სულ უფრო და უფრო ხშირდება ტერაქტებისგან დაღუპული და დაშავებული ადამიანთა რიცხვი. ახლახანს, ჯერ საფრანგეთში მოხდა თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, შემდეგ კი თურქეთში სამხედრო ამბოხს შეეწირა სამ ასეულამდე ადამიანი. რას ფიქრობთ რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა და ხალხი ტერაქტული თავდასხმებისგან? გაიოზ ქინქლაძე, 54 წლის, აცანა _ ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტ-ნაკლებად ვართ დაცული ასეთი ტერაქტებისგან. ეს უფრო იმით აიხსნება, რომ საქართველო და ქართველი ერი ტოლერანტულია და ნებისმიერ რელიგიას და ეთნო-კულტურულ ტრადიციებს პატივს ვცემთ, ამას ემატება ჩვენი კულტურული ტრადიციები. ამიტომ, ისლამისტებს ჩვენ, სხვა ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებად დავაინტერესებთ, თუმცა საფრთხე და მსგავსი საშიშროება ყოველთვის არსებობს. ვისურვებდი, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ხდებოდეს ტერაქტები და არ იღუპებოდეს უდანაშაულო ადამიანები. გიორგი რუსიძე, 58 წლის, ლანჩხუთი _ ეს უდიდეს ცივილიზებულ სახელმწიფოთა ურთიერთდაპირისპირების შედეგია. მე ვფიქრობ მსოფლიო ლიდერი ქვეყნების მეთაურები უნდა დასხდნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ ეს საფრთხე. უფრო მეტად დაცული უნდა იქნან სახელმწიფოები ტერაქტებისგან. ყოველთვის უნდა იყოს მობილიზებული, საგარეო თუ შინაგან საქმეთა სამინისტროები და მთელი ჯარი და ტექნიკა ამ საფრთხეებისგან გვიცავდეს. ხათუნა ჩხაიძე, 41 წლის, ლანჩხუთი _ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არ არის დაცული მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან. ისეთი დიდი და ცივილიზებული ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია და სხვები, ვერ არიან საკმაოდ დაცულნი ამ საფრთხისგან, ამიტომ საქართველო, მგონი, უფრო მეტად უნდა იყოს დაცული. საჭიროა, ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოება და დაცვა, რომ დაცული ვიყოთ ტერაქტებისგან. ვახტანგ ხერგიანი, 55 წლის, მესტია _ ჩვენც მეტნაკლებად დაცულნი ვართ ტერაქტებისგან, რადგან ტოლერანტობა უფრო მეტი გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტი შემწყნარებელი და ლმობიერი ერი ვართ. როგორც ქრისტიანულ რელიგიას, რომლითაც ჩვენ ვსაზრდოობთ და ვცხოვრობთ, ასევე, სხვა რელიგიებს ისლამს, ბუდიზმს თუ სხვა რელიგიებსაც პატივს ვცემთ. ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენთანაც მოხდეს ეს საშიშროება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გული დავიმშვიდოთ, ამისათვის ჩვენი მთავრობა ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ვფიქრობ, ამას აკეთებს და ზრუნავს ამისთვის. ნინო ცინცაძე, 53 წლის, სუფსა _ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც არ არის დაცული ამ საფრთისგან. მართალია, სხვა რელიგიებს პატივს ვცემთ და ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც დაცულნი ვართ. გარდა ამისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან სავალალო გვაქვს, ამის შესახებაც მეტად უნდა ფიქრობდეს ჩვენი ხელისფლება. იაშა იაშვილი, 72 წლის, ლანჩხუთი _ ვფიქრობ, რომ ჩვენ ტერაქტები და მისი საფრთხე არ გვემუქრება, რადგან საქართველო ყველაზე მეტად ლმობიერი ერი ვართ მთელ მსოფლიოში, ასევე დიდ პატივს ვცემთ სხვა რელიგიებსაც, ქვეყნებთანაც კარგი და მეზობლური დამოკიდებულება გვაქვს. ასე, რომ ასეთი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. აკაკი მაზავრაშვილი, 36 წლის, თბილისი _ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტადაა დაცული მსგავსი საფრთხისგან. ჩვენ პატარა და დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ერი ვართ, ვფიქრობ, რომ ჩვენთან საგარეო ურთიერთობები უფრო მეტადაა მოგვარებული, რაც ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. მალე ვიზალიბერალიზაციასაც მივიღებთ და ნატოშიც შევალთ და ეს პრობლემა ნაკლებად იარსებებს. თუმცა დიდი ქვეყნებიც არ არიან ამისგან დაცული, იქ უფრო მომრავლდა ეს ფაქტები, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის, ამიტომ მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. პლატონ შატბერაშვილი, 59 წლის, გორი _ ტერაქტების საფრთხე მთელ მსოფლიოში არის და ხდება. ძალიან სავალალო მდგომარეობაა, რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანი ეწირება ტერაქტებს, ამისთვის მსოფლიო ლიდერი ქვეყნების მეთაურები უნდა შეიკრიბონ და ერთად მოაგვარონ ეს პრობლემა. საქართველომაც უფრო უნდა გაამკაცროს და დაიცვას ჩვენი ქვეყნის საზღვრები. რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0