ლტოლვილის რთული ცხოვრება, ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს ავბედითი ისტორიის მიერ თავსდატეხილი ქარიშხალი,
რამდენჯერმე გამოცვლილი საცხოვრებელი, ვეტერანი მეუღლლესთან ერთად ფიზიკური შრომით და პედაგოგის მწირი ხელფასით შექმნილი ორი ვაჟიშვილის მომავალი და ვალით ნაყიდი ერთი საუკუნის სახლი, რომელიც დღემდე ვერ გადახურა, ახლა კი ყოველი გაწვიმების ეშინია.
,,ჰო და არას” სტუმარია პედაგოგი ლეილა ჩვამანია.
_ ქალბატონო ლეილა, ძალიან ძნელია აფხაზეთის ომის რთული დღეების გახსენება, რომლის შედეგად თქვენ გურიაში აღმოჩნდით, რამდენიმე სიტყვით გვითხარით, როგორ ჩამოხვედით აქ?
_ 1992 წლიდან ვარ ლანჩხუთში. მეუღლე იბრძოდა და დარჩა სოხუმში, წამოვედი ორი ბავშვით, სამი დღე-ღამე აეროპოტში ვიყავით, თვითმფრინავით 25 ადამიანის ნაცვლად, 72 კაცი მოვფრინავდით. ამ სიმძიმის გამო, სიმაღლე ვერ აიღო თვითმფრინავმა და ჩემმა მეუღლემ იფიქრა ხომ არ დავღუპე ცოლ-შვილიო. რაც წამოღებული მქონდა საჭმელი ვურიგებდი ყველას, ბავშვები ტიროდნენ მამა უნდოდათ. უმცროსი - მურადი სკოლაში ჯერ არ დადიოდა, მანუჩარი კი მესამე კლასელი იყო. ჩამოვედით ქუთაისში, მერე წყალტუბოში წაგვიყვანეს, მოაწერე ხელი საბუთზეო, რომ მითხრეს მხედველობა დამეკარგა იმდენად გავნერვიულდი, პირველ სართულზე გაგვამწესეს, პური მოგვიტანეს, შიოდა ბავშვებს. მეორე დღეს, დილას ავდექით 7 საათზე და წამოვედით სამტრედიაში, სადაც ჩემი რძალი ცხოვრობდა, მაზლის ცოლი, იმაზე ვფიქრობდი სულ, რომ ეს ბავშვები არ დამკარგვოდა, პატრონთან მინდოდა ყოფნა და 20 დღე დავრჩი სამტრედიაში.
დედაჩემი არის სოფელ აკეთიდან, დეიდაშვილები და ბიძაშვილები მყავს ამ სოფლიდან. გურია ძალიან მიყვარდა და წამოვედი აქეთ. ჯერ ჯუნეწერში ვცხოვრობდი. მაშინ სახელმწიფო რაღაცას _ ზეთს, ფქვილს და ცოტა რამეს გვაძლევდა, იქედან ებრალიძეების სახლში გადავედი, სადაც 8 წელი ვცხოვრობდი, მერე გვიმბალაურში ვიყავი 13 წელი. ამასობაში გამოჩნდა ეს სახლი, ვიფიქრე, ბავშვები უსახლკაროდ არ დამრჩეს-მეთქი და ჩემს ქმარს დავურეკე თბილისში, ვკითხე აზრი. კაპიკი არ გვქონდა, უნდა მესესხებინა. მერე ყველამ ხელი შემიწყო, ზოგი სესხით, ლატარია ვითამაშე, ჩემი ისტორია და ბანკების ისტორია გადავსებულია. ვშრომობდი, რომ ბავშვები ფიზიკურად გადამერჩინა, ჩემი მეუღლე, პროფესორი კაცი ბაზარში დავაყენე, რომ როგორმე თავი გაგვეტანა და ვალები გაგვესტუმრებინა. სახლი შევიძინე, ნაწილი ვალები დავფარე, რემონტი არ მქონდა გაკეთებული და მეუღლეც გარდამეცვალა. _ სკოლაში რომელ წელს დაიწყეთ მუშაობა?
_ როცა ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე მუშაობა, მაჩხვარეთის სკოლაში, ქიმია-ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლად. მერე პირველ სკოლაში გამოჩნდა ადგილი, ექვსი საათი მომცეს და ასე დავიწყე, ძალიან კმაყოფილი ვარ პედკოლექტივის თანადგომით. მე მართლაც ამ კოლექტივმა გადამარჩინა, მეუღლე რომ გარდამეცვალა, ყველამ დამეხმარა, რომ გამეკეთებინა ერთი ოთახი მაინც, მიცვალებული მოვასვენე აქ, რომ ერთი ღამე საკუთარ სახლში ყოფილიყო.
ყველაფერი გამოვცადე, შრომის არ მეშინია, ჩემი მეუღლე ამბობდა მენაგვედ ვიმუშავებ, ოღონდაც ბავშვები იყოს კარგადო. პროფესორი კაცი ოთხი გამოგონების ავტორი იყო, მაგრამ ფიზიკურად მუშაობდა.
_ რამდენი ხნის მერე ჩამოვიდა თქვენი მეუღლე თქვენი ჩამოსვლიდან?
_ ალბათ ნახევარი წელი იყო გასული, რაც ჩვენ ჩამოვედით, ქობალია რომ შემოვიდა ის პერიოდი იყო, როცა საყოვეთაო შერიგება მოხდა. ჩვენს წასაყვანად ჩამოვიდა, იქამდე ჩამოგვაკითხა სამხედრო ფორმით და კინაღამ გახადეს თურმე მატარებელში, ხიდი ცხენის წყალზე დაინგრა და ბავშვები ზურგით უნდა გადაგვეყვანა. ვიდექი გაჩერებაზე ,,ელექტრიჩკას“ უნდა გავყოლოდით და სად მიდიხარო, ჩემმა ახლობელმა მითხრა, ხოცავენ ჯაპანაში ერთმანეთსო, ასე დავრჩით აქ.
არაფერი არ წამოგვიღია სოხუმიდან, ერთი ნამცეციც კი, შეირაღების უფროსი იყო ჩემი მეუღლე, ორი ინსტიტუტი ქონდა დამთავრებული, საამშენებლო და მექანიზაციის ფაკულტეტები, სოხუმში ხუთოთახიანი ბინა გვქონდა, გარეუბანში სახლი, მანქანაც გვყავდა. ჩემმა მეუღლემ დიდი პროექტი გაუკეთა ,,სატყეოს“ და თანხას აძლევდნენ, მაგრამ უთხრა რომ სახლის აშენება უნდოდა, მორები ჩამოიტანა, დახერხა, რვაათასი ცალი ბერკეტი თავისი ხელით დაამზადა... დარჩა ეს ყველაფერი სოხუმში.
_ რამდენი ხანია ამ სახლში ცხოვრობთ?
_ მეუღლის სიცოცხლეში ვიყიდეთ, მაგრამ როცა დაიღუპა არ იყო გაკეთებული, ფანჯრებიც არ მქონდა გამოცვლილი, დავრჩი მარტო. ორივე შვილი სტუდენტი იყო, უფალმა შემიწყო ხელი ამდენი ვალი გამესტუმრებინა და ახლა სამი თვე არაა, რაც დავამთავრე, მაგრამ სახურავი გადასახურია, გვერდიდანაც აწვიმს, ჭერში ჭურჭელი მიდევს, წვიმა რომ მოვა წყალია რ ჩამოვიდეს.
_ ვინმეს მიმართეთ რომ სახურავის გადახურვაზე დაგეხმაროთ?
_ კი, როგორ არა, ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე და მაინც დამაინც ქარიშხალი უნდა მოვიდეს, რომ მთლიანად ახადოს სახურავიო, ასე მითხრეს. ადგილობრივ მერიაში ვიყავი მისული. ვიცი რომ ბევრს მისცეს სახურავები, თანაც ორჯერ. ვის არ მივმართე, მაგრამ ვერაფერი გავხდი, მე ჩხუბი არ შემიძლია და ვართ ასე, გვაწვიმს თავზე.
_ სახლი ერთი საუკუნის იქნება?
_კი მასეა, ახლა იყო ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული ძველ სახლები, მათ შორის ჩემი სახლიცაა. კედლები თავისით ცვიოდა და ყველა მოვხსენით, მაგრამ ვერ დავასრულეთ.
_ ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს მიმართეთ, რაიმეთი დაგეხმარათ?
_ კი, ქუთაისშია ეს ორგანიზაცია და იქ დავწერეთ განცხადება, ჩემი მეუღლის სიცოცხლეში.
_ სახურავის მასალაც დაზიანებულია?
_ დიახ, ხის მასალა დამპალია, კრამიტებს ვეძებთ, რომ გადავახუროთ ჩემი მაზლი ადის სახურავზე, აკეთებს და მეშინია არ ჩავარდეს, დიდი წვიმების დროს ძალიან გვეშინია, სახურავი მთლიადად ძველია და ვერ გაუძლებს.
ლტოლვილი პედაგოგის ცხოვრება ვალით ნაყიდ ძველ სახლში, რომელიც დღემდე ვერ გადახურა და ყოველი გაწვიმების ეშინია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 979



