ბიბლიოთეკარის შრომა უჩინარი და დაუფასებელია, წიგნსაცავების გრძელ, ვიწრო დერეფნებში დღენიადაგ ფუსფუსი სულაც არ არის იოლი, წიგნის სპეციფიკური სუნით გაჟღენთილ დარბაზში საქმიანობა დიდი სამუშაო სტაჟის მქონე ბიბლიოთეკარისთვის ცხოვრების წესიც არის და ეს ყველაფერი ყველაზე მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ერთ-ერთი ასეთი დამსახურებული ბიბლიოთეკარი გახლავთ, ქალბატონი თინათინ ონიანი, იგი სოფელ აცანის ბიბლიოთეკას უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია ხელმძღვანელობს, დიდი რუდუნებით ემსახურება საყვარელ საქმეს, თუმცა სწუხს იმაზე, რომ ამ სფეროში ხელფასები უკიდურესად დაბალია. საქსტატის მონაცემებით ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 246 ლარია, მას კი მხოლოდ 180 ლარი აქვს ხელზე ასაღები.
- ქალბატონო თინათინ, რამდენი ხანია ბიბლიოთეკარი ხართ და როგორია დღეს ამ პროფესიის მიმართ დამოკიდებლება სახელმწიფოს მიერ?
-1976 წლიდან ვმუშაობ ბიბლიოთეკაში. ჩვენი განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ხელფასების მომატებას ველოდით. დიდს არაფერს არა, მაგრამ ის 40 ლარიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ახლა თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენით, განა მარტო მე? ყველამ. 10 პროცენტი მოგვემატა, მივიღებთ 180 ლარს. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვიწევს გადაადგილება ტრანსპორტით, ოჯახები გვაქვს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ ის არ გაითვალისწინა 200 ლარი რომ გვქონოდა. ეს 165 ლარი წინა ხელისუფლების დროს გვქონდა ჩვენ და იმის მერე არ მოგვმატებია. სიახლე მოვიდა, ახალგაზრდა ხალხი მოვიდა, კარგი კადრები შეარჩიეს ხელისუფლებაში, ჩვენც მხარი დავუჭირეთ. იქნებ არ ვაკეთებთ ჩვენ ისეთ საქმეს, რომ ღირებული იყოს? საბიბლიოთეკო საქმე უჩინარი საქმეა, ეს არის წიგნი და მკითხველი, თქვენ ეს მოგეხსენებათ, მარტო ის კი არ არის, მკითხველი მოვიდეს და თქვას: ეს წიგნი თურმე აქ ყოფილა, ავიღებ და წავიღებ. ასე არაა, წიგნს ძალიან ბევრი ყურადღება და პატივისცემა უნდა, მან ბევრი რამ გვასწავლა და გვასწავლის კიდეც, ვისაც ეს აინტერესებს.
-პირობები როგორია თქვენს ბიბლიოთეკაში და მკითხველის დამოკიდებულებაც გვაინტერესებს წიგნის მიმართ, არის აქტივობა?
- არ ვიყავი უკმაყოფილო. ყურადღება არ გვაკლია. ჩვენთან ბიბლიოთეკა გარემონტებულია, ძალიან კარგი პირობები შეგვიქმნა ემზარ თევდორაძემ, ხვიჩა ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გამგებელი. ახლანდელი გამგებელი, იზა მათითაიშვილი, სწუხს ყველაფრისთვის, რაიონიდან ძალიან დიდი ყურადღება გვაქვს. ეს დათო წერეთელი იყო თუ ადელინა კილაძე... კულტურის გაერთიანების ახალ დირექტორს, მერაბ ქარჩავას, ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ მესმის ზრუნავს ხელფასებისთვის, ეს მისასალმებელია. ადამიანი სიტყვას რომ ამბობს, მე ამ სიტყვის მჯერა, საქმით მერე გამოჩნდება.
არ გვაქვს ცუდი ბიბლიოთეკა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ძალიან გვინდა ახალი წიგნები, ახალი ლიტერატურა, მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მივიღეთ კარგი ახალი მხატვრული ლიტერატურა. გაოცებული არიან ბავშვები, თავიდან კითხულობენ წაკითხულს. მოიხიბლნენ ფერადი ილუსტრაციებით, ახალი წიგნებით გვჭირდება ხელის შეწყობა, ბიბლიოთეკა წიგნებია.
სამი ბიბლიოთეკის ბაზაზე ერთი შეიქმნა და მე გადმომიყვანეს აცანის ცენტრში, როცა ბიბლიოთეკების შერწყმა მოხდა, უზარმაზარი წიგნადი ფონდი გვქონდა, მაგრამ გატეხეს დაარბიეს, გაძარცვეს, რაც შევინარჩუნეთ, გვაქვს შენახული. მკითხველები მოდიან, სხდებიან აქ, უხარიათ სუფთა გარემოში ყოფნა. ჩვენც გვიხარია, რომ მკითხველები მოდიან, გვაქვს ინტერნეტი, ჩვეთან მუშაობს ახალგაზრდა გოგონა, მარიან ჩხაიძე, ემსახურება ვისაც ინტერნეტი ჭირდება, უფასოდ ვემსახურებით ინტერნეტით ყველას, მოდის უამრავი ხალხი ამის გამოც. ასევე მოდიან წიგნისთვისაც, დაინტერესებული არიან ქალაქიდან ჩამოსული ბავშვებიც და ისინიც გვაკითხავენ.
როცა მოდიან, ვეუბნებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტით, არა, ჩვენ თუ შეგვიშვებთ ფონდში, გვინდა წიგნი - ასე გვპასუხობენ ხშირად. თავისუფალი დაშვება გავაკეთეთ, შეუძლიათ ფონდში შევიდნენ და აარჩიონ მათთვის სასურველი ლიტერატურა.
ახალი ლიტერატურა ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც არ შემოდის, ასევე ჭირს ჟურნალ-გაზეთები, რატომ არ უნდა იყოს ჟურნალები და სხვა ლიტერატურა, ჩვენ ეროვნული საგანძურის დამცველები ვართ.
-პროფესია ბიბლიოთეკარი დღეს უმაღლეს სასწავლებში აღარ არსებობს, როგორ ფიქრობთ ეს სამართლიანია?
- გული მწყდება ძალიან, რა სჯობს წიგნთან ურთიერთობას, ცოდნა გინდა მხოლოდ რომ მკითხველს წიგნი შეაყვარო, მოვიდეს, დაინტერესდეს. პირველად როცა დავიწყე მუშაობა და შემდეგ როცა გავიწაფე, ძალიან კარგი მეთოდისტები მყავდა: ნანი სიხარულიძე, ლალი ჩხაიძე; არაჩვეულებრივი ქალბატონი, აწ გარდაცვლილი, ჯანიკო ტყეშელაშვილი. მივაჩვიე ხალხი, რომ მე ამ საათზე უნდა გავაღო ბიბლიოთეკა და ისინიც უნდა მოვიდნენ, უამრავი მკითხველი გვყავდა, ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ცოტა-ცოტა რაღაც რაღაცაებმა შეგვიშალეს ხელი, მაგრამ გზას მაინც მივიკვლევთ. ესაა, რომ ხელფასებმა, მართალი გითხრათ, ძალიან გული დაგვწყვიტა.
კიდევ ერთი ბიბლიოთეკარის გულისტკივილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 199



