თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თანამედროვე საქართველოში წარმატების მიღწევა შეძლოს?
ლეო ჩერქეზია:
_ პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს მიზანი, კონკრეტული გზა არჩეული, რომლისთვისაც გააკეთებს ყველაფერს, რომ თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიზანი არაფერია, თუ შენ არ გაქვს შრომისმოყვარეობა. ეს არის უპირველესი, არ აქვს მნიშვნელობა, დაბალი საფეხურიდან დაიწყებ თუ პირდაპირ მაღალ საფეხურზე აღმოჩნდები. არ უნდა იჯდე და ელოდო, რომ რაღაც თავისით მოვა შენთან, პირიქით, შენი სამომავლო მიზნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შექმნა შენი თავი. რამდენჯერაც კარიდან გამოგიშვებენ, იმდენჯერ ფანჯრიდან უნდა შეხვიდე; არ უნდა დანებდე და არ გაჩერდე. თუ ცხოვრებაში პაუზა აიღე და სისუტე გამოიჩინე, ერთი ადგილის ტკეპნა მოგიწევს მუდამ. ბრძოლისუნარიანი უნდა იყო, რადგან ყოველთვის მიხვიდე იმ ფინიშამდე, რაც შენს გონებაში ტრიალებს. არც ერთმა დარტყმამ შენს ცხოვრებაში არ უნდა დაგაპატარაოს, პირიქით ყოველ ჯერზე უნდა ააშენო ის, რაც ბევრჯერ დაგენგრა. სიმამაცე, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა უნდა გაგაჩნდეს და ყოველ დღე უთხრა შენს თავს, რომ შენ ეს შეგიძლია და ყველაფერი გამოგივა. აღმართების და დაღმართების მიუხედავად. აღარ მოვყვები, რომ უნდა ისწავლო , იკითხო, რადგან უვიცობით ვერც ერთი მიზნიკენ ვერ შეძლებ წინსვლას. აუცილებელია პატივისცემა და სიყვარული შენი საქმის, შენი პროფესიის, რადგან თუ რაღაც, რასაც აკეთებ არ მოგწონს, ვერასოდეს გაგხდის წარმატებულს. გაუჩერებელი და ადრენალინებით სავსე დღეებია საჭირო და არა დაწოლა, დაჯდომა და ლოდინი, გამორიცხულია ვიღაცამ ლანგარზე დაგიწყოს და მოგიტანოს წარმატება. ეს ასეა ყველა დროის და სივრცის საქართველოში.
მოკლედ რომ შევაჯამო და ჩემი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთ ჩარჩოში მოვაქციო არის ერთადერთი გამოსავალი _ შრომა, შრომა და შრომა, იმისთვის, რომ შეძლო იყო წარმატებული, იყო ლაღი და ბედნიერი იმით, რაც ოდესღაც ასე გულით გინდოდა. თუ დილით შენს თავს სარკეში ბევრჯერ თავიდან აღმოაჩენ და ეტყვი, რომ მას ყველაფერი შეუძლია და არ უნდა გაჩერდეს, აუცილებლად გახდები წარმატებული.
მარიკა ცინცაძე:
- წარმატების მისაღწევად აუცილებელია საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ძალიან დიდი გამბედაობა.
გვანცა ჭანტურია:
- თანამედროვე ახალგაზრდა უნდა იყოს მოტივირებული, შრომისმოყვარე და თავისი საქმის მცოდნე. მთავარია შრომა, მონდომება და ყველაფერს მიაღწევ.
გვანცა ბოლქვაძე:
- ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი კითხვაა. წარმატებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ვფიქრობ, უკვე წარმატებაა. დრო ძალიან ბევრ რამეს სძენს ადამიანს გამოცდილებებით ამა თუ იმ სფეროში და საერთო ჯამში ცოდნას და უნარჩვევბს ანვითარებს. ადამიანს, რომელსაც უნდა მიაღწიოს წარმატებებს, უნდა ჰქონდეს მიზანდასახულობა, თავისი საქმისადმი ორიენტირება, საზოგადოებასთან მუდმივი პრობლემების საკითხების განხილვა და შეძლებისდაგვარად მოგვარება. ინტელექტი, პასუხისმგებლობა და პოზიტიურობა, რაც მთავარია დღეს. წარმატებებს გისურვებთ ყველას!
თეკლა დვალიშვილი:
- თანამედროვე საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ თავდაჯერებული იყო. თუ ადამიანი თავის თავში დარწმუნებულია ის აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს და შეძლებს რეალიზებას. დღეს ყველას შეუძლია საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების უპრობლემოდ გამოხატვა და საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად იღებს ყველა აზრს, ფაქტობრივად ,,არასწორი აზრის ცნება” ძალიან სუბიექტური გახდა. ამრიგად, მთავარია იყო თავდაჯერებული, გწამდეს, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების და აუცილებლად მოახერხებ წარმატების მიღწევას ნებისმიერ პირობებში. რა თქმა უნდა, რაციონალიზმის შეგრძნება არ უნდა დაკარგო და ფუყე თავთავივით არ უნდა დაგემართოს.
ლუი ორაგველიძე:
- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ მერგო პატივი და გამოკითხვის ერთ ერთი მონაწილე ვარ. ადამიანმა რომ წარმატების მიღწევა შეძლოს, ის უნდა იყოს მოაზროვნე, პრაგმატული. არ უნდა იყოს გულგრილი, უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა და თავისი საქმე. თუ ხარ ადამიანი მიზანდასახული და გულით მოეკიდები შენს საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში.
ჩვენ აუცილებლად უნდა ვფიქრობდეთ მომავალ საქართველოზე.
ნათია აფხაზავა:
- კარგი განათლება, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი რომელიმე დარგში, არის ის რესურსები, რომელთა გამოც საჯარო ან კერძო სექტორის დამსაქმებელი აუცილებლად დაინტერესდება, რადგან კადრების დიდი დეფიციტია. წვრილი ბიზნესის განვითარებითაც შესაძლებელია წარმატებული და მომგებიანი სვლა. საამისოდ დიდი ნებისყოფა და პასუხისმგებლობაა საჭირო, რაც ჩვენს ხალხს ნამდვილად აკლია. დაბალი კომპეტენციებითა და მაღალი ამბიციებით კი წარმატებას ვერ მიაღწევ.
ლეო ჩერქეზია: გამორიცხულია ვიღაცამ ლანგარზე დაგიწყოს და მოგიტანოს წარმატება

ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 840