ხვიჩა გვარჯალაძე, ლანჩხუთი: ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის საქმესთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ვამბობ რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად მუშაობა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც ტელევიზიის სასარგებლოდ გამოვიდა. დემოკრატიულ საქართველოში კრიტიკული ტელევიზია საჭიროა, რომელიც არავის ზეწოლის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს. ინგა გოგუაძე, სუფსა: ტელეკომპანია `რუსთავი2~, როგორც ტელევიზია უნდა დარჩეს აუცილებლად, ვისაც არ მოსწონს, შეუძლია გადართოს სხვა არხზე. ვეთანხმები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა ჩვეულებრივად. საერთოდ, მედია ყოველთვის თავისუფალი და კრიტიკული უნდა იყოს. მამუკა ორაგველიძე, ლანჩხუთი: ტელეკომპანია `რუსთავი2~ ვისიც არის, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩეს, მის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. რაც შეეხება მის გადაცემებს _ ძალიან მომწონს და აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. მანანა ქელბაქიანი, ლანჩხუთი: ტელეკომპანია `რუსთავი 2~, როგორც ტელევიზია, ძალიან მომწონს, მომწონს ასევე მისი გადაცემებიც და ვეთანხმები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა გააგრძელოს მუშაობა ჩვეულებრივად. კრიტიკული ტელევიზია საჭიროა საქართველოსთვის. ის აღვიძებს ხელისუფლებას და არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ხალხს აუცილებლად სიმართლე და ჭეშმარიტება უნდა მიეწოდებოდეს ტელევიზიით. თემურ კილაძე, ლანჩხუთი: ტელეკომპანია `რუსთავი 2~-თან დაკავშირებით, სხვა აზრის ვარ, მართალია ეს ტელეკომპანია თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც ერთფეროვან ტელევიზიად მიმაჩნია. მთელი სარედაქციო კოლეგია აგებულია ივანიშვილის ლანძღვა-გინებაზე. უკეთესი იქნებოდა ასეთი ლანძღვა-გინება აეგოთ მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ხროვა მთლიანად ანადგურებდა ქართველ ერს. ანგრევდა ფაბრიკა-ქარხნებს, ანგრევდა ეკონომიკას და ბოლოს ისე გათავხედა, რომ დეზერტირების ბაზარიც კი დაანგრია თბილისში, რომელიც ყველაზე საჭირო ობიექტი იყო საქართველოში. მიწასთან გაასწორეს ქართული სპორტი, ქართული კულტურა, `ნორჩ დინამოელთა~ ბაზაც კი გაყიდეს. საინტერესოა, სად იყო მაშინ ეს ტელევიზია და მისი დირექტორი ნიკა გვარამია. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს არხის ხელმძღვანელობა ამას ევროსასამართლო გადაწყვეტს თუ არა. თეა მორჩილაძე, ლანჩხუთი: ტელეკომპანია `რუსთავი 2~-თან დაკავშირებით ძალიან დადებითი აზრის ვარ და მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც ხომ ამას ადასტურებს. მე ვფიქრობ პრესა და ტელევიზია ყოველთვის სიმართლეს და ჭეშმარიტებას უნდა ემსახურებოდეს. კრიტიკული მედია აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზეწოლებისგან. ბორის ბურძგლა, ლანჩხუთი: მე ვფიქრობ საქართველოში აუცილებლად უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია, რომელიც სიმართლეს უნდა აშუქებდეს. სამართლიანი კრიტიკაც აუცილებელია ხელისუფლებისთვის. თუ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ დემოკრატიული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ხომ არ უნდა დავმუნჯდეთ?! სადაც საჭიროა კრიტიკა, აუცილებლად უნდა იყოს და გვესმოდეს. რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0