_ დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ გრფფ-ის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს სახელისუფლო წრეების წარმომადგენლები უპირისპირდებიან. მისი გამგეობის წევრების ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში უშიშროების წარმომადგენლის თანდასწრებით 4-საათიანი `თათბირი~, კანონის დარღვევით ჩატარებული სხდომა და შეცვლილი დელეგატი გუშინწინ კახა ებრალიძის ოჯახის ბიზნესში შემოსავლების სამსახურის შესვლამ დააგვირგვინა! ეს მესამე შემთხვევაა ბოლო ორ წელიწადში, როცა კაფე-ბარ `სამეფოს~ მაკონტროლებლები `შეესივნენ~. წინა ორი შემთხვევა ხუთთვიანი ინტერვალით დაფიქსირდა, მაშინაც ყველაფერი პოლიტიკას დაუკავშირდა: გრფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრალიძეს ხელისუფლების ერთი ნაწილი ღიად დაუპირისპირდა. `რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს გადაწყვეტილებებს. მაშინაც და ახლაც შემოწმებები სწორედ ჩემს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. წინა შემთხვევაში მაკონტროლებლებიც კი გამოხატავდნენ გაოცებას, ასეთი რა დააშავეთ, 5 თვეში მეორედ რომ გამოწმებენო! ახლაც ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი, რაც მოხდა~ _ აღნიშნა გრფფ-ის თავკაცმა. მან ჯერ კიდევ ორი დღის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რამაც, როგორც ჩანს, მის ოპონენტებს კონტროლი დააკარგვინა, რისი დასტურიცაა ასეთ დროს მაკონტროლებლის შესვლა. `ჩემთვის არავის დაურეკავს, გამგეობის სხდომა თუ იყო მოწვეული. არადა, გამგეობის წევრებთან კომუნიკაცია მაქვს. არც ერთხელ გამგეობის არც ერთი წევრი არ მისულა ფედერაციაში დათქმულ დროს და არ მესმის, თუ გამგეობის სხდომას იწვევენ უჩემოდ, თავად რატომ არ მოდიან? ისინი აშკარად ზეწოლას განიცდიან. მირეკავენ, რომ შეხვედრა უნდათ ჩემთან, დავთქვამთ დროს და მერე არ მოდიან. ეტყობა, ისეთ დღეებს არჩევენ, ადგილზე რომ არ ვარ. მესმის მათი, მათ ჯერ კიდევ ჰყოფნით ადამიანობა, რომ ჩემთან შეხვედრის უხერხულობა აქვთ. მე არავისგან არაფერს არ ვითხოვ. მზად ვარ, არჩევნების შემდეგ, კიდეც დავტოვო თანამდებობა, რაც არაერთხელ გავაკეთე და დავამტკიცე, რომ არ ვარ სკამს ჩაბღაუჭებული, მაგრამ პატარა ადამიანები ამას მაინც ვერ იგებენ _ ჩემგან ღალატი გამორიცხულია, მოღალატეებს კი არაერთხელ მივუტევე და მივუტევებ!~ _ აცხადებდა ის. გრფფ-ის თავკაცი გადაწყვეტილების შეცვლას არც მისი ოჯახის ბიზნესში მაკონტროლებლების შესვლის შემდეგ ცვლის და მიმართავს ადამიანებს, ვისაც მის წინააღმდეგ `ამუშავებენ~: `მესმის თქვენი, მაგრამ მეც მყავს ოჯახი, რომელიც ეს დღეებია სტრესშია, თუმც ვერ დავკარგავ ადამიანობას. მინდა იმათ მივმართო, ვისაც ჩემს წინააღმდეგ ავალებენ რაღაცებს _ საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩებით, დაფიქრდით თქვენს საქციელზე~. როგორც ცნობილია, გრფფ-ის გამგეობის წევრებმა კახა ებრალიძის მიერ წარდგენილი დელეგატი შეცვალეს, თუმც ამას ლეგიტიმაცია არ აქვს _ სხდომას არ ესწრებოდა პრეზიდენტი და არც გამგეობის წევრთა 2/3 გამოცხადდა. გრფფ-ის თავკაცის ოჯახის ბიზნესში მაკონტროლებლის შესვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა _ წამყვანმა ტელეკომპანიებმა თემაზე სიუჟეტები მოამზადეს, თავად კახა ებრალიძე კი `რუსთავი-2~-ის, `მაესტროსა~ და `ტვ-სპორტის~ სტუმარი გახლდათ. `დარწმუნებული ვარ, ეს კახა ებრალიძის პოზიციას უკავშირდება, მან ხომ მხარი, მრავალი ზეწოლის მიუხედავად, რეზი არველაძეს დაუჭირა. ეს პოზიცია კი, როგორც ჩანს, არ ჯდება ხელისუფლების ხედვებში. და აი, ამუშავდა რეპრესიული მანქანაც... ხელისუფლებაში მყოფი ძალა ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა და ყველაფერი, ის კი, ვინც წინ აღუდგება, დააშინოს და გამოგონილი ბრალდებებით გზიდან ჩამოიცილოს. განსაკუთრებული მონდომებით მითითებებს ლანჩხუთის გამგებელი და საფეხბურთო კლუბ `გურიას~ პრეზიდენტი ასრულებს. ამის შემდეგ კიდევ იტყვის `ოცნება~: სახელმწიფო სტრუქტურებს პირადი ანგარიშსწორებისთვის არ ვიყენებთო... მაგრამ თქვენ, ბატონო ზაზა, ვერაფერი გიშველით. ვერც ანტიკორუფციული სამსახური თავისი კაზარიანებით, ვერც შემოსავლების სამსახური და ვერც თქვენი მშობლიური უშიშროება, `დანოსს~ `დანოსზე~ რომ უგზავნით პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ლანჩხუთის მოსახლეობა მალე კარს მოგადგება, თხოვნით კი არა, გამოსაბუნძულებლად... `ოცნების~ სწავლადაუსრულებელი ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ რა პირადი მერკანტილური მიზნებით, ვერ აცნობიერებენ რამხელა საფრთხის მატარებელია მსგავსი ქმედებები. სახელმწიფო ბერკეტებით ასეთი `თამაში~ აძლიერებს მის ბნელ, აგრესიულ მხარეს და ფრანკენშტეინის მონსტრივით ანადგურებს ყველაფერს საკუთარი შემქმნელის ჩათვლით... მხარს ვუჭერ ბატონ კახა ებრალიძეს! არა ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებში გაცხადებული პოზიციის გამო, ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანია, არამედ იმიტომ, რომ `ოცნების~ ჩინოვნიკებს სურთ, უღირსი მეთოდების გამოყენებით, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარი ათქმევინონ~ _ აცხადებს ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელგუჯა ჩხაიძეც ყოველივეს პოლიტიკას უკავშირებს: `თამამად ვიტყვი ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებული. ასეთი ფაქტი იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ჩემს დასაშინებლად ჩემს მეუღლეს შეუგზავნეს საგადასახადოს თანამშრომლები. მე მივედი ობიექტში ეუთოს წარმომადგენელთან ერთად და მათ თავზე დავაყარე, რაც ხელში მომყვა. ერთი საათის შემდეგ მირეკავენ ჩინოსნები და მეუბნებიან, მოდი, დავილაპარაკოთ ისინი გავიწვიეთო. ისინი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, დღეს კოალიციიდან საკრებულოს წევრები არიან. არაფერი შეცვლილა, განსხვავებულ მხედველობის ადამიანებთან მიდგომა უარეს ფორმებით ხდება. მოვუწოდებ კახა ებრალიძეს ხმა ამოიღოს თავის უფლებების დასაცავად. მოგვეცით საშუალება, თქვენთან ერთად შევებრძოლოთ იმ უზნეობას რასაც ,,ქართული ოცნება~ ეწევა. მინდა მათ შევახსენო, თქვენ დღეს ხელისუფლებაში ჩემი ოჯახის წვალების ცრემლის ფასად ხართ მოსული. ასეთი მეთოდებით საწადელის მიღწევა თქვენი მმართველობის დასასრულია~ _ ამბობს ჩხაიძე. `სამწუხაროდ, რის წინააღმდეგაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით, „ოცნებამ“ ისევ საბრძოლველად დაგვიტოვა. წინა ხელისუფლების პრაქტიკა ისევ ძალაშია. ამჯერად, ამ ფაქტის უტყუარი დადასტურება გახლავთ შემოსავლების სამსახურის საშუალებით გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის ოჯახურ ბიზნესზე ზეწოლის განხორციელება. ვის გინდათ დააჯეროთ, ბატონებო, რომ ებრალიძის ბიზნესი მაინცდამაინც ახლა გაგახსენდათ, ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების დროს? თქვენი ასეთი ქმედება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თქვენს მცდელობას, უხეში ჩარევით ხელი შეუშალოთ ფედერაციას მუშაობაში. და საერთოდ, ეს არის საშიში პრეცედენტი. თქვენი ხელისუფლების პირობებში კი, ასეთი პრეცედენტები უკვე დღითიდღე მატულობს და საშიშ ფორმებს იძენს. იცოდეთ, ასეთი მეთოდებით განსხვავებული აზრის მიმართ ბრძოლა კრახით სრულდება!~ _ ეს უკვე `თავისუფალი დემოკრატების~ ერთ-ერთი ლიდერის, თემურ სალუქვაძის განცხადებაა.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0