ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გამარჯობა, აფხაზეთო შენი!

გამარჯობა, აფხაზეთო შენი!
3-12-2021, 12:43

წერილი მეგობრებს
მოგმართავთ ქართველი, დაბა­დებ­ული ლანჩხუთში, პროფესიით მეტყევე ინჟინერი, რევაზ იმნაძე. 1956 წელს დავამთავრე თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუ­ტის სატყეო ფაკულტეტი მეტყევე ინჟინერის წოდებით. ინსტიტუტის მიერ სამუშაოდ განაწილებულ რა­იონში ვაკანტური ადგილი არ აღ­მო­ჩნდა და ვიყავი რამდენიმე თვე უმ­უშევარი შემდეგ კეთილი ადამი­ან­ების დახმარებით აღმოვ­ჩნდი აფხაზეთში, კერძოდ ოჩამ­ჩირის სატყეო მეურნეობის კოლე­ქტივში და დავიწყე დამოუკიდებელი მუ­შაობა ჩემს ცხოვრებაში პი­რ­ველად. ასე ვიტყოდი: იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნო­ბა, რომელიც მე მაშინ განვიცადე, დღესაც არ გამნელებია. მაშინ 23 წლის ახალგაზრდა გახლდით. ეს ამბავი ასე მოხდა: ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, რკინიგზის ინჟინერი, ბატონი მიშა ურუშაძე იმ პერიოდში მუშაობდა სამტრედია-სოხუმის სარკინიგზო დისტანციის უფროსად და ახლოს იცნობდა აფხაზეთის სატყეო მე­ურნეობის მინისტრს, ბატონ აშ­უბას (ალბათ მიხეილი ერქვა, კარგად არ მახსოვს). სთხოვა მას ჩემთვის შესაფერისი სამუშაო ად­გილი გამოენახა, თუკი ამის საშუალება და შესაძლებლობა ექ­ნებოდა. სატყეო მეურნეობის მინისტრი, ბატონი აშუბა, როგორც შემ­დეგ გავიგე, იყო ძალიან გან­ათლებული და კეთილი ადამიანი, ახალგაზრდა მეტყევეებს თუკი ამ­ის საშუალება ჰქონდა, უყუ­რა­დღებოდ არ ტოვებდა საქარ­თ­ვე­ლ­ოს რომელი კუთხიდანაც არ ყო­ფილიყვნენ ისინი. რა თქმა უნდა, ბატონმა მინისტრმა თავისთან მიმიხმო, გამესაუბრა, ყველაფერი გამომკითხა. მე ვუთხარი, რომ მა­მით ობოლი ვარ, მამა დამეღუპა 1941-45 წლების დიდ სამამაულო ომში. მოკლედ, საბოლოო ჯამში ჩემთან საუბრით კმაყოფილი და­რჩა და სინანულიც გამოთქვა, რომ ფაშიზმთან ბრძოლაში ბევრი საბ­ჭოთა მოქალაქე დაიღუპა, მათ შო­რის საქართველოდანაც. მომცა მიმა­რთვა და გამიშვა ოჩამჩირის სატყეო მეურნეობაში (დირექტო­რი ბატონი ნაპოლეონ შონია) და და­ავალა დირექტორს ჩემთვის შესაფერისი ადგილი გამოენახა. ასე დავიწყე მუშაობა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭილოუში. სოფ­ე­ლში გამაყოლეს მეურნეობიდან წა­რ­მომადგენელი, რომელმაც წარმადგინა იქ, როგორც ამ უბნის მეტყევე. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა არის პირველი ხელფასი, როგ­ორი გახარებული ვიყავი. ახლა კი, მეგობრებო, მინდა გავიხსენო იქ გატარებული 1956-57-58 წლები და მოვუთხრო საზოგადოებას ჩემი მაშინდელი ცხოვრების შესახებ. სოფელში დავიქირავე ბინა კვებ­ით. ოჯახში უფროსი მამაკაცი იყო მიხეილ ლოგუა (მეუღლის სა­ხელი სამწუხაროდ არ მახსე­ნ­დება). ჰყავდა ხუთი შვილი, სამი ბიჭი და ორი გოგო. უფროსი ვა­ჟი, ივანე დაოჯახებული იყო, ჰყავდა სამი შვილი: ვალეტა, ალიკა და სულ პატარა, სამი წლის კისა (ჩვენებურად კესო), შესანიშნავი გოგონა. მეუღლე ჰყავდა საუკ­ეთ­ე­სო ადამიანი და დედა. ჩემთვის იც­ოდა თქმა ქართულად: „ქორმა წი­წილა წაიღო“ და იცინოდა. მათი უფროსი შვილი 10 წლის ვალეტა იყო ჭკვიანი გოგონა, მას­წავლიდა აფხაზურად ლაპარაკს. ბატონი მიხას მომდევნო შვილები იყ­ვნენ სერგეი და რუდიკი მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები, ძმე­ბივით ვიყავით, გვიყვარდა ერთ­მანეთი. ორი გოგონაც ჰყავდა, ერთს ცობა ერქვა, მეორის სახელი არ მახსოვს. აი, ასეთ მრავალ­შვი­ლიან ოჯახში უფროსებმა მეც თა­ვი­ანთ შვილად მიმიღეს, როგ­ორც საკუთარ შვილებს, მეც ისე მექცეოდნენ, მივლიდნენ, მაჭმევ­დნენ, ყველაფერს მიკეთებდნენ, რომ განსხვავება არ მეგრძნო. როგორ ტკბილად ვიყავით, როგორი სიყვა­რულით, ის ურთიერთობა დღემდე გამომყვა და როცა ვიხსენებ იმ ოჯახში გატარებულ წლებს, უც­რემლოდ ვერ ვამთავრებ ამ მო­გო­ნე­ბებს. როგორ მწყდება გული მათი უნახაობით, ძალიან მენატრებიან!
სოფელს ძალიან კარგი ხელმძღვანელები ჰყავდა: კუშაში _ კოლმეურნეობის თავმჯდომარე, აკუნი _ სოფლის საბჭოს თავმჯდომარე. ჩემი იქ ჩასვლით შეიქმნა სამეული, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობასა და პატივისცემას იმსახურებდა. ამათ დავყავდი ყველგან — ლხინში, ჭირში, მასწავლიდნენ და მაჩვევდნენ მათ ტრადიციას, საქმიანობას, პურმარილს, მეგობრობას, მასმევდნენ კარგ ღვინოს, რომელსაც „ფრანგულს“ ეძახდნენ. აბა, კერძები როგორ გემრიელი, საოცრად მომზადებული იცოდნენ. ტრადიციულ ქორწილში ყოფნა ერთი დიდი სიამოვნება იყო. მოკლედ, ყველაფერს გულიანად მასწავლიდნენ და ჩემი გულიდანაც ჩემდამი ასეთი ყურადღება და ზრუნვა არასოდეს ამოიშლება.   სოფელში ძალიან კარგი ახალგაზრდობა იყო. მახსოვს, შურა ჯოპუა, შუგია, ციბა - სოფლის თვა­ლი და ამ ახალგაზრდობის ხელმძღვანელი (ბრიგადირი). მამაკაცები _ არტიომი, მირონი და ბევრი სხვა, ბევრი მათგანი აღარც მახსოვს, ძალიან დიდი დრო გავიდა. რა იქნება, მეგობრებო, თქვენი ხმაც მოგვაწვდინოთ, თუკი ამისი საშუალება გამოჩნდება. მე ამჟამად 85 წლის „ახალგაზრდა“ რეზო ვარ. სად დაიკარგა და რატომ დაიკარგა ის სიყვარული, რომელიც ჩვენში არსებობდა? რატომ მოხდა ძმათა ომი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის? ჩვენ ხომ ისტორიულ მტრებს ერთად ვებრძოდით საუკუნეების მანძილზე. ჩვენ მოგვატყუეს, მეგობრებო, ქართველებიც და აფხაზებიც ორთავე დამარცხებულები ვართ, გაიმარჯვა მესამე ძალამ, რომელსაც ქართველი და აფხაზი ხალხის ბედი არ აწუხებს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი ხალხები იფიქრებენ ამაზე, მოვა დრო და უფალი ღმერთი განსჯის ყველაფერს და ჩვენ ერთმანეთს ჩაგვახუტებს. 

            რევაზ იმნაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 832
FACEBOOK კომენტარები