ადამიანის ცხოვრება არცერთ დროში არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, შრომა და გარჯა იყო საჭირო, თავი რომ გაგეტანა. მე რა თქმა უნდა, დიდი ომიანობის წლები არ მახსოვს, მაგრამ მონაყოლიდან ვიცი, რომ ყველა ოჯახს ძალიან გაუჭირდა, მით უფრო მათ, ვინც მამაკაცის გარეშე დარჩა, მაგრამ მათ მეზობლები დაუდგნენ გვერდით, როგორც შეეძლო ეხმარებოდნენ, თუ მეზობელი ხედავდა მის გვერდით ოჯახს არაფერი ჰქონდა, რამეს მაინც მიაწვდიდა, თანაც ისე, რომ სხვებს არ დაენახათ და უხერხულობა არ ეგრძნოთ, ამიტომაც გამოვიდნენ ამ გასაჭირიდან და კვლავ ფეხზე დადგნენ.
90-იანი წლები ბევრს გვახსოვს, შუქი არ იყო, სანთელი ძვირი სიამოვნება იყო, ლამპა გვენთო, მერე თურქული ლამპა შემოვიდა, სარკიანი, ნავთი თუ გვქონდა დიდი კომფორტი იყო, პური სულადობის მიხედვით გვეძლეოდა, რამდენიმე გრამი, დიდ ქალაქებში მიდიოდნენ და იქ ყიდულობდნენ შავ პურს, რადგან იქ თუ არ იყავი ჩაწერილი, თეთრი პური არ გეძლეოდა, ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ვინ იცის რამდენჯერ ჩავსულვართ ლანჩხუთში ფეხით, აქეთ ტვირთით მომავალს ტრაქტორი თუ შეხვდებოდა, ღმერთის წყალობა იყო, უშაქრო მურაბა და მჭადი გვიჭამია.
ტყვიები არ მოგვხვედრია, მაგრამ აფეთქებების ხმა სულ ახლოს გვესმოდა, ყოველ წუთს მზად ვიყავით გასაქცევად, მაგრამ არ ვიცოდით სად უნდა გავქცეულიყავით, ის დღეებიც მახსოვს, საშინელი ყაჩაღობები რომ ხდებოდა, კიდევ კარგი, შუქი რომ არ იყო და ტელევიზორს ვერ ვუყურებდით, არ ვიცოდით რა ხდებოდა გარშემო, უარესი იქნებოდა, ესეც გადავიტანეთ, აქედანაც გამოვედით, ახლა იმასთან შედარება არაა, თუმცა ან ახლა რა გვაქვს, ჩვენს მთაგორიან სოფელში გაზიც გვაქვს, მაშინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ არ გვაქვს ყველაზე მთავარი _ სითბო და სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემისა და გატანის უნარი, არ გვაქვს სულ მცირე სიკეთის გაკეთების სურვილი, ერთმანეთის დახმარების და გვერდით დგომის სურვილი, რადგან დავკარგეთ. საკუთარ სიხარბეს, უგულობას, გაუმაძღრობას გადავაყოლეთ. თუ ვინმე მეტყვით რომ ზედმეტი მომდის, მაშინ ჩაიხედეთ საკუთარ გულში, რამდენ ადამიანს გაუკეთეთ სამადლო საქმე ბოლო დროს, გაუმართეთ ხელი ან დაეხმარეთ, სიტყვით მაინც, იქნებ მატერიალურად თქვენც არ გქონდეთ ბევრი, ზოგჯერ მცირედი ბევრს ნიშნავს.
ახლა კიდევ სხვა გასაჭირის წინაშე დავდექით, მარტო ჩვენ კი არა, ძლიერი ქვეყნებიც, ალბათ ეს ბევრად მეტი პრობლემაა, იმაზე ბევრად მეტი, შავ პურს შეჭამ თუ თეთრი პურს, რადგან საქმე სიცოცხლეს ეხება, დახმარება და სიკეთე ისაა, ვინც ახლა დაუდგება გვერდით მის ახლოს მყოფს, ვინც ამას საჭიროებს, დიდი ადამიანური საფასურის სანაცვლოდ, მაგრამ მჯერა, აქედანაც გამოვა ჩვენი ქვეყანა, ამასაც გადაურჩება, ესეც გაივლის, მაგრამ ღირს ფიქრი იმაზე, რომ აქედან ერთად უნდა გამოვიდეთ, აქედან ყველა უნდა გამოვიდეთ, რატომღაც შევეჩვიეთ იმას, რომ ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა გახდა, არა და ასე არ უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ადამიანობა არაა, ჩვენ კი ადამიანებად დავიბადეთ ამ ქვეყანაზე, ჰოდა, დავრჩეთ ბოლომდე ადამიანებად, სხვაც დავინახოთ ჩვენს გარშემო, დისტანცია და იზოლაცია იმას არ გულისხმობს, გულის ნაცვლად ქვა გვქონდეს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდეთ და არ დაგვიდგეს დრო რომ ვინმეს თვალი ვერ გავუსწოროთ.
ეს ბევრად მეტი პრობლემაა, იმაზე ბევრად მეტი, შავ პურს შეჭამ თუ თეთრი პურს
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 834