შედგა შეხვედრა პარტიის წევრი და მხარდამჭერი ქალბატონებისა ქალთა საბჭოს თავმჯდომარეს, პარტიის ანალიტიკურ მდივან--ნინო მეტრეველთან და მის მოადგილესთან, ქ. ოზურგეთის დეპუტატ ქ-ნ ნათია შარაშენიძესთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბევრი ღირსეული და ჭკვიანი ქალბატონია და მათი ჩართვა ქართულ პოლიტიკაში ფრიად წაადგებოდა საქართველოს აღმშენებლობის საქმეს. თუკი ქალბატონი თავის უმთავრეს როლს--მეუღლეობას, დედობასა და დიასახლისობას შეუთავსებს პოლიტიკოსობას--ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და წავახალისებთ. დიდმა შოთა რუსთაველმა ცხრა საუკუნის წინ გვითხრა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია". შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ ქალის მიერ ნაკეთები პოლიტიკა--უფრო სუფთა და ფრთხილი იქნება, ვიდრე მამაკაცის, რადგან მას გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე საპირისპირო სქესს. სტუმრებმა მობრძანებულ ქალბატონებს გადასცეს პარტიის თავმჯდომარის--ბატონ შალვა ნათელაშვილის გულმხურვალე მოკითხვა და დიდი სიყვარული, ასევე სტუმარმა ქალბატონებმა მათ ბატონი შალვას გულისნადებიც გაანდეს, რომ მას ღალატის ბევრი სიმწარე განუცდია, მაგრამ ქალ პოლიტიკოსს მისთვის არასოდეს უღალატია და იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. შეხვედრაზე შედგა ლეიბორისტული პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ქალთა საბჭოს პრეზენტაცია, რომელშიც გაწევრიანდნენ ღირსეული ქალბატონები, დიასახლისები, მოქმედი პედაგოგები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და გადაწყდა, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ყველა ერთად გაშლის ფართე ფრონტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დიდი წარმატების მისაღწევად.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0