ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როცა პური არაა, სანახაობაა საჭირო „დასაპურებლად“

როცა პური არაა, სანახაობაა საჭირო „დასაპურებლად“
1-08-2022, 12:58

ინტერვიუ პარტია ლანჩხუთის სა­კრე­ბულოს წევრთან და „ლე­ლოს“ ლა­­ნ­­ჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვა­ნელთან, გოჩა ჯანაშია­სთან.
_ როგორც წესი, ზაფხულში პოლიტიკური პროცესები გარკვეულ ტაიმ-აუტს იღებს, თუმცა წელს გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რა ხდება?
_ ხდება ის, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გველის. ქვეყანა ფაქტობრივად გზის გასა­ყარ­თან დგას და ერთი სწორი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის მართებულობა იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, მო­მავალი. ერთი შეცდომა და მერწ­მუნეთ, კატასტროფის წინაშე დავ­დგებით და სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, ზუსტად რომ ახ­ლოს ვართ ამ ყველაფერთან.
_ ფაქტია, რომ ქვეყანა ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა. რას ხედავთ საგანგაშოს ამ შექმნილი ვითარებიდან?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ბევრი რამ იცვლება. ფაქტობრივად ახალ სტ­რა­­ტეგიულ გადანაწილებასთან გვაქ­ვს საქმე და ჩვენდა საუბედუ­რ­ოდ, ჯერ კიდევ გაურკვეველია საქარ­თვე­ლოს ბედი. ხელისუფლე­ბის ქმე­დებები დიდ ეჭვებს აჩენს, რომ ვცდილობთ მდინარის დინების საპირისპიროდ ვიმოქმედოთ და ეს მა­შინ, როცა თითქოს გარკვეული გვქონდა ის მისწრაფებები, რომელიც დასავლურ ცივილიზაციასთან ასო­ცირდებოდა, მაგრამ რეალურად გაუგებარ ნაბიჯებს ვხედავთ, რო­მელიც კარგს არაფერს მოგვიტანს. 
_ რას გულისხმობთ ამ გაუგებარ ნაბიჯებში? 
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას შანსი ებოძა  ევროკავ­ში­რის სტრუქტურებთან დაახლოების­თვის. ეს ომმა მოიტანა სრულიად მოულოდნელად, მაგრამ აშკარაა, რომ ამისთვის მზად არ ვართ. უფ­რო მეტიც, სურვილიც არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, ასე რომ მოხ­დეს. თითქოს დეკლარილებულად ამისკენ მივდიოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოჩვენებითი ნაბიჯები და როცა საქმე საქმეზე მივიდა, რეალური სახეც წარმოვაჩი­ნეთ. ეს არ ეხება ქართველ ხალხს, ეს უპირველესად ბიძინა ივანი­შვი­ლის ხელისუფლებაზე ითქმის, რო­მე­ლიც სულაც არ არის იმ 12 პუნქტიანი დავალების შემსრულებელი, რომელიც ევროპული სტრუქტურებიდან მივიღეთ.
_ და რატომ? ამის ნება არ არის თუ საშუალება?
_ ხელისუფლებაში მოსვლამდე აანონსებდა ქართული ოცნება ძირე­ული რეფორმების განხორციელებას და უკვე მეათე წელია ვხედავთ, რომ არათუ ამის ნება-სურვილი არსებო­ბს, პირიქით ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ. გასაგებია, წინასა­არ­ჩევნო დაპირებების კასკადიდან ძალიან ბევრი ისედაც შეუსრულე­ბელი ჩანდა იმთავითვე, მაგრამ ის რაც ფუნდამენტური იყო და სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა, ისიც კი არ შესრულებულა. ჰოდა, ამ 6 თვეში ძაანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ამ დავალების შესრულება წარმოუდგენელია. 
არადა, რაზეა საუბარი, ვინმეს თქმა რა საჭიროა, როცა ნორმა­ლუ­რი, ცივილური ქვეყნის ასაშენებლად საჭიროა დამოუკიდებელი სასამა­რთ­ლო, თავისუფალი არჩევანის უფლება, დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო სტრუქტურების გამიჯვნა, რაც ქართულმა ოცნებამ იქნებ მემკვიდრეობით კი მიიღო, მაგრამ ჩხი­რი არ გადაუდია ამის შესაც­ვლე­ლად. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაზე და შემდგომ შენარჩუნებაზე აიღო თა­ვი­დანვე აქცენტი და ზემო­ჩამოთვლილი ყველა პრობლემა, სათავისოდ მოირგო, უფრო დახვეწა და განამტკიცა. ჰო­და, ის რაც უნარჩუნებს ძალაუფლებას, იმას მცირე ხანში საკუთარი ნებით რო­გორ შეელევა? ეს კი­დევ არაფერი, უკვე სტ­რატეგიული კურსიდან გადახვევის აშკარა მც­დე­ლობებს ვხედავთ, შე­უიარაღებლად ჩანს და­სავ­ლელი პარტნიორების წინააღმდეგ ბრძო­ლის კონტურები და ეს იმ ფონზე, როცა რუსე­თის მიმართ ბაიბურიც არ ისმის, პირიქით, გა­რკვეული ნაბიჯები გვა­ფიქრ­ებინებს, რომ აგრ­ესორი და ოკუპანტის მიმართ თუ აქამდე შეი­ნიშნებოდა შეფ­არული ფლირტი, ახლა ეს დაუფარავად მიმდ­ინარეობს და ერთგვარ იარ­ა­ღად იქცა დასავ­ლეთთან სავაჭროდ.
_ ე.ი. ფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავის გადას­არჩე­ნად ვაჭრობს? 
_ ასე გამოდის, სხვა გზა არ დარჩენია უბრალოდ, ან ძალა­უფ­ლებას საკუთარი ნებით უნდა შე­ელიოს, ან კედელთან მიყენებულებმა ბოლომდე უნდა იომონ. ფაქტია, რომ ევროკ­ავშირთან ასოცირების საკი­თხი  მოულოდნელად დადგა დღის წესრიგში, აქეთ ომია და უკვე სიტუაცია ცაიტნოტური შეიქნა. ბე­ვრს უკვირს რუ­სეთ-უკრაინის ომის მიმართ რატომ გვაქვს ასეთი სამარცხვინო მიდგომა. საკვირველიცაა, როცა წესით ოკუპანტს შენსავით ჩაგრული ქვეყანა ებრძვის, შენ კი ცდილობ აქედან რამენაირად გაძვრე და უფრო მეტიც, რაიმე სარგებელი მიიღო რუსი ტურისტების სიმრავ­ლით თუ არასანქცირებული ტვირ­თე­ბის გატარებ-გამოტარებით. არა­ვინ ამბობს, რომ უკრაინას ხელი ვკა­რით, გარკვეულ თემებში მხარს ვუჭერთ, აქეთ ლტოლვილებს ვი­ღებთ, იქით ჰუმანიტარული ტვირ­თის ორგანიზებას არ ვიშურებთ, მაგრამ ოფიციალური განცხადებების შემხედვარე, ყველაფერს აზრი ეკარგება. გახსოვთ, მხარდამჭერ რე­ზოლუციაში რუსეთის ჩაწერაც კი ვერ გაბედეს, არაფერს ვამბობ იმ გა­ნ­ცხადებებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები აკეთებენ. წარმოგიდგენიათ,ირაკლი კობახიძის განაცხადი, იქ ომი კია, მარა ჩვენ რა, ჩვენ ჩვენი საქმე გვა­ქვსო. ამის ხმამ­აღლა თქმა შეიძლება, ან ნორმალურია?
_ ამ ყველაფერს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკად თვლის, რომელმაც ომი აარიდა ჩვენს ქვეყანას. 
_ დი­ახ, ამაშია მთ­ე­­ლი სი­ვე­­რაგე, 
თითქოს იმ­აზე ფიქ­რობენ, რა­მენაი­რად ომი ავ­ი­ც­ი­ლოთ და ამით სა­კუ­თარ ამო­მრჩეველთან თავს იწონებენ, მშვი­დობისა და სტაბილურობის გარანტორები ვართო. მაგრამ ვის რად უნდა აქ ომი? ან თუ უნდა რუსეთს ომი, ეს თვა­ლებში შესციცინება შეაჩერებს? „აბა ომი გინდათ?“ ეს ხელისუფლების მორიგი მესიჯია, რომელსაც როცა უჭირს მოსახლეობაში გზავნის და შემდგომ ამ თემაზე აწყობს სანახაობას. როცა პური არაა, სანახაობა აუცილებლობას წარ­მოადგენს და ეს საკმაოდ ჭკვი­ანუ­რად გათვლილი პიარსვლა ყველა სხვა საჭირბოროტო საკით­ხე­ბს ჩრდილავს, მავანს კი პურის მა­გი­ერ აპურებს. 
რომელ ნორმალურ ქართველს უნ­და სურდეს ომი და უბედურება ამ ქვეყანაში? ან როგორც დასავ­ლელ პარტნიორებს მიაწებეს ეს იარლიყი, იმათ რაში უნდა სჭირ­დებოდეს კიდევ ერთი უაზრო კონფლიქტი? თან „ჩიტი ბდღვნად უნდა ღირ­დეს“, ასეა ნათქვამი და საქარ­თველო რომ ამ ომში ჩაებას, მეორე ფრონტის გაჩაღების ანგავანი აქვს კი? სხვა საქმეა უკრაინელთა სურვ­ილი, რომელიც არც დამალეს, რამეთუ ომში მყოფ ქვეყ­ანას ძა­ლიან უნდა ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებმაც მიეშვე­ლოს, საქართველომ, მოლდოვამ ა. შ. ეს მათი სურვილია, მაგრამ რეალობა ხომ სხვაა - ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა საომრად მზად სულაც არ არის. თუმცა, ხელისუფლების ნარატივი მარტივია, თქვენ, ყველა ჩვენს ოპონენტს ომი გინდათ, ჩვენ კი მხო­ლოდ მშვიდობაო. რას ერჩი, დიდებული ფეიკია საკუთარი მხა­რდამჭერების „გამოსაკვებად“.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწყებულ კამპანიას როგორ აფასებთ?
_ მავანთ ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი იმდენად მია­მიტია, ყველაფერს დაიჯე­რებს. ფაქტია, რომ კულუარებში გადასული ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ქვეყნის ერთ­პიროვნუ­ლი მმართველია და იგი ნამდვილად ოლიგარქია. დეოლიგარქიზაციის თემა რომ გაჟღერდა, ქართულმა ოცნებამ სცადა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, ან მასთან ასოცირებული მილიონერები ნამდ­ვილ ოლიგარქებად წარმოაჩინოს, ივანიშვილი კი მხოლოდ მეცენა­ტად. კი ბატონო, ივანიშვილის მე­ცე­ნატობას და ქველმოქმედებას არ უარვყოფთ, მართლაც ბევრი ფული გაიღო ამ მადლიანი საქმისთვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ უფრო მეტს რომ ითხოვს, უბედურება ესაა. და რაც მთავარია, ოლიგარქია ნიშ­ნავს ჩრდილში მყოფი პირის მიერ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას და ვინ, თუ არა ივა­ნიშვილი, უნდა მივიჩნიოთ ოლიგარქად? ჯერ კიდევ სააკაშვილის მმა­რ­თველობისას მისი როლი დიდი იყო, ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ ერთ დღეს ოპოზიციაში გადასვლით მან აჩვენა, რომ ეს ნაბიჯი კარგად გათვლილი ტრიუკი იყო, რომელსაც წინ არაფერი დაუდგებოდა.
მას შემდეგ ივანიშვილი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ერთპიროვნულად გადამწყვეტი იყო და არის, მისთვის არც პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო არაფერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც პრემიერ-მინისტრის. ჰოდა, მისი სურვილისამებრ ხდებოდა ერთის გა­შ­ვება და მეორეს მოყვანა. პარა­დოქსია, რომ დღევანდელი პრემიე­რი, ირაკლი ღარიბაშვილი, ორჯერ და­ნიშნა ამ პოსტზე. პირველ შე­მთ­ხვევაში ღარიბაშვილი  სკანდალურად გაუშვა, საკუთარი სანა­თე­საოს ელიტური კორუფცია არ აპა­ტია, მაგრამ მეორე შანსი მაინც უბოძა და ეს იმ ფონზე, როცა ერთ სატე­ლ­ევიზიო გამოკითხვაში, ივანი­შვი­ლმა შეკითხვაზე, ღარიბაშვილი თქვენს კომპანიაში თქვენი მდივანი არისო, უპასუხა, რომ რაც გინდათ, ის დაარქვით, მას ჩემს ფინანსებში არც ვახედებდიო. ჰოდა, ამ დროს ქვეყნის მართვაში ორჯერ ჩაახედა. რა გამოდის, თავისი ბიზნესი მის­თვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა?
ივანიშვილი სანქციების შიშის გამო, ვა-ბანკზეა წასული და რამდენიმე წლის წინ, მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები სრულიად პროპორციული არჩევნების ჩატარე­ბის შესახებ, ხომ უტიფრად წაიღო უკან, ამ რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯი გადა­დგა და ამერიკის ელჩთან კონფიდენციალური შეხვედრის ფაქტი გაასაჯაროვა, რაც არც კაცურში და არც დიპლომატიურ საზომში არ ჯდება.  
_ თავში თქვით, რომ ქვეყანა გზაგასაყართან დგას. საით მივ­დივ­ა­რთ ან საით უნდა წავიდეთ?
_ ეს თემა სასიცოცხლო მნიშ­ვნელობისაა და ყველა სხვა ამასთან რა მოსატანია. ევროპასთან ასოცირების ბოძებული ეს შანსი ჩვენი ხსნაა. წარმოიდგინეთ, საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე რომ დავრჩეთ, რა მოგველის. გაფიქრებაც არ მინდა, რა მომავალი გვექნება, ჩვენი პატრონი არავინ იქნება და ეს ქვეყანა განგსტერულ ქვეყნად იქცევა, სადაც სრული განუკითხაობა დაისადგურებს და ნარკოტრანზიტისა თუ სხვა ბინძური საქმეების არეალი გახდება. ძალიან მიკვირს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ ხსნა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთშია, რომელმაც გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული დღემ­დე, რამდენი ბოროტება დაგვატეხა თავს. მტერი არაერთი გვყოლია, რომე­ლმაც აგვაოხრა და გაგვანა­დგურა, მაგრამ ერთმორწმუნე მეგობარი რომ გიმტრობს, ტერიტორიებს რომ წაგართმევს, ხალხს დაგიხოცავს, ეს მაინც სულ სხვა რამ არის. იმ 37 მანეთიან  მოტრფიალეებს ხომ არ ჰგონიათ, რუსული ჩექმა ის­ევ ისეთი „მსუბუქი“ იქნება, როგო­რც დიად საბჭოეთში? ჰოდა, გონს მო­ვე­გოთ, საღად ვიაზროვნოთ და ჩვე­ნი ქვეყნის და ოჯახის მომა­ვ­ალი, საფრთხეში არ ჩავაგდოთ, თორემ, მერე გვიან იქნება თითზე კბე­ნანი.
_ ცხადია, რომ ანტიდასავლური კამპანია, როგორც არასდროს, ისეა გაჩაღებული და ვითომ გარყვნი­ლების წინააღმდეგ  ასოცირდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს?
_ დიახ, პროპაგანდა სრულიად დაუნდობელი მიმდინარეობს. ისე წარმოაჩენენ დასავლეთს, როგორც გარყნილებას და ქართული იდენტობის საფრთხეს. ეს ასე არაა, რა თქმა უნდა.  ევროპა და დასავლური ცივილიზაცია უპირველესად კანონის უზენაესობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან ასოცირდება. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან,  ამ დროს  კი მათი  ოჯახის წევრები ევროპაში სამუშაოდ არიან და ოჯა­ხებსაც არჩენენ. საუბედუროდ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ჯერაც ვერ გამოვიდა პოსტსაბ­ჭოური აზროვნებისგან, იმ სივრცისგან, სადაც არც სამშობლო გვქონდა და არც წესრიგი. სწორედ კანონის უზენაესობა „აშინებს“ ზოგიერთს, რო­მლებსაც ურჩევნია ქაოსი, განუ­კითხაობა, რომ „მღვრიე წყალში“ უფრო მეტი სარგებელი ნახოს საკუთარი ოჯახისთვის, ქვეყანა კი ასეთებისთვის მეორეხარისხოვანია.
_ გამოდის მენტალური პრობლემა კვლავაც ხელს გვიშლის...
_ რა თქმა უნდა, საზოგადოების ერთი ნაწილი კმაყოფილია იმით, რაც აქვს, იმიტომ, რომ ასეა მი­ჩვე­ული. არადა, ნახეთ რა ხდება, მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი გარბის ქვეყნიდან, იცლება ქალაქები და სოფლები, ამ დროს კი სამ­თავ­რობო არხებით გადაცემულ პროპაგანდას, რომ ყველაფერი კარგად არის, ბევრი იჯერებს. ხალხმა დაკა­რგა საკუთარი ფასი, არ არის მომთხოვნი და ეგუება იმას, რაც გააჩნია. არა, ქვეყნის ეკონომიკის თუხთუხის სიმხურვალე იქნებ შე­მაწუხებელი სულაც არაა, მაგრამ  ფასების კატასტროფული ზრდაც კი შეუმჩნეველია ზოგისთვის. საყ­ანე სამუშაოები მიმდინარეობს ჯე­რაც და კატასტროფულად გაზრ­დი­ლი დიზელის ფასებით ხალხი გაი­ყვლიფა. როგორი საქმეა, როცა აგერ, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე საწვავი ლარს ცოტათი სცდება, ჩვენთან კი ოთხლარ ნახევარია. ზეთი და სხვა პროდუქტი მეზობელ თურქეთში მიზერი ღირს, ბევრიც გადადის და იქ ყიდულობს. აქ კი ამ ყველაფერს ცეცხლის ფა­სი ადევს. ამ ფასთასხვაობის თავი და თავი ის მონოპოლიური მიდ­გომებია, რომელიც ჩვენს ეკო­ნო­მიკას აზანზარებს, მთავრობა კი არაფერს აკეთებს სიტუაციის დასა­რეგულირებლად. ეს ერთი მაგა­ლითია და ასეთი იმდენია, ამ ინტე­რვიუში ვერ ჩავატევთ.
_ გასაგებია, ხელისუფლების შეცვლის სურვილი იზრდება, მაგრამ მოდის არჩევნები და ყველაფერი ლაგდება. როგორ ავხსნათ ეს ამბავი?
_ მარტივად, რამეთუ არჩევნები იმდენად მანიპულირებულია, მეტი რომ არ შეიძლება. ფაქტობრივად, ქვეყნის ყველა სტრუქტურა არის ჩართული ამ სპეცოპერაციაში, უკ­ლებლივ ყველა ამომრჩევლის შეს­წავლა ხდება, შემდგომ მიდის დაშინება, მოსყიდვა, დამუშავება და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროცენტებიც დათვლილია, ხო­ლო არჩევნების დღე სრული ფორმალობა გამოდის. საერთაშორი­სო დამკვირვებლები ვერაფერს ხ­ვ­დ­ე­ბიან, რამეთუ არჩევნების შე­დეგები წინასწარ არის მანიპულირებული და იმ დღეს რა უნდა მოხდეს? არაფერი, ოფიციალურად ფორმდება ის შედეგი, რომელიც უკ­ვე ცნობილი და სასურველია ხე­ლისუფლებისთვის. სწორედ ამი­ტომ არ სურს ქართულ ოცნებას რუს­ული მართვის სტილის ევროპული ღირებულებებით ჩანაცვლება, მა­შინ ხომ ვერ გააყალბებს, სასამართლოს ვერ ჩაიდებს ჯიბეში, ძალოვან სტრუქტურებს ვერ გააკო­ნ­ტრო­ლებს, კორუფციულ საცეცებს ვერ გააფართოებს და შედეგად  იმ ძალაუფლებასაც იოლად დათმობს, რომლითაც ტკბება უკვე მეათე წელია. 
_ და მაინც, რას უნდა ველოდოთ ახლო პერსპექტივაში, რომელიც პოზიტიურ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის?
_ ბევრი რამ ომის შედეგებმა უნდა გადაწყვიტოს. უკრაინამ საერ­თაშორისო თანამეგობრობისა და საკუთარი ერთიანობის ძალისხმე­ვით ეს ომი უნდა მოიგოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ავტომატურად დამარცხდება ის ანტიდასავ­ლური ისტერია, რომელიც რუსეთ­უმე, თუ სხვა სახის ძალებისგან მოდის. განვმეორდები და ვიტყვი იმ გულისტკივილს, რომ ვერაფრით  წა­რმოვიდგენდი  რუსეთ-უკრაინის და­პირისპირება მოხდებოდა და მა­სში ქართველთა ერთი ნაწილი მხ­არს რუსეთს დაუჭერდა. 
ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების ფეიკ-პოლიტ ნაბიჯები თუ ზრახვები ამაო იქნება. ბავშვები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ ოცნების წიაღიდან გამოსული სამეული, რომელიც უკვე კვარტეტი გახდა, იგივე ოცნების ნარატივში არ ზის. ესეც მორიგი სანახაობაა, რო­მელიც ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღრმავებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ვითომ „არაოცნების“ გუნდის ხელით. არა,  კაცო, ჩვენ კი არ ვაძაგებთ და­სავ­ლეთსო, იტყვიან კობახიძეები, მდინა­რაძეები თუ სამხარაძეები, არამედ ისინი ამბობენ და ჩვენ რა შუაში ვართო. ნამეტანი იაფფასიანი ტრ­იუკი კია, მაგრამ ზოგიერთს მაინც სჯერა, ან იძულებულია დაიჯეროს, რომ ევროპა და ამერიკა ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. მაგ სიმართლით იარონ მართლაც ქვეყნის მტრებმა, ჩვენ კი დაველოდოთ, მალე ყველაფერი დალაგდება. ამის იმედი ნუ მო­გვიშალოს უფალმა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 832
FACEBOOK კომენტარები