ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ მოიქცა ბაყაყი

როგორ მოიქცა ბაყაყი
12-02-2016, 00:00

თაობები შეიცვალა. მოლოდინი არ გამართლდა. ეკონომიკური უკუსვლა გრძელდება, სოციალური დონე ეცემა. 20-10 წლის წინ ხალხი უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე დღეს. ფუფუნება არ იყო, მაგრამ არც ბანკების ვალით იყო მოსახლეობა გაჯერებული. რეგულარულად ტარდებოდა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები. ვირჩევდით ახალ მთავრობას, რომელიც ათას დაპირებას გასცემდა. ბოლოს და ბოლოს დროა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მთავრობას ვჭირდებით, მაგრამ არც ერთი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს. იმის ოცნებაში არ უნდა ვიყოთ, რომ მოვა ვინმე და აგვაყვავებს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ და ჩვენივე თავში გამოვნახოთ რეზერვები _ როგორ გამოვკვებოთ ოჯახი. თუ ამის უნარი არა გვაქვს გვერდით მყოფ წარმატებულ ადამიანს მივბაძოთ საქმეში, ვისწავლოთ მისგან. ამდენი მიტოვებული კარ-მიდამო და სხნავ-სათესი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა საკარმიდამო ნაკვეთები სრულად ავითვისოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საშველი არ არის. ჩვენი ინფორმაციით მთავრობა ერთი დანაპირების შესრულებას იწყებს. 1992 წელს მოხდა სახელმწიფო მიწების პრივატიზაცია და მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მიღება-ჩაბარების აქტებში წერია, რომ მიწის მიმღებს ეკრძალება მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვა და ამოძირკვა და თუ ორი წლის მანძილზე არ მოხდება ამ მიწების დამუშავება, მოვლა-პატრონობა, სასამართლო წესით ჩამოერთმევა იგი მფლობელს. ამჟამად რაიონის ტერიტორიაზე უპატრონოდაა მიტოვებული მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული 5 ათას ჰა-ზე მეტი სახნავ-სათესი მიწა, რომლის დიდი ნაწილი უკვე ბუჩქნარითაა დაფარული. 1500 ჰა-მდე ჩაის პლანტაცია თითქმის 20 წელიწადია არ დამუშავებულა, შესაბამისად გავერანებული და უვარგისია. ეს ერთ პატარა რაიონში ხდება. საქართველოს მასშტაბით რა მდგომარეობა იქნება, გასაგებია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მთავრობა ამზადებს საკანონმდებლო პაკეტს, რის საფუძველზეც ეს მიწები ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდება. ერთი წლის განმავლობაში მიწებს არ გაასხვისებენ. ამ პერიოდში თუ მესაკუთრე მოითხოვს მის დარეგისტრირებას, სახელმწიფო ისევ გადასცემს გარკვეული პირობით. ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო თავის აღმოჩენილ მიწებს განკარგავს იმ ფერმერებზე, კოოპერატივებზე ან სხვა სასოფლო-სამეურნეო შპს-ეებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მაღალტექნოლოგიურ დამუშავებას. შესაძლებელია მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და მიწები უცხოურ კომპანიებს გადაეცეთ. ამიტომ, სანამ დროა, მოძებნეთ ძველი საბუთები და ის მაინც მოახერხეთ, რომ ელექტრონულად დაირეგისტრიროთ მიწები, რომ თქვენმა შთამომავლობამ მაინც გამოიყენოს იგი.ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს სოციალური დახმარების არასწორი სისტემა, რომელიც არ შეიცავს არავითარ სტიმულს, იმისთვის რომ სოციალურად დაუცველმა სამუშაო მოძებნოს, არამედ პირიქით შეშინებულები არიან დროებით სამუშაოზეც არ თანხმდებიან, რადგან მაშინვე მოეხსნებათ სოციალური დახმარება. რეალური იქნებოდა, მაგალითად, თუ ოჯახის რომელიმე წევრი სამუშაოს იშოვის, ამის გამო ოჯახს დახმარება არ შეუწყდეს მინიმუმ ერთი წელი მაინც. თორემ რა გამოდის, ოჯახში არის 4,5 შრომისუნარიანი წევრი და მუშაობა არ სურთ სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით. ასეთი მიდგომა თქვენს ოჯახებს წინ ვერ წასწევს. ერთია კიდევ მარტო გაბუტვა სახელმწიფოს მიმართ ვერაფერში დაგეხმარებათ. როგორც თავში ვთქვით, არც ერთი მთავრობა თქვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანისეული ბაყაყი, რომელმაც დახრჩობისგან თავი იმით გადაირჩინა, რომ რძეში ჩავარდნილი არ დანებდა, სანამ რძე ერბოდ არ გადააქცია თავისი აქტიურობით. ასე რომ, თქვენც მოქმედებისკენ მოგიწოდებთ. ასე უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და მოსულან ჩვენამდე. ასე უნდა შევუქმნათ მომავალი ჩვენს შვილებს. ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა