ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

“ჰო და არა” გრფფ-ის გამგეობის წევრების სკანდალურ აღიარებას აქვეყნებს!

“ჰო და არა” გრფფ-ის გამგეობის წევრების სკანდალურ აღიარებას აქვეყნებს!
21-09-2015, 00:00

გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. «ჰო და არას» ინფორმაციით, წინ უფრო დიდი სკანდალებიც მოგველის და შესაძლოა, დღის სინათლე იხილოს ზესკანდალურმა ფაქტებმა, რომელიც ღიად დაადასტურებს, რომ გრფფ-ის გახმაურებულ საქმესთან კავშირი აქვს არა მხოლოდ ვიცე-გუბერნატორსა და უშიშროების სამსახურებს (მათ ოთხსაათიანი «დახურული» შეხვედრა გამართეს გრფფ-ის გამგეობის წევრებთან, რაც მედიის მიერ გახმაურდა), არამედ სამივე რაიონის მინიმუმ თითო მაღალჩინოსანს. როგორც წყარო აცხადებს, სახელდება კონკრეტული გვარ-სახელები, რისი გახმაურებაც არა მხოლოდ გურიის მასშტაბით, ზოგადად სფფ-ის არჩევებზე სკანდალურ რეზონანს მოიტანს. უკვე არავისთვის უცხო არაა, რომ გრფფ-ის გამგეობის წევრები ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკვეთა-დავალებებს ასრულებენ, ამის სკანდალურ დადასტურებას სწორედ გამგეობის წევრების სკანდალური აღიარებით წერილის ბოლოს წაიკითხავთ. მანამდე კი საფეხბურთო დავების არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც არც გამგეობის მიერ წარდგენილი იური ჩხაიძის დელეგატობა დაადასტურა და არც სფფ-ის აღმასკომის მიერ უკვე დამტკიცებული გოჩა ტყებუჩავს კანდიდატურა, რომელიც გრფფ-ის თავკაცმა ერთპიროვნულად დაასახელა. «ბათილად იქნეს ცნობილი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის სხდომის ოქმი როგორც გრფფ-ის წესდების დარღვევით ჩატარებული სხდომის ოქმი. დაევალოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დანიშნონ გამგეობის სხდომა გრფფ-ის წესდების 5.11 მუხლის მიხედვით. დაევალოს გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს, გრფფ-ს წესდების შესაბამისად ჩატარდეს გამგეობის სხდომა, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატის დანიშვნის შესახებ. უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს გრფფ-ს წესდების 5.12 და გრფფ-ს წესდების მე-10 მუხლების ნორმები. ხოლო გამგეობის სხდომა ჩატარდეს 2015 წლის 23 სექტემბრამდე. გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დაევალოთ სფფ-ს აღმასკომის წინაშე წარმოადგინონ გრფფ-ს წესდების 5.13 მუხლის შესაბამისად შედგენილი გამგეობის სხდომის ოქმი. დაევალოს სფფ-ს აღმასკომს დაუყოვნებლივ განიხილოს გრფფ-ს მიერ ოქმით წარდგენილი კანდიდატურის სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცების საკითხი სფფ-ს წესდების შესაბამისად არა უგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბრისა», - აღნიშნულია ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში (რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას მხოლოდ ლოზანას საარბიტრაჟო სასამართლოში ექვემდებარება). ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა, დიმიტრი ბოკერიამ: «ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელებთ ფედერაციაში, თუ რატომ მიიღო ტრიბუნალმა ასეთი გადაწყვეტილება. ერთი რაზეც ვაპელირებდით, იყო ის, რომ გამგეობის სხდომა არ იყო უფლებამოსილი დელეგატი დაენიშნა. აღმასკომმა ამ კუთხით იმსჯელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვთვლით, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შეეძლო დაენიშნა დელეგატი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდა ფედერაციაში და ახლა რატომ გახდა სადაო ვერ ვხვდები». როგორც იურისტები განმარტავენ, არბიტრაჟს ამ გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, რამეთუ გრფფ-ის წესდებაში არ არის დაფიქსირებული, რომ პრეზიდენტს ან გამგეობას აქვს დელეგატის წარდგენის უფლება, მაგრამ არის ერთი ნიუანსი _ არბიტრაჟს საერთოდ არ უნდა განეხილა გრფფ-ის გამგეობის წევრების საჩივარი! გრფფ-ის წესდების მიხედვით, ორგანიზაციას სხვა პირებთან, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე წარმოადგენს პრეზიდენტი! შესაბამისად, გამგეობის წევრების მიერ დაწერილი სარჩელი, სადაც ისინი გრფფ-ის სახელით მოქმედებენ, გრფფ-ის?? წესდების მიხედვით, არის უკანონო ქმედება. გაასაჩივრებს თუ არა გრფფ-ის პრეზიდენტი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ლოზანაში, ეს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუ ვინ იქნება დელეგატი _ თუ ქართული არბიტრაჟის ვერდიქტი შვეიცარიულმა ზემდგომმა ორგანომ შეაჩერა, გრფფ-ს ისევ გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს, თუ არადა, ორი ვარიანტია _ ან ჩატარდება სხდომა და ახალ დელეგატს აირჩევენ, ან გურია ხმის გარეშე დარჩება. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა სფფ-ის აღამსკომის ხმაურიანი სხდომა, სადაც თბილისის «დინამოსა» და «ზესტაფონის» მეპატრონეები: რომან ფიფია და ილია კოკაია დაუპირისპირდენ გრფფ-ის პრეზიდენტს, უფრო ზუსტად, მის გადაწყვეტილებას. მათი განცხადებით, კახა ებრალიძე არის მონარქი, თუმცა მათი თქმით, მონარქსაც აქვს თავისი კანონები. თავის მხრივ პოზიციას აფიქსირებს კახა ებრალიძე: _ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი (გრფფ-ის) გამგეობის ზემონახსენები წევრები არ მოქმედებენ თავიანთი სურვილით და მათი გადაწყვეტილება რომ ლეგიტიმურიც ყოფილიყო, იმ განცხადებების გაკეთების მორალური უფლება, რასაც ისინი აკეთებენ, არ აქვთ. მე მაქსიმალურად ვერიდები მათთან დაპირისპირებას, რამეთუ მათგან განსხვავებით, პატივს ვცემ იმ ურთიერთობებს, რაც ამ პერიოდში ჩამოგვიყალიბდა! ხმამაღლა ვიტყვი, რომ მათთან ადამიანურ ურთიერთობებში ერთხელაც არ დამიშვია შეცდომაც კი, აქ ლაპარაკი არაა ღალატზე, რასაც ჩემს მიმართ უკვე მერამდენედ სჩადიან. _ ახლა რომ ლამაზი სიტყვებით საუბრობენ და ასეთ კომენტარებს აკეთებენ, ნუთუ ავიწყდებათ, რაზე მესაუბრებოდნენ? პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ განიცდიდნენ ზეწოლას, სამსახურის გამო სხვა გზა არ ჰქონდათ. ბატონმა ბენიამ მეც გამაკვირვა: ჯერ დამირეკა და მითხრა, რომ ავალებდნენ; შემდეგ, იმავე დღეს, გრფფ-ის ოფისში შეხვედრაზე თქვა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა და როცა ზეწოლა ღიად მოახდინეს, ისიც თქვა, რომ ჩემთვის არ უკითხავსო. ანუ აქამდე სიმართლე თქვა. საღამოს ოქმზე მოაწერინეს ხელი, სადაც წერია, რომ მე «უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით» წარვადგინე დელეგატი. აქ კიდევ გაუგებდა კაცი _ დილით არ იცოდა და მერე წაიკითხა წესდება და დარწმუნდა, რომ მე უკანონობა ჩავიდინე. მეორე დღეს კი იძლევა ინტერვიუს, სადაც ის «ძველ ჩვენებას», ანუ სიმართლეს უბრუნდება _ ჰქონდა თუ არა უფლება, ამაზე არ ვდავობთ, უბრალოდ, ჩემთვის არ უკითხიაო. _ ადამიანი, როცა ასეთ დღეშია, არ შემიძლია, რომ არ შევიდე მის მდგომარეობაში და არ თანავუგრძნო. მოკლედ, მე ყველანაირად შევედი მათ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ისე გამოყავთ, რომ მე ვარ თავხედი ახალგაზრდა, რომელმაც არაფერი ვკითხე მათ! ჯერ ვთქვათ, რატომ არ ვკითხე? 2013 წელს, როცა გრფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, მე შევკრიბე გამგეობა და ვუთხარი მათ _ თუ თვლით, რომ ეს 4 წელი კარგად ვიმუშავე და მხარს დამიჭერთ, კანდიდატურას დავაყენებ, თუ არადა, წყნარად წავალ. ყველამ სრული მხარდაჭერა აღმითქვა. ორ დღეში კი ყველამ შეიცვალა აზრი! აქეთ მომდეს შარი _ ებრალიძემ მოგვატყუა, კონკურენტი თუ ჰყავდა, არ ვიცოდითო. ან მე საიდან ვიცოდი, ან რა მოულოდნელია, რომ არჩევნებში ერთზე მეტმა კანდიდატმა იყაროს კენჭი? სინადვილეში მაშინაც ზეწოლის შემდეგ გადათქვეს. პარალელურად ყრილობა ჩაგვიშალეს და შემდეგ ვინც ჩაშალა, მოვიდა ჩემთან და მომობოდიშა და დამისახელა, ვინც დაავალა! მომიბოდიშეს ჩემი გამგეობის წევრებმაც, სხვა გზა არ გვქონდაო. ჩვენ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ახლაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ და არ ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში. _ ახლა აქეთ მდებენ ბრალს. არადა, მათ კარგი საქმე გავუკეთე. ჩავაყენებდი საქმის კურსში და მათ პასუხს მოთხოვდნენ და ამას შესაძლოა, მათი სამსახურებიც შეწირვოდა. სწორედ ამ სამსახურების შენარჩუნების გამო აღარ იციან, რას აკეთებენ და რას ლაპარაკობენ. პრეტენზია აქვთ, რომ მათ არ ვხვდები. პირველად, როცა მათ ზეწოლა მიიღეს, კვირა საღამოს ჩამოვიდნენ ლანჩხუთში და დეტალურად ვიცი, სად და ვისთან რაზე ისაუბრეს. ეს თავადაც არ დაუმალავთ. ღამით მთხოვეს შეხვედრა. მე მათ ავუხსენი, რომ ოჯახი მყავს და დილით შევხვედროდით. 11 საათზე შეხვედრაზე შევთანხმდით! არ მოვიდნენ, გვიან საღამომდე ველოდებოდი. ორ-სამ დღეში უკვე გენმდივნის შუამავლობით ისურვეს ჩემთან შეხვედრა. ხარიტონ ჩხატარაშვილი დამეთანხმება, რომ დღის მანძილზე მინიმუმ 20-ჯერ ვიკონტაქტეთ, 5 წუთში მოვლეონ, 10 წუთში მოვლენო და გამგეობის არც ერთი წევრი არ მოსულა. _ პირდაპირ ვიტყვი, მათ ერიდებათ ჩემთან შეხვედრა! თუნდაც ის რად ღირს, როცა პირველი სხდომის დღეს გაიგეს რა, ადგილზე არ ვიყავი, ისე გაუხარდათ, ოფისში არც შესულან, არც ოქმი შეუდგენიათ, ისე სწრაფად წავიდნენ. _ ჩვენ შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს, როგორც ჩანს, მათ აწყობთ, რომ არ შემხვდნენ და ილაპარაკონ, კახა არ გვხვდებაო. წერილები გავუგზავნეო, ბენია თავბერიძე რომ ამბობს, კი ბატონო, ლანჩხუთში სახლში მისულა წერილები, სმს-იც გავუგზავნეო და ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ ვიცე-პრეზიდენტი სხდომებს ნიშნავს და პრეზიდენტს არ უნდა დაურეკოს? როდის აქეთ დამიწყო ბატონმა ბენიამ მესიჯობა? (მანამდე 6 წელიწადში ერთი სმს-იც არ გამოუგზავნია და ვეჭვობ, ტექსტიც სხვამ აუკრიფა) დამირეკა და არ ვუპასუხე? ან რა ვალდებული ვარ, რომ იმის ჭკუაზე ვიარო, ვინც აზრს საათების მიხედვით იცვლის? წესდებას ასე «კარგად» რომ კითხულობენ, იქნებ ისიც წერია, ბატონი ბენია თუ იტყვის, კახა ებრალიძემ ყველა საქმე უნდა მიატოვოსო? _ დასასრულ ვიტყვი, რომ ჩემი ქმედების ნურავის შერცხვება, რამეთუ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ვინმე დავაზარალო. ყველამ ჩაიხედოს თავის გულში და საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება, დაფიქრდეს თავის ნამოქმედარზე. არავის არაფერს ვთხოვ. პირიქით, ვინც ცუდად მომექცა, მე უკვე ვაპატიე და ეს, მათთვის სამწუხაროდ, პირველად არ გამიკეთებია. დასასრულ კი გთავაზობთ გრფფ-ის გამგეობის წევრების სკანდალურ აღიარებას. «დევიღალე ამის დედაც მოვტ..ან, დევიღალე, ხალხი აღარაა რა?! რათ მინდა, ვინ შემიყვანა მაგ ამბავზე, რაში მჭირდება? (გულისხმობს გრფფ-ის გამგეობის წევრობას, რაც მისი თანხმობის გარეშე შეუძლებელია _ რედ.) რა არის აქედან, მითხარი აბა? ანდა ეკითხა ამ კახასაც, იქნება ვეთანხმებოდით. აგი არაფერი მოხდებოდა... აქ სხვა ფაქტორებია... ჩვენს უკან ოჯახებია! მაი დავალება (რომ დაგავალონ, სახლში შეუვარდი ვინმეს?) და აი დავალება სხვაა! ვინც გაფინანსებს შენ, ის გეუბნება, თუ რამეს გეუბნება» _ აცხადებს გრფფ-ის გამგეობის ერთ-ერთი წევრი. მეორე კი აცხადებს, რომ ლანჩხუთიდან (აქ შეხვედრა გაიმართა _ რედ.) წასვლის შემდეგ, «პირველთან» მივიდა ანგარიშის ჩასაბარებლად. როგორც გვარწმუნებენ, ეს ადამიანები ღიად ასახელებენ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა დირექტივებითაც ისინი მოქმედებენ. გასკდება თუ არა გურული «ბომბი», ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები