„ჰო და არას“ სტუმარია, ახალგაზრდა ოჯახი, სამი წევრით: ნანა გიგინეიშვილი, გიორგი რუსიძე და აკო რუსიძე, რომელიც წლებია ლანჩხუთიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა;
- ნანა, დავიწყოთ თქვენი ისტორიით. როგორც ვიცი, პირველმა თქვენ დატოვეთ ოჯახი და წახვედით, დატოვეთ მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი, წლის და რვა თვის, რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?
- მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება, რომ ჩემი შვილისთვის და ოჯახისთვის შემექმნა საცხოვრებელი პირობები უკეთესი პირობების შესაქმნელად, ბოლო გზა იყო ემიგრაცია.
- ჩახვედით იტალიაში, გაიხსენეთ ჩასვლის და გარემოსთან შესაგუებელი მძიმე დღეები.
- პირველად ჩავედი ფლორენციაში. რადგან ფლორენციაში სამსახურისთვის საჭირო იყო ენის ცოდნა და ლეგალურად მუშობის საბუთები, ამიტომ გადავწყვიტე ჩემით მეპოვა გზა და წამოვედი იტალიის სამხრეთით, კალაბრიის ერთ-ერთ ქალაქში კოზენცაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან შეგუება, ამავდროულად შვილის და ოჯახის მონატრების სურვილი ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე, მაგრამ ისევ შვილისთვის მოვახერხე ყველაფერი, ვისწავლე ენა, შევეგუე იტალიური ცხოვრების პირობებს და დავიწყე მუშაობა ბებოსთან. 3 წელი ვმუშაობდი მასთან. 3 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ოჯახი ჩამომეყვანა ჩემთან.
- გაიხსენე ოჯახთან შეხვედრის დღე.
- აკო დავტოვე წლის და რვა თვის, ფაქტიურად ბავშვის გაზრდაში, მხოლოდ ინტერნეტით და ფინანსურად ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი მეუღლე, გიორგი რუსიძე ფაქტიურად დედობასაც უწევდა ბავშვს. ჩამოსვლის დღეს ბავშვი გაოგნებული მიყურებდა, იყო ცრემლები, ჩახუტება, მოფერება, თავიდან ცოტათი გაუჭირდა ბავშვს ჩემთან შეგუება, მერე უკვე დავუბრუნდით ერთად ცხოვრების რიტმს.
- და უკვე ერთად ხართ. რას საქმიანობთ და რომ მომიყვეთ თქვენი ერთი დღის შესახებ.
- ვმუშაობ ბიზნესმენებთან რომლებსაც აქვთ ღვინის დიდი ბიზნესი. ისინი აწარმოებენ 12 სახეობის ღვინოს. გიორგი მუშაობს ვაზის ბაღში, უვლის ვაზს, მე ღვინის ჩამოსხმის დროს ვახდენ ღვინის ბოთლების ეტიკეტირებას, და ვახარისხებ ყუთებში, ვამზადებთ უკვე გასატანად, მათი ღვინის რეალიზება ხდება, როგორც იტალიაში, ასევე ამერიკაში, გერმანიასა და სხვა დიდ ქვეყნებში. რაც შეეხება აკოს, ის წელს უკვე შეაღებს იტალიური სკოლის კარს.
- მოგვიყევით თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და როდის?
- საბოლოო ჯამში, იმიტომ ვართ აქ, რომ საქართველოში დაბრუნებისას უკვე გვქონდეს საცხოვრებელი პირობები შექმნილი, შევძლოთ ოჯახის რჩენა და აღარ ვიფიქროთ ისევ საქართველოს დატოვებაზე.
- როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებით და უკვალავთ გზას ემიგრაციისკენ, როგორ ახერხებთ ამას და რატომ?
- ჩემი გამოვლილი გაჭირვებიდან გამომდინარე, მინდა ყველა ჩამოსულს გავუმართო ხელი და დავეხმარო გზის გაკვალვაში, რომ მათაც შეძლონ ემიგრაციაში ნორმალურ პირობებში მუშობა.
- და ბოლოს, რას გვეტყოდით და რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?
- გული იმაზე მწყდება, რომ მენატრება ჩემი მიწა-წყალი და ჩემს ქვეყანაში არ არის იმის პირობები, რომ მანდ შევძლოთ ცხოვრება და ვირჩინოთ თავი, ვარჩინოთ ოჯახები. მინდა, ჩემმა ქვეყანამ მომცეს დაბრუნების საშუალება და შემიქმნას სამუშაო ადგილები, რომ არ მომიწიოს ქვეყნის დატოვება, ასევე ვისურვებდი, ყველა ემიგრანტს ჰქონდეს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება.
ერთი ქართული ოჯახის ემიგრანტული ისტორია
ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 926



