თამარ ფიფია:
არა ომს! სახლს რომ აშენებ, უვლი, შრომობ... შემდეგ მოდის ვიღაც და ძალით გაგდებს ამ შენი ნაშრომ-ნაფერები ტერიტორიიდან, რომელიც შენ გეკუთვნის, მაგრამ არა, თითონ უნდა. რას ვაკეთებთ? ვუთმობთ ბრძოლის გარეშე? შენთვის ავაშენე, მობრძანდიო, ვამბობთ?
21-ე საუკუნეში ცივილურ, ადამიანურ პირობებში წარმოუდგენელიც არის ის, რასაც ვუყურებთ... ყველაზე დიდი იმედი მაინც ჩემთვის დიდი ბრიტანეთია, თუმცა უმოქმედობაზე მთელი ევროპა და ამერიკა აგებს პასუხს, ასევე _ საქართველო. არ შეიძლება განცხადება _ ,,მე ჩემი საქმები მაქვს, ომი უკრაინაშია!" ეს არის დიდი სირცხვილი ქართველი კაცისგან! თუ უკრაინას არ დაეხმარებიან დროულად, დიდხანს ვერ გაუძლებს და ნეტავ შემდეგი ვინ არის? აუცილებლად უნდა გამოფხიზლდეს ყველა ქვეყანა და მხოლოდ სანქციებით და შეშფოთებებით არ უნდა შემოიფარგლონ, ჩვენმა შვილებმა ცივილურ სამყაროში უნდა იცხოვრონ, საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე! სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველანი შეურაცხყოფას ვაყენებთ რელიგიას, ისტორიას, ჩვენს გმირებს!
ჩემი მხარდაჭერა უკრაინას, როგორც საქართველოს მოქალაქის, როგორც 4 შვილის დედის!
ზვიად ჯაფარიძე:
ძმა მყავს ცოლშვილით კიევში. განვიცდით, ბავშვები შიშის და სტრესის ქვეშ არიან. ასეთი გაუმართლებელი ომი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და უნდა აგონ პასუხი შემომქმედმა და მისმა მხარდამჭერებმა.
ხატია სარჯველაძე:
ომი რომ ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ორი აზრი არ არსებობს. ეს არ არის მარტო უკრაინის ომი. უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები ეწირებიან რუსი აგრესორის ახირებებს. ყველა უნდა დაუდგეს გვერდით უკრაინას, მათ შორის ჩვენც. ასე თუ გაგრძელდა, ხვალ ჩვენ დაგვჭირდება დახმარება. 2 დღეა ვერ ვუკავშირდებით ჩემს ბიძაშვილს, რომელიც 3 ბავშვით ცხოვრობს უკრაინაში. საშინელი შეგრძნებაა. თუ არ შეაჩერა მსოფლიომ, პუტინი არ გაჩერდება და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი.
თამარ ოგბაიძე:
მე ვგმობ პუტინის ამ საქციელს და სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. ვგმობ რუსეთის პრეზიდენტის საქციელს, რომელსაც უნდა, რომ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს და ამდენი უდანაშაულო ხალხის სისხლი დაღვაროს.
ჩემი ტკივილია ახლა უკრაინა, მე დედით უკრაინელი ვარ და ორმაგად მტკივა თვითეული ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც შეეწირა ამ პარანოიკის საქციელს, იმედი მაქვს მსოფლიო ამოიღებს ხმას და პუტინი საწადელს ვერ მიაღწევს. დიდება და გამარჯვება უკრაინას!
მოამზადა ნინია ბარამიძემ