რამდენიმე დღეა ლანჩხუთს ემიგრაციის თემამ გადაუფრინა.
,,თქვენ ყოველ დღე წუწუნებთ, თუ რა მძიმე და აუტანელია აქ ყოფნა, მაგრამ არაფერს აკეთებთ, რომ ყველაფერი შეცვალოთ და თავი დააღწიოთ აქაურობას!” _ ფრაზა კენ კიზის რომანდან _ ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". მილოშ ფორმანმა 1975 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
წიგნის ეპიგრაფია:
,,...ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.”
რამდენიმე დღის წინ სრულიად ლანჩხუთელთა ფეისბუქ სამეგობროს ემიგრაციის თემამ გადაუფრინა, გოგონა რომელმაც დიდი ხანია არაა, შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია და უამრავ შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარა, თავად გახდა იძულებული უცხოეთში წასულიყო, იგი სულ მალე ქვეყანას ტოვებს. პირველ რიგში მინდა წარმატებები ვუსურვო ნინია ბარამიძეს, ამ გზაზე და სულ მალე ახალი იდეებით და გამოცდილებებით დახუნძლული დაბრუნებულიყოს კეთილი საქმის მსახურად, ბედნიერი და მხიარული.
რას ვფიქრობ? შეიძლება მავანს შეშურდა კიდეც ცოტათი, არც ესაა გასაკვირი. მათ შორის შეიძლება მეც ვიყო, რადგან უკვე დიდი ხანია იმედით ველოდები ქვეყნის დალაგებას, დამლაგებელი კი ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხი, მაგრამ ვართ კი?!.. რა უფრო შეგშურდა? ვეკითხები ჩემს თავს: ამ უთავბოლო ქვეყანას რომ ტოვებს, თუ შენზე ერთი თაობით ახალგაზრდაა და შენზე მეტის გაკეთება შეუძლია? ალბათ ერთიც და მეორეც, სამწუხაროდ დროის უკან დაბრუნება არავის ძალუძს, თუმცა ემიგრაციაში არაერთი ჩემი ტოლი ქალბატონი მიემგზავრება და უფრო ხანშიშესულებიც კი, ერთმა ახლობელმა მითხრა, დიდი ხანია პასპორტში აღარც კი ვიხედები, სანამ ჯანი მომდევს, მჭირდება ანაზღაურებადი სამუშაო, აქეთ შვილებს და შვილიშვილებს ვტოვებ, მენატრებიან, მაგრამ საქართველოში ხანდახან ოთხ-ხუთ წელიწადში რამდენიმე კვირით ჩამოვდივარ და მაშინვე უკან დაბრუნებაზე ვიჭერ თადარიგსო.
აგერ უკვე ოცდაათი წელია ვხედავთ, როგორ ტოვებენ ამ ჩვენს პატარა რაიონს ადამიანები, თითოეული მათგანი მარტო სტატისტიკის ნაწილი კი არა, ერთი ოჯახის გასაჭირია, ეს ოჯახები კი მთელი ქვეყანაა. პირველი მეგობარი რომ გავაცილე, იმის მერე 25 წელი გავიდა. მართლაც ძალიან ბევრი წასულა თურმე, სტატისტიკის მიხედვით: ბოლო ერთ წელიწადში 100 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვვეყანა, ემიგრაციაში მიდიან გამოცდილი სპეციალისტები: ექიმები, პედაგოგები, ინჟინრები, რომლებიც უცხო ქვეყნებში სხვების სახლებს ალაგებენ, მოხუცებს უვლიან, კაფეებში ჭურჭელს რეცხავენ… ასე „იკარგებიან“, „ეგუებიან“, „ითქვიფებიან.“ საბედნიეროდ, ნაწილს უმართლებს და დიდი მცდელობის შედეგად წარმატებას აღწევს, კარგ სამსახურს ან თავის პატარა ბიზნესს იწყებს და მატერიალურად ძლიერდება, მყარ საფუძველს იძენს.…
არასოდეს დამავიწყდება, სამი წელი იქნება გასული, ზაფხულის მიწურული იყო, ქუჩაში ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი შემხვდა უფროსი გოგონას სტუდენტობა მივულოცე, მანაც მომილოცა. იმ წელს ჩემი უმცროსი შვილიც გახდა სტუდენტი, ერთმანეთს გამოცდილებები გავუზიარეთ და მერე სევდიანი ღიმილით მითხრა, იტალიაში ვაპირებ წასვლას, სხვა რა გზა მაქვსო. გული კი მეტკინა, თითქოს რაღაც ჩამწყდა, მაშინაც გავიფიქრე, ალბათ ასე სჯობს-მეთქი. იმის მერე თითქმის ყოველდღე ვკითხულობ სოციალურ ქსელში ლალის ემოციურ პოსტებს და თითქოს დაუსწრებლად გავითავისეთ ბევრმა ჩვენგანმა რა არის ემიგრაცია?!
სულ ახლახან საქართველო ასევე დატოვა ლანჩხუთის წინა მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ლელა ჩახვაძემ.
...და ასე მიემართება საქართველოს რჩეულ მოქალაქეთა გრძელი სია ემიგრაციაში, სანამ ქვეყანაში რამე არ გამოსწორდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, სანამ მეპურეს, კონდიტერს, ფერშალს, მასწავლებელს, ექიმს თუ ინჟინერს თავისი ადგილი ეცოდინება, ამაოდ არავინ გალევს წუთისოფელს პროფესიის შეძენაში, ბოლოს და ბოლოს ადამიანს ბითუმად აღარ შეაფასებენ, მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის წევრობით არ განსაზღვრავენ მის ცოდნას და გამოცდილებას... მანამ, სანამ პირველადი მოხმარების საშუალებებით სავსე ფუთებს დაეკარგებათ ხიბლი და ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული უფრო გაახარებთ, ვიდრე ზეთი მაკარონი და შაქარი.
დიახ ეს დროც დადგება.
,,...ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა...”
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 024



