ამჯერად შემოგთავზებთ რვა წლის წინ, ზუსტად თებერვალში გამოქვეყნებულ ჩემს ჩანაწერს, შემდეგ კი შესაბამისი ანალიზი გავაკეთოთ თუ რა ხდება დღეს....მას შემდეგ, რაც პენსია გამოიგონეს, იგი მოხუცებული ადამიანის პურის ფულად აღიქმება. შევარდნაძის მმართველობის პირველ ეტაპზე, საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე პურზე ფასების განთავისუფლების წარმატებულმა რეფორმამ პურზე ფასების ზრდას დაუდო საფუძველი. თუმცა იმ პერიოდში შეწყდა პურზე რიგები და მდგომარეობა დროებით განიმუხტა. ფასების ზრდის გამო სოფლის მოსახლეობამ მარჩენალი მიზერული პენსიის დაზოგვის მიზნით პურის სახლში გამოცხობა ამჯობინა.საქართველოს ტიტანურად მოაზროვნე ეკონომისტებმა, რომელთაც ეკონომიკის `პატრიარქებად~ და `კორიფეებად~ მოიხსენიებენ, გამოიანგარიშეს, რომ ოთხსულიან ოჯახს თვეში სჭირდებოდა 70 კგ. პური, ანუ 1 ტომარა, რაც დაახლოებით 7 მილიონი კუპონი ღირდა. ამდენივე იყო პენსია. მალე კუპონი ლარმა შეცვალა და ერთი თვის პენსია 7 ლარი გახდა. პირველივე არჩევნებში გამარჯვებულმა შევარდნაძემ არჩევნებიდან ორიოდ თვეში ღიმილით განაცხადა _ ჩემს თავს რომ ვუყურებ, 60 წლის კაცი საკმაოდ ახალგაზრდაა, 55 წლის ქალი კი _ მით უმეტესო და ერთი ხელის მოსმით, საპენსიო ასაკი ხუთი წლით გადაწია. ამ პერიოდში პენსიამ ერთი ლარით მოიმატა და 8 ლარი გახდა. პურის ფასი განუწყვეტლივ იზრდებოდა. როცა ერთი ტომარა ფქვილი 12 ლარი გახდა, შევარდნაძემ პენსია 12 ლარამდე აიყვანა. დიდი ხანი არ გასულა, რომ პენსიის 14 ლარამდე ზრდას ტომარა ფქვილის ფასის 14 ლარამდე გაზრდაც მოჰყვა. ხალხზე `ასეთმა~ ზრუნვამ წაიყვანა შევარდნაძე ხელისუფლებიდან.`ვარდების ხელისუფლებამ~ დანაპირები შეასრულა და პენსია გააორმაგა. შესაბამისად გაიზარდა ფქვილის ფასი. 28 ლარის შემდეგ ფქვილიც და პენსიაც ჯერ 32 და შემდეგ 34 ლარი გახდა. ახალი საპენსიო კანონით, პენსია 45 ლარამდე გაიზარდა. დამსახურების მიხედვით მას მაქსიმუმ 10 ლარი დაემატა, შესაბამისად 55 ლარი გახდა ფქვილიც.როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას წინამორბედის მსგავსად მიაჩნია, რომ ერთი თვის პენსია ერთი ტომარა ფქვილის ფასს არ უნდა აღემატებოდეს. სხვა დანარჩენი თუ სჭირდება პენსიონერს, მაგალითად, სხვა რომ არაფერი, უნდა წამალი, ამაზე არავინ ფიქრობს. ყველას გვახსოვს დროშების ფონზე დამდგარი მინისტრების საუბარი _ დღეს გავყიდეთ ესა თუ ის მიწა და ბიუჯეტში შემოვიდა ამდენი მილიონი, გავყიდეთ წყალი და ა.შ. ხვალ, ალბათ, საქართველოს გაყიდვას გვაუწყებენ.როგორადაც არ ეცადნენ, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულებას პენსია ვერ გასცდა, ანუ მთავრობა პენსიონერს ფულს ერთ ჯიბეში უდებს და მეორედან უღებს. ამ პროცესს თვალებში ნაცრის შეყრის ნაცვლად, შეგვიძლია თვალებში ფქვილის შეყრა ვუწოდოთ. პენსიის გაზრდის მიზნით ხელისუფლებამ ლამისაა მთელი საქართველო გაყიდა არაბ შეიხებზე, ყაზახებსა და რუს ნაკომუნისტარ მაფიოზებზე, მაგრამ პენსიორენის საშველი მაინც არაა.გამაგრდით, შიგადაშიგ, საარჩევნოდ გამხნევებულო, ნირწაუხდენელო პენსიონერებო!...დღეს პენსია გასამმაგებულია, მაგრამ შესაბამისი ფასების ზრდის ფონზე, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ანუ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს პენსიონერის მოთხოვნას. მოგეხსენებათ, სურსათის და წამლების ფასები ყოველდღიურად იზრდება. ესეც ადასტურებს, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველომ ოთხი მილიარდი დოლარის კომპენსაცია მიიღო უცხოეთიდან ომის ჭრილობების მოსაშუშებლად, მაგრამ ამანაც ვერ უზრუნველყო ეკონომიკური წინსვლა, რადგან სავარაუდოდ, არასწორად მოხდა ამ თანხების განკარგვა. ქვეყნის ამ ტემპით განვითარება, ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ შორეული პერსპექტივაა ევროპასთან დაახლოებისა. ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 0