გამოხმაურება წერილზე - ,,ღია წერილი პედაგოგიურ საზოგადოებას, ყველას, ვისაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები აღელვებს!
მინდა გამოვეხმაურო სოსო კვაჭაძის წერილს, რომელიც ,,ჰო და არაში” დაიბეჭდა.
განათლების სფეროში არსებული პრობლემები ბევრია, თუმცა არის მთავარი, ასე ვთქვათ ყველა პრობლემის სათავე, კერძოდ, ეკონომიკა, ანუ ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა და ურთიერთობები და ეკონომიკური კანონები. განათლების სფეროც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი ეკონომიკის ობიექტურ ე.ი. ჩვენი ნებისგან დამოუკიდებელ კანონებს ექვემდებარება. ალბათ ბევრს სმენია მოთხოვნა-მიწოდების უნივერსალურ კანონზე - როგორიცაა მოთხოვნა ისეთია მიწოდება. ჩვენში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, არ არსებობს დაკვეთა ცოდნაზე, ჩვენ მხოლოდ საბუთი გვჭირდება, რომ ,,მცოდნე" და ,,განათლებული" ხალხი ვართ და სისტემაც ჩვენს სოციალურ დაკვეთას ადექვატურად პასუხობს. თავის მხრივ ამ არაჯანსაღ მოთხოვნას არაჯანსაღი, თავდაყირა დაყენებული ეკონომიკური ურთიერთობები ბადებს. არ არსებობს კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საბაზრო ურთიერთობები, ამდენად ყალბის და ნამდვილის შეფასების კრიტერიუმიც არ არსებობს. როგორც ყველაფერი, განათლების სისტემაც სახელმწიფოს მიერ ტოტალურადაა მონოპოლიზებული. ხელშეკრულია ყველა კერძო ინიციატივა. პედაგოგები უამრავი რეგულაციის, ლიცენზიების და ტრენინგების ლაბირინთშია გამომწყვდეული. რეალურად არ არსებობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი სკოლა. არ არის არჩევანი, არც მოსწავლისთვის, არც მასწავლებლისთვის. არ არის კონკურენცია. ერთ ერთი პრობლემა უფლებების არასწორი, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში გაგებაა. თავის დროზე, განათლების უფლებაზე ნეგატიური შინაარსით საუბრობდნენ, ანუ არავის აქვს უფლება წამართვას, ან შემიზღუდოს განათლების მიღების უფლება. დღეს მან პოზიტიური შინაარსი შეიძინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მავანს განათლება მისცეს. აქედან საყოველთაო სავალდებულო განათლების სისტემაც. იძულებით შეიძლება ადამიანს რაიმე მისცე? ძალით მხოლოდ წართმევა შეიძლება...
სავალდებულობა ბადებს მიწერებს. ქმნის წარმატებების ყალბ სურათს. თვალთმაქცობაშია ჩართული პედაგოგიც და მოსწავლეც. ასე იყო საბჭოთა დროს, ასეა დღეს. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ რაც დრო გადის სისტემა უფრო ყანყალებს!
"თუ საძირკველები დანგრეულია მართალმა რა ჰქნას?!"
ვახტანგ ზენაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 892



