალგაზრდები უბრუნდებიან თავის მშობლიურ რაიონს. მათი შემართება, ენერგია და პროგრესული აზროვნება დღეს ჰაერივით სჭირდება აქაურობას, ამიტომ არ მეგულება ლანჩხუთში ადამიანი, ვისაც არ გაუხარდა ზურა მურვანიძის დანიშვნა ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათ გაერთიანების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ზურიკო შესანიშნავი ქალბატონის მუსიკოსის და მომღერლის, ნატო ტუღუშის შვილია, რომლის ხმა არც თუ ისე დიდი ხანია დააკლდა ლანჩხუთს.
ჩვენი სტუმრობა, ახლად დანიშნულ დირექტორის მოადგილესთან ტრადიციულად კაბინეტში არ შედგა, რადგან იგი ჩვეულებოსამებრ ფუსფუსებდა და სახელდახელო ინტერვიუ ჩავწერეთ.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ზურა სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, წერდა ლექსებს, ასრულებდა სიმღერებს, იყო თეატრალური დასის წევრი და სკოლის მერხიდანვე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, ჰქონდა ლიდერის თვისებები. არის დაქორწინებული შესანიშნავ გოგონაზე და წყვილის გამოჩენამ ლანჩხუთს სიხალისე და შემატა.
_ ძალიან გაგვიხარდა, რომ თქვენი სახით ნიჭიერი, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი დაუბრუნდა ლანჩხუთს და მიგვაჩნია, რომ ამ სტრუქტურას აბსოლუტურად შეეფერებით. პირველ რიგში გვინდა გკითხოთ, თქვენს შესახებ. რა განათლება გაქვს მიღებული?
_ განთლება მიღებული მაქვს თეოლოგიის მიმართულებით, თეოლოგი ვარ. დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი- საბაუნი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. წელს ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში. სტუდენტობის პერიოდში მოვიპოვე FUჩE-ს სასწავლო გრანტი, სრული დაფინანსებით სწავლა გავაგრძელე, პოლონეთში კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში. მაქვს რამდენიმე სახელმწიფო პრემია მიღებული, ლიტერატურის მიმართულებით, ერთ-ერთი მივიღე წელს ადგილობრივი მერიისაგან, კონკურში- ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ 2014 წელს მივიღე წლის საუკეთესო მოქალაქის წოდება და გრან პრი, ყოველ წელს ვმონაწილეობ ბანაკებში თეოლოგიის მიმართულებით, ასევე ახალგაზრდულ ბანაკებში ლიტერატურის მიმართულებით.
შეიძლება ლანჩხუთს მოვაკელი ხელი, იმიტომ რომ, საზღვარგარეთ ვიყავი; დავწერე რამდენიმე სამეცნიერო წიგნის რეცენზია და წინასიტყვაობა, მათ შორის ამ ბოლო დროს ზურაბ კიკნაძის, ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნზე:
გამოხმაურება წიგნზე ,,მე ვარ გზა...’’ (წერილები ქრისტიანობაზე), გამომცემლობა ჩარპე დიემ, 2020. ვაქვეყნებ სამეცნიერო და კვლევით სტატიებს, დაწყებული მაქვს ჩვენს რაიონთან დაკავშირებით დიდი პროექტი, პირადად მე დაწერილი მაქვს წიგნი და ვაპირებ უახლოეს მომავალში მის გამოცემას.
ეს იქნება ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, მერიის თუ სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით ამაზე წინასწარ ვერ მოგახსენებთ.
რაც შეეხება რაიონს, ბევრი პროექტი მაქვს დაწყებული მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროა გასული, რაც დავინიშნე და ამ ყველაფრის ხორცშესხმას ალბათ მივიღებთ, იმედია შემოდგომისათვის.
_ კულტურის გაერთიანების დირექტორის მოადგილის მოვალეობა ოფიციალურა რას მოიცავს?
_ სამხატვრო ხელმძღვანელი სხვა იქნება, ამავდროულად კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი ასევე სხვა იქნება, მაგრამ ისინი დაგვექვემდებარება ჩვენ.
- შენს ფუნქციაში რა შედის?
- ჩემს ფუნქციაში შედის ყველაფერი აბსოლუტურად, პიროვნულად ერთმანეთში გადავინაწილეთ საქმეები მე და ბატონმა მერაბ ქარჩავამ.
_ თუმცა ეს თქვენ შეიძლება არ გეხებოდეთ, რადგან თქვენს დანიშვნამდე მოხდა, მაგრამ მაინც გკითხავთ, გვაინტერესებს თქვენი აზრი მოცეკვავეთა ანსამბლ ,,მხედრების“ გაუქმებასთან დაკავშირებით?
_ ეს ჩემს დანიშვნამდე მოხდა, დეტალები გავიარე, მაგრამ სრულდად არ ვფლობ ინფორმაციას. იქედან გამომდინარე, რომ ეს იმდენად სენსიტიური თემაა, ამ შემთხვევაში არ მინდა ამაზე ვისაუბრო, თუმცა გპირდებით, რომ კულტურის ცენტრი და ზოგადად კულტურის გაერთიანება, ქორეოგრაფიის გარეშე არ იქნება. ყველანაირად ვცდილობ, სხვა სიახლეებთან ერთად რა სიახლეებიც აქ დატრიალდება, ანსამბლი აუცილებლად აღდგენილი იყოს.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ კულტურის ცენტრში ხდება ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით?
_ შემიძლია ვთქვა , რომ აქ მუშაობენ პოლიტიკურად ყველაზე ფართო სპექტრის ადამიანები და სწორედ ამან გამიბათილა ის ეჭვები, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან, კულტურის ცენტრის ყველაზე აპოლიტიკური დაწესებულებაა.
_ ანსამბლის გაუქმებას დაემთხვა მმართველი პარტიის რამდენიმე აქტივისტის შემოყვანა, ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობთ და ამიტომ გეკითხებით? არ ფლობთ ამ ინფორმაციას?
_ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, თანამშრომლებიც შვებულებაში არიან გასული და ყველას არ ვიცნობ,მაგრამ ერთ რაღაცაზე ვამახვილებ ყურადღებას, რაც თანამშრომლებსაც ვუთხარი და ეს უნდა გავატარო აუცილებლად.
კულტურის ცენტრი უნდა იყოს აპოლიტიკური, ,,კარის მოხელეები“ ,,კარის არტისტები“ არც ,,კარის პოეტები“ არ გვჭირდება. ,,სამეფო კარი“ კულტურაში უნდა გაუქმდეს.
_ ამ სიტყვებითაც შეიძლება იმაში დარწმუნება, რომ ძალიან კარგი კადრი შეიძინა ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ. რას ფიქრობთ როგორი ხელმძღვანელი იქნებით?
_ თუ მე იმის შესაძლებლობა მექნება, რასაც ვგეგმავ, პირველ რიგში ეს იქნება გუნდური მუშაობის შედეგი, არც ამ თანამდებობაზე ვარ მიკერებული და დამოკიდებული, უბრალოდ ჩემი ენთუზიაზმი იყო ის, რომ ჩემს რაიონს რაიმეთი გამოვდგომოდი. არ მინდა სკეპტიკურად უყურებდნენ კულტურის სახლს.
_ ვინ უყურებს სკეპტიკურად?
_ ხალხი, საზოგადოება
_ რატომ?
_ იმიტომ რომ, კეთდება ღონისძიებები მხოლოდ მემორიალურ დღეებში. მე ანგარიშვალდებული ვარ, იმ საზოგადოების მიმართ და მოგეხსენებათ მთელი ლანჩხუთი მილოცავს და მორალური პასუხისმგებლობა მაქვს იმისა, რომ კულტურაში კულტურული საქმე გაკეთდეს.
_ მომავლის გეგმებზე უკვე ისაუბრე, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გკითხო ახალგაზრდა ხარ და როდესაც მშობლიურ ქალაქში მოდიხარ, ასეთ პოზიციაზე, ალბათ დაგეგმილი გექნება, რაც უნდა გააკეთო, ასეა?
_ აუცილებლად, რამდენიმე პროექტი დაწერილი მაქვს უკვე. პრეზენტაცია გავაკეთეთ უფრო კონფედენციალურად, იმიტომ, რომ ეს თემები მთლიანად არის თავიდან გასავლელი, რაღაც დონემდე უნდა მივიდეთ. ბატონ მერაბზე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ არა ვარ შეზღუდული იდეებით, გავიარეთ კონსულტაციები, თავადაც აქვს ბევრი კარგი იდეა, რამაც გამახარა და თავადაც ჩართულია ამ ყველაფერში. ასე რომ, ვაპირებთ კულტურის ცენტრის გამოცოცხლებას, რაც შეხება დაფინანსებას და ბიუჯეტს, ჩვენ მაშინ შეგვიძლია მოვითხოვოთ მისი გაზრდა თუ დავდებთ შედეგს, დანარჩენი არის წყლის ნაყვა, თუ არაფერს არ შესთავაზებ ახალს, ბიუჯეტის გაზრდასაც ვერ მოითხოვ.
,,სამეფო კარი” კულტურის სახლში უნდა გაუქმდეს - ზურა მურვანიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 609



