ტანსაცმლის ინდივიდუალური კერვა თავის ხიბლს არასოდეს არ კარგავს, ერთ დროს პეწიანობისა და თანამედროვე მოდის, ყველაზე გავრცელებული ფორმულაა: ვინც გიკერავს ტანსაცმელს, ისე გამოიყურები.
ჩვენ პატარა ქალაქში ამ საქმეს წლებია ემსახურება ერთი სანდომიანი ქალბატონი, რომლის სტაჟი და გამოცდილება საკმაოდ დიდია, თვალის ერთი შევლება და უკვე იცის, ვის რა მოუხდება და როგორი სტილი უნდა შეურჩიოს.
,,ჰო და არას” სტუმარია, ქალბატონი ციალა ურუშაძე-ლომაძე, იგი ყოფილი სასტუმროს შენობის პირველ სათულზე განთათავსებულ სამკერვალოში ფუსფუსებს და როგორც ჩვენთან ამბობს მომხმარებელიც არ აკლია.
სამკერვალოს გაფართოებისათვის სპეციალური პროგრამით შეიძინა რამდენიმე საკერავი მანქანა, უთო და სხვა საჭირო ინვენტარი. უნდოდა დაესაქმებინა სხვებიც, მაგრამ ვერ შეძლო, უცაბედად დატრიალებულმა ტრაგედიამ ვაჟიშვილი წაართვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა.
ჩვენ მას სამკერვალოში ვესტუმრეთ და სანამ რამდენიმე კითხვას დავუსვამდით, უკვე შემოვიდნენ შეკვეთის მისაცემად თუ მოსაკითხად. დღეს ადრე უნდა წავიდე შვილთაშვილს ვნათლავ ხვალ, უნდა მოვემზადოო და ულამაზესი პაწია კაბა გვაჩვენა. ეს ჩემი საჩუქარია, გვითხრა, თავი ოდნავ დახარა და დააყოლა: ახლა შვილიშვილებით და შვილათაშვილებით მიხარია ცხოვრებაო.
- ქალბატონო ციალა, თქვენ ჩვენს ქალაქში ყველა გიცნობთ და იცის თქვენს შესახებ. გვინდა გკითხოთ, როგორია დღეს დამოკიდებულება ინდივიდუალურად შეკერილი ტანსაცმლის მიმართ, თუმცა უკვე ვხედავთ რომ შეკვეთები საკმაოდ გაქვთ?
- მხოლოდ პანდემიის პერიოდში ვერ მოვდიოდი და ეს იყო, თორემ მე ჩემი კლიენტები სულ მყავს.
- თავად რომელი სასწავლებელი გაქვთ დამთავრებული და რატომ აირჩიეთ ეს საქმე?
- სამწელნახევარი ვისწავლე ბათუმში. კერვა ბავშვობიდან მიყვარდა, ოჯახი უკვე შექმნილი მქონდა, რომ ავისრულე ეს ოცნება. დავამთავრე სასწავლებელი და მუშაობა დავიწყე ლანჩხუთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს მეორე კომბინატში, მკერევად, იქ, სადაც ახლა ,,მედალფას“ შენობაა...
სოფელ ლესაში კერვის კურსებიც მქონდა გახსნილი და ვასწავლიდი კერვას.
მერე თბილისში წავედი, მაშინ უკვე ცუდი დრო იყო. ქსოვილებს ვყიდულობდი, ვკერავდი შარვლებს და ლილოში ვყიდდი. თბილისიდან რომ ჩამოვედი, აქ დავიწყე მუშაობა.
- როგორც ვხედავთ საჭირო ინვენტარი გაქვთ.
- გრანტი მოვიგე და შევიძინე ეს ყველაფერი.
- ალბათ გინდოდათ რომ სხვებიც დაგესაქმებინათ?
- დიახ მინდოდა, მერე შვილის ამბავი და... გავითიშე ჩემო კარგო. მინდოდა გამეხსნა რაღაცა, მე მოწოდებით პედაგოგი ვარ, მოსწავლე ბევრი მყავდა ძალიან. კერვა მიყვარს და მამშვიდებს. ეს ჩემი მოწოდებაა.
- ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა ქსოვილს დაჭრა?
- ქსოვილის დაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ახლა უკევე შეჩვეული ვარ. აქ ვერ ვჭრი, სახლში ჯერ ვხაზავ მერე ვჭრი, თითოეულ დეტალს ვგრძნობ.
- ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავთ?
- ქალის ტანსაცმელს აბსოლუტურად ყველაფერს ვკერავ. მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთებაზეც ვმუშაობ.
- ქსოვილები მოაქვთ თქვენთან თუ საკუთარიც გაქვთ?
- ქსოვილებიც მაქვს. მივდივარ, ვარჩევ, ჩამომაქვს და კლიენტებსაც მოაქვთ.
- ალბათ ბევრი ცნობილი ქალბატონისათვის გექნებათ შეკერილი ტანსაცმელი, ადრინდელ პერიოდში ხომ საკუთარი მკერავის შეკერილი, განსაკუთრებით პოპულარული იყო, ახლა როგორაა?
- კლიენტები მაშინ მეტი იყო, თუმცა ახლაც არ ვუჩივი ამას. ბევრი იყო ცნობილი ვინც მიკვეთავდა, ჩვენს ქალაქშიც და დედაქალაქშიც. მაგალითად ნინო ბურჯანაძის დაცვის უფროსს შევუკერე ტანსაცმელი. მან მთელი საკუთარი გარდერობი გაახლა. ასევე მსახიობ იზა გიგოშვილისთვის მაქვს შენაკერი ტანსაცმელი.
- კულტურა იყო ასეთი, ტანსაცმელს იკერავდნენ განსაკუთრებით სადღესასწაულოდ, ახლა როგორ არის? ჩვენს ქალაქში ეკონომიკურად ძლიერი მოსახლეობა არ ცხოვრობს, მაგრამ ტენდენცია, როგორც თქვენს სამკერვალოში იგრძნობა, ჩვენს ქალქშიც გრძელდება, ასეა?
- სუფთა ხელი მაქვს ძალიან და ყოველთვის ჩემთან მოდიოდნენ, ახლაც ასეა, რა თქმა უნდა.
- განსაკუთრებული რაც დაგამახსოვრდათ რა შეგიკერიათ?
- სადედოფლო კაბები, პალტოც. ჩემი შეკერილი პალტო მაკა გოგიჩაიშვილს ეცვა და ყველა ეკითხებოდა, თურმე სად შეიკერეო.
მეხერხება თანამედროვე სტილიც და იმის შეგრძნებაც მაქვს ვის რა უხდება. გამგეობაში მუშაობენ ქალბატონები, რომლებიც ჩემთან იკერავენ ტანსაცმელს, ასევე პედაგოგები ექიმები და სხვები. მიხარია ახლა რომ ვხედავ მათ, ასევე იყო ადრეც ქალაქის ცნობილი ქალბატონები იკერავდენენ.
- ალბათ გაქვთ საკუთარი სტილიც, რომელიც გიყვართ?
- არის შემთხვევები, როცა შემკვეთს ვერ დაარწმუნებ, მაგრამ ვცდილობ ვურჩევ კიდეც რაღაცეებს.
- მინდა გავბედო და გკითხოთ ფასები როგორია თქვენთან?
- შედარებით შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასებში ვკერავ და ამიტომაც არ მაკლია კლიენტურა.
- შვილიშვილები და შვილთაშვილები ბევრი გყავთ?
- კი როგორ არა, გოგოსგანაც და ბიჭისგანაც მყავს. მათი სიყვარულით ვცხოვრობ. ჩემი ქალიშვილი თბილისში ცხოვრობს, მისი მეუღლეა ნიკა ლაშაური, ჟურნალისტი, რომლის სტატიები იბეჭდება ჟურნალ ,,თბილისელებში“. შვილიშვილი - გიორგი ლაშაური სპორტული კომენდატორია ,,იმედის“ არხზე, მეორე შვილიშვილი ასევე ,,იმედის” არხზე ხმის რეჟისორია.
კერვა ბავშვობიდან მიყვარდა, ეს მამშვიდებს - ციალა ურუშაძე-ლომაძე
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 347



