ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ არის ანგარიშგასაწევი ძალა

ვინ არის ანგარიშგასაწევი ძალა
10-02-2016, 00:00

რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში, ბანკებისგან (რომლის ხახაშიც გაგვიძახა მთავრობამ) შევიწროებულ-შელახულებს, ვიტყვით სხვა რაღა უნდა გვაწუხებდესო, მაგრამ სხვა სირთულეებიც არსებობს, რომელიც თუ გავაცნობიერებთ, ჯამში არც მთლად ნაკლები პრობლემაა. საუბარი გვექნება მედიაზე, რომლის თავისუფლების გარეშე არამც და არამც არ (ვერ) განვითარდება სოციალური კაპიტალი. იქ, სადაც მედიის მიმართ უნდობლობაა, სუსტდება მისი როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის როლი. თავისუფალი მედია აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ეს ისევე საჭიროა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ვის ინტერესში შედის თავისუფალი მედიის არსებობა?პირველ რიგში _ საზოგადოების ინტერესში, რომელსაც სურს მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი, შაქარმოუყრელი ინფორმაცია, რათა რეალური წარმოდგენა ჰქონდეს იმ გარემოზე, რომელშიაც ცხოვრობს. ასევე ყველა ნორმალური პროფესიონალი ჟურნალისტის სურვილია თავისუფალ სიტყვას ემსახუროს (პროფესიონალიზმი მოიცავს, რა თქმა უნდა, არა მარტო ჟურნალისტისთვის საჭირო განათლებისა და უნარჩვევების ნაკრებს, არამედ, პირველ რიგში, იმ ღირებულების ქონას, როგორიცაა პატიოსნება). ვნახოთ დიდი ილია ჭავჭავაძე რას წერდა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გაზეთ `ივერიაში~, რომელიც დღემდე საუკეთესო გაზეთად რჩება ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში: `როგორც ცხოვრების სარკე, ჟურნალ-გაზეთობა წარმოგვიდგენს მას, რაშიაც უნდა იხატებოდეს თვით საზოგადოების აზრი, გრძნობა, სურვილი, ცხოვრების სხვადასხვა საგანთა თაობაზედ.~დიახ, `სურვილი ცხოვრების სხვადასხვა საგანთა თაობაზედ~ ანუ ინფორმაცია სხვადასხვა მოვლენაზე, რა თქმა უნდა, მიუკერძოებლად. რა მდგომარეობაშია დღეს მედია? აქვს კი მას საშუალება, იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და პატიოსანი? რა ძალა იცავს მედიასაშუალებას, ჩემის აზრით, დემოკრატიული პროცესებისადმი არცთუ გულთბილად განწყობილ პოლიტიკურ სივრცეში? იმ სივრცეში, სადაც თვალნათლივ იკვეთება ხელისუფლების სურვილი აკონტროლოს მედიასაშუალებები, რათა მაკრიტიკებელი (მოგეხსენებათ სწორედ ესაა მედიის უპირველესი ფუნქცია) არ ჰყავდეს.არ ვფიქრობთ, რომ მედია კრიჭაში უნდა ედგეს ხელისუფლებას, მაგრამ თავისი უმთავრესი როლიდან, თამაშგარე მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს (არ უნდა ჩაიყენოს თავი).როგორ ხდება ეს? როგორ აღწევენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი საწადელს? ეკონომიკა, ისევ და ისევ ეკონომიკა!!! ვერც ერთი ბიზნესი ვერ იარსებებს ეკონომიკური წარმატების გარეშე. მედიაბიზნესი ერთ-ერთი ურთულესი ბიზნესია საქართველოში, პირველ რიგში, საქმის სპეციფიკურობის გამო და მეორე _ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკური განვითარებით ვერ დაიკვეხნის, მედიასაქმე ეკონომიკურად წარმატებული ვერაფრით იქნება, რადგან იგი, წესით არსებობს და ვითარდება ქვეყანაში არსებული წარმატებული კერძო სექტორის რეკლამირებით. მოგეხსენებათ, კერძო სექტორის წარმატებით საქართველო ვერ იამაყებს. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას, ოლიგარქებს ნაყოფიერი ნიადაგი ექმნებათ იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ თავიანთვის სასურველი მედიასაშუალებები. უკვე ცნობილია ის მედიასაშუალებები, რომლებიც ნებაყოფლობით ასეთი ხალხისგანაა დაფინანსებული და ბოლო ხანებშიც იკვეთება ბრძოლა ახალი დაპყრობებისთვის.`ჰო და არა~ თავისი არსებობის 16 წლის მანძილზე იდგა და დგას იმ ნიშის ქვეშ, სადაც წერია _ პატიოსნება, მოუსყიდველობა.`ჰო და არა~ ის გამოცემაა, რომელმაც შეძლო იმ დონეზე `გაერისხებინა~ ყოფილი ხელისუფლება, რომ ნიშნის მოგების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ერთადერთ გამოცემაში შეეგზავნათ საგადასახადო სამსახური, რა თქმა უნდა, სურვილით _ დავეჩოქებინეთ. მადლობა უფალს, ჩვენის დიდი რუდუნებით პირნათელი ვიყავით ყველას წინაშე, მიუხედავად მედიისთვის საშინლად დამთგრუნველი საგადასახადო ვალდებულებებისა (სხვათა შორის, მედიის საგადასახადო ვალდებულებებზე გონიერი ხელისუფლება აუცილებლად დაფიქრდებოდა, თუკი მას სურს მედია სივრცის განვითარება (?!).ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს იგრძნობა ასეთი განწყობა _ თუკი არ წარმოადგენ ვინმე `დიდი კაცის~ მიერ დაფინანსებულ გაზეთს, ე.ი. არ ხარ ანგარიშგასაწევი ძალა. როგორ გეშლებათ, ბატონებო, როგორ გეშლებათ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემთვის საყვარელ ფრაზას: `წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.~დიახ, არ არსებობს ძალა მმართველი, რომელსაც დროისთვის გაეძლოს. ერთადერთი განუმეორებელი და უძლეველი არის ვინ? ხალხი. ქვეყნის მაძლიერებელი ქვიშა და სწორედ ხალხია ჩვენი დამფინანსებელი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, რომელსაც სჯერა, რომ ჩვენი ტრიბუნიდან ვამბობთ იმას, რაც მათ აწუხებთ და რაც მთავარია ჩვენი ტრიბუნა მათი ტრიბუნაცაა. ვიყენებ შემთხვევას და უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კვირის ყოველ მეორე დღეს ჩვენი გაზეთის მასპინძელია!მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ჩვენი სჯერა და თავის ჭირსა და ლხინს გვიზიარებს!მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დარწმუნებულია რომ ჩვენი ჰო არის ჰო და არა _ არა!ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა