ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არასდროს მიფიქრია მედალზე, უბრალოდ მინდოდა, ბევრი რამ მცოდნოდა

20-01-2021, 11:04

ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შეიძლება ითქვას,  მთლიანად მომავალ თაობაზეა დამოკიდებული. რამდენადაც მათში იქნება პატრიოტიზმის გრძნობა, ღირსება,  განათლება,  სრულყოფილებისკენ ლტოლვა, იმდენად განვითარებული და წარმატებული იქნება ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მომავალი.
სწორედ ამიტომ,  აუცილებელია, სკოლაში ცოდნის მიცემის გარდა, იფიქრონ და იზრუნონ, მოზარდებს ჩამოუყალიბონ ისეთი მსოფლმხედველობა,  რომელიც სამშობლოს უანგარო სიყვარულსა და მის პატივისცემას გულისხმობს. მოზარდებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა განწყობა,  რომელიც მათ საქმის კეთებისკენ მოუწოდებს  და გარკვეულ ვალდებულებებს გაათავისებინებს საკუთარ თავზე.
ვაგრძელებთ თქვენთვის ჩვენი რაიონის გამორჩეული და წარმატებული ახალგაზრდების გაცნობას და დღესაც ერთ-ერთ მათგანზე, თამთა კალანდარიშვილზე გვინდა,  გიამბოთ.
თამთა სოფელ ნიგოითში ცხოვრობს და მან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დიდი წარმატებით გაიარა მოზარდობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, სკოლა დაამთავრა წარჩინებით, გახდა ოქროსმედალოსანი. ამჯერდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.  გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
- თამთა,  მოგესალმებით და მთელი გულით გილოცავთ ამ წარმატებას. ალბათ,  ხვდები, რომ ეს არა მხოლოდ შენი ან შენი ოჯახის,  არამედ მთელი რაიონის წარმატებაა. არც ის გაგიკვირდება, თუ ვიტყვი, რომ შენ ნამდვილად ხარ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითი. როგორ მიაღწიე ამ მწვერვალამდე და რამდენად მძიმე შრომის ფასად მოხდა ეს?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო წლები გამოვიარე, რომელიც სკოლასა და კლასელებს უკავშირდება. ბავშვობიდან ვცდილობდი, ყველა საგანი თანაბრად კარგად მესწავლა, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები მეტად მიზიდავდა. არაფერია რთული, მთავარია სწორად გადაანაწილო დრო, მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ არასდროს მიფიქრია მედალზე, უბრალოდ მინდოდა, ბევრი რამ მცოდნოდა და მაქსიმალურად მიმეღო თითოეული საგნიდან ცოდნა. არასდროს მდომებია გამორჩეული ვყოფილიყავი, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ისე, როგორც დანარჩენები, რომლებსაც თამაში და გართობა უფრო გვინდოდა, ვიდრე მეცადინეობა. ეს, რა თქმა უნდა, დაწყებით კლასებში. დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ შენი თავი იპოვო, შენს თავს დაუმტკიცო, რომ შენ ეს შეგიძლია. ყველაზე მეტად გვერდით დგომას ჩემი ოჯახისგან ვგრძნობდი, ისინი გამუდმებით მეუბნებოდნენ, რომ უნდა მესწავლა და წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი. ჩემი თითოეული წარმატების შემდეგ მათი ბედნიერი სახის დანახვა დიდ სტიმულს მაძლევდა და ახალ ძალას მმატებდა. თუ რაღაც გულით გსურს და მისთვის მთელი გულით იბრძვი, რაც უნდა რთული იყოს ამ მიზნისკენ გასასვლელი გზა, აუცილებლად გაივლი. თუ ეცდები, გამოგივა, ხოდა მეც ვცადე.
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ. რომელ მიმართულებაზე სწავლობ და რამ განაპირობა ეს არჩევანი?
- ვსწავლობ ქართულ ფოლოლოგიაზე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ პედაგოგი გავმხდარიყავი. იმდენად ძლიერი იყო ეს სურვილი, პატარა რომ ვიყავი, წიგნს დავიდებდი ხოლმე და წარმოვიდგენდი, თითქოს წინ მოსწავლეები მყავდა, მე კიდე მათი მასწავლებელი ვიყავი, გაკვეთილებს ვუხსნიდი და დავალებებს ვუმოწმებდი მათ. ეს, რა თქმა უნდა, თამაში იყო, ბავშვური თამაში, რომელიც რეალობად მინდოდა მექცია. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახე, მებრძოლა და პედაგოგიურზე ჩამებარებინა, კერძოდ - ქართულ ფილოლოგიაზე. ვფიქრობ, ქართული ენასაინტერესო და მრავალფეროვანია, მით უმეტეს, როცა ის შენი მშობლიური ენაა, უფრო გაქვს სურვილი, რომ სიღრმისეულად შეისწავლო და დახვეწო იგი.  დიდი სურვილიმაქვს, ქართული ენის შესახებ ბევრი რამ ვისწავლო და ბედნიერი ვიქნები, ერთდ დღესაც ჩემს ცოდნას თუ სხვებსაც გავუზიარებ.
- შენი აზრით,  რა აკლია ჩვენი რაიონის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია?
- ჩემი აზრით, რაიონებში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სხვადახვა სახის აქტივობებს, კონკურსებს (მაგალითად ეტალონი) და ა.შ. მოსწავლემ აუცილებლად უნდა იაქტიუროს და მონაწილეობა მიიღოს აქტივობებში, გამოცადოს საკუთარი თავი და შეამოწმოს თავისი ცოდნა, რა იცის და რა არის კიდევ საჭირო, რომ იცოდეს. ეს აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს და აღუძრავს სწავლის მოტივს. ამასთანავე, მთავარია გჯეროდეს და გწამდეს, რომ წარმატებას მიაღწევ. შრომისმოყვარეობა და ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევასა და წინსვლაში..
- მეათე კლასამდე ნიგოითის არასრულ საჯარო სკოლაში სწავლობდი. მაინტერესებს რამდენად შესაბამისი და კომფორტული პირობები ან გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის? რამდენად დიდი როლი აქვს შენს წარმატებაში ამ სკოლის პედაგოგებს? 
- ამ სკოლას უკავშირდება ჩემი ბავშვობა და ის პირველი ნაბიჯები განათლების სფეროში, რასაც წერა-კითხვის შესწავლა ჰქვია. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი გარემო იყო. ზოგადად, ვთვლი, რომ, თუ ადამიანს სწავლა უნდა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სკოლაში სწავლობს, ის მაინც ისწავლის და ეცდება ცოდნის მიღებას. ასე რომ, არც ჩემთვის ჰქონია მნიშვნელობა იმას, თუ სად ვისწავლიდი. მიხარია,  რომ ჩემი სოფლის სკოლაში ავიდგი ფეხი და ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში პედაგოგებს, რადგან სწორედ მათი მეშვეობით შევეცადე, წინ წავსულიყავი. სკოლა მოსწავლისთვის მეორე სახლია, პედაგოგი კი - მეორე მშობელი, ვისაც მუდამ სურს, თავისი მოსწავლე ღირსეული და წარმატებული პიროვნება იყოს. მასწავლებლის შრომა ყველაზე დასაფასებელია, მაგრამ ნაკლებად აფასებენ და ძალიან გულდასაწყვეტია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმისთვის, რომ მასწავლეს და გზა გამიკვალეს წარმატებისაკენ. მათ მასწავლეს, თუ როგორ ვიყო მებრძოლი ადამიანი, როგორი უნდა იყოს კარგი პიროვნება და რაც მთავარია, ჩამინერგეს საკუთარი თავის რწმენა, უფლის რწმენა. ჩემს პედაგოგებს ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც ნამდვილ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ ისინი თავიანთ მისიას პირნათლად ასრულებენ. მე ვამაყობ მათით და მიხარია, რომ ღირსეული პედაგოგები მყავდა.
- თამთა,  იქნებ შენი სამომავლო გეგმები გაანდო ჩვენს მკითხველს და ამ გეგმებში შენი მშობლიური რაიონი თუ მოიაზრება?
- არასდროს მიყვარდა რამის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ერთს გეტყვით, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემს რაიონს რაღაცაში გამოვადგები და ვეცდები, რომ ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
- და ბოლოს, რას ურჩევ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს?რა უნდა გააკეთონ იმისათვის,  რომ წარმატებულები იყვნენ?
- მართალია, ხშირად მეორდება ეს კითხვა ჩემ მიერ ჩაწერილ ინტერვიუებში, მაგრამ მიმაჩნია, რომ მომავალი თაობისთვის სიკეთისკენ, განვითარებისკენ და აქტიურობისკენ მოწოდება აუცილებელია. 
- დიდიპატივია ჩემთვის, ორიოდე რჩევა მივცე ახალგაზრდებს. ქვეყანა მაშინაა ძლიერი, თუ მას განათლებული ახალგაზრდობა ჰყავს. წარმატების მიღწევისთვის საკუთარი თავის რწმენა, შრომა და ბრძოლაა საჭირო. თითოეული ადამიანი საკუთარი თავის ბატონპატრონია, მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავენ თავიანთ ცხოვრებას. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები, მონდომებულები, აქტიურები და მებრძოლები. დაბრკოლებები ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გადავლახავთ. არ უნდა დავნებდეთ და უნდა ვიბრძოლოთ. რთულ მომენტებში არასდროს დაკარგონ რწმენა და იმედი. მიზანი დაისახონ და მის განსახორციელებლად იბრძოლონ, რამდენჯერაც დაეცემიან, იმდენჯერ წამოდგნენ და გზა განაგრძონ. გამიხარდება, თუ ახალგაზრდები იპოვნიან თავიანთ თავს და ამ სამყაროში თავიანთ ადგილს, იქნებიან წარმატებულები და განათლებულები.
მინდა,  აღვნიშნო, რომ თამთას მოწოდება მომავალი თაობისადმი, ძალიან სწორი და ემოციურია. აგრეთვე, შეიძლება ითქვას,  დროულიც, რადგან დღეს მართლაც ძალიან გვჭირდება ღმერთისა და საკუთარი თავის რწმენა, აქტიურობა, განვითარებისკენ ბრძოლა, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ხვალინდელი დღის კეთილდღეობისთვის.
            მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 574
FACEBOOK კომენტარები