გურიის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ ხმაური არ წყდება. ზოგი ჭირი მარგებელიაო _ რეგიონის სახელი არ ჩამოდის არა მხოლოდ სპორტული მედიის ფურცლებიდან თუ ტელეეკრანებიდან. გრფფ-ის თავკაცი კი ამ ხმაურმა უცებ აქცია ქართლ ფეხბურთში მოსაქმე ანგარიშგასაწევ ფიგურად. ვთქვათ პირდაპირ _ სამი წელია მის წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდება, თუმცა მოწინააღმდეგეებს დღემდე არაფერი გამოსდით. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ებრალიძეს მხარს ღიად უჭერს ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა მის წინააღმდეგ საკმაოდ გავლენიანი პირები გამოდიან და ვერ ვიტყვით, რომ მათ უკან მთლიანად ხელისუფლება დგას, თუმცა აშკარაა, მთავრობის «წონიანი» ფიგურები არიან. როგორც იცით, მან ერთპიროვნულად წარადგინა დელეგატი, რასაც მოგვიანებით გრფფ-ის გამგეობის მიერ არალეგიტიმური გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა ორივე გადაწყვეტილება გააუქმა. თუმცა იყო მოსაზრება, რომ ამ ორგანოს საერთოდ არ უნდა განეხილა დავა, რამეთუ გრფფ-ის წესდებით, ორგანიზაცის პრეზიდენტი წარმოადგენს და გამგეობის წევრებს ასეთი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ტრიბუნალმა სუბიექტს დავალებებიც მისცა, რაც მას სფფ-ის აღმასკომმა კომპეტენციის გადაჭარბებად ჩაუთვალა და ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე გაათავისუფლა. აღმასკომმა განიხილა კახა ებრალიძის მიერ თავიდან წარდგენილი გოჩა ტყებუჩავას და ასევე გამგეობის მიერ ხელმეორედ დასახელებული იური ჩხაიძის კანდიდატურები. ამ უკანასკნელს აღმასკომი ვერანაირად გაიზიარებდა, რამეთუ არალეგიტიმური გახლდათ, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილება იურისტების განსჯის საგანია. გრფფ-ის მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, რომ საჯარო რეესტრიდან ამოღებული მონაცემით, ებრალიძეს ერთპიროვნულად წარდგენის უფლება არ აქვს, თუმცა სფფ-ის ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, საჯარო რეესტრი შეფასებებს ვერ გასცემს, ხოლო წესდებაში ებრალიძეს აკრძალული არ აქვს დელეგატის წარდგენა, როცა გამგეობას ებრალიძის გარეშე საერთოდ გადაწყვეტილების მიღების უფლებაც არ აქვს. ამას გარდა, ერთ-ერთი არასამთავრობო რეგიონული ფედერაციებით დაინტერესებას პროკურატურას თხოვს და მინიშნებებს კახა ებრალიძეზე აკეთებს _ შეამოწმეთ, ეჭვი მაქვს, საბუთები არ იყოს გაყალბებულიო. «რა უნდა გამეყალბებინა? თავიდანვე არ დამიმალავს, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე და ჩემი ხელმოწერა გავაყალბე თუ რა გავაკეთე? აბსურდია ეს ყოველივე _ ტიტულიან ფურცელზე დავწერე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე. აქ თუ რამის გაყალბება შეიძლება, აღარ ვიცი. რაც შეეხება დელეგატის ერთპიროვნულ წარდგენას, გენერალური სამდვნოდან ამოვიღეთ მონაცემები და ყველა შემთხვევაში ასე გვაქვს გაკეთებული. მე ვერ გეტყვით, რას ამბობს სფფ-ის იურისტი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე ეს ყველაფერი დელეგატის წარდგენამდე კიდევ ერთხელ გავიარე სფფ-ის იურისტსა და გენერალურ სამდივნოსთან. თუ აქამდე არ იყო დარღვევა და უპრობლემოდ დაარეგისტრირეს, მერე წესდება არ შეგვიცვლია და რა მოხდა?» _ უკვირს გრფფ-ის თავკაცს. იმავე აღმასკომის სხდომაზე «ზესტაფონის» მეპატრონე ილია კოკაია ფეხბურთიდან მოკვეთეს. სხვათა შორის, ლანჩხუთში კარგა ხანია თვლიან, რომ «კოკაიას «გურია» არ უყვარს» კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თავის დროზე, ულიცენზიო «გურია» უმაღლესში დაეშვათ, მისი გუნდი ხშირად აპროტესტებდა ჩვენი სტადიონის მდგომარეობას, ამ ბოლოს კი, ერთხელაც არ უხსენებია «გურია», როცა სფფ-ის წევრობის მოსურნე გუნდების ჩამონათვალს აკეთებდა და რამდენიმე გუნდს ასახელებდა, მათ შორის, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ «საბურთალოს». «როგორც ჩანს, ბენია თავბერიძე ყველა ზღვარს გადასცდა, უკვე დაბნეულია _ „ორი თავის“ თამაში არ გამოუვიდა. ბატონო ბენია, მე ორი წლის წინ გავიგე, რა კაციც ხარ და ჩემთან, ძალიან გთხოვ, ადამიანობასა და ზრდილობაზე ნუ ილაპარაკებ. ეს საზოგადოებამ კარგად იცის და მამისტოლა კაცს მეც აღარ დაგიმატებ. გერიდები მაინც, თქვენგან განსხვავებით, პატივს ვცემ ძველ ურთიერთობებს, რომელიც თქვენთვის კარგი სუფრა ყოფილა ოდენ _ ხომ არ დაგავიწყდა, რა მითხარი ერთ–ერთი ბოლო „დავალების შესრულებისას“: ადრე „შემწვარ–მოხრაკულებით“ გვხვდებოდი და ეს რა დაგვმართესო? არ მოგეწონათ ლანჩხუთური ლავაში და ყველი? თქვენ მართლაც არ იცოდით სმს–ების გაგზავნა, 6 წლის მანძილზე ერთხელაც არ გამოგიგზავნიათ და ეს შეურაცხყოფის მოსაყენებლად არ მითქვამს. ამით თქვენზე ზეწოლას გავუსვი ხაზი, რითაც თქვენს პიროვნებასაც ვიცავდი გარკვეულწილად.» _ აცხადებს კახა ებრალიძე სოციალურ ქსელში წერილში, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტ ბენია თავბერიძეს პასუხობს. გრფფ-ის თავკაცის თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა მას არაერთხელ უთხრა იმ წნეხის შესახებ, რომელშიც გამგეობის წევრები არიან. «ჯერ ერთი, ვინც მიცნობს და თქვენ კარგად მიცნობთ, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს დავცინე ოდესმე. სმს–ებს მამაჩემიც არ იყენებს, მაგრამ ბევრი შეედაროს გონიერებაში, პატიოსნებასა თუ პრინციპულობაში! ეს დასაძრახი სულაც არაა. საძრახი დავალების შესრულებაა, თანაც მამისტოლა კაცის მიერ. რომ წავიკითხე თქვენი კომენტარი, გაკვირვებული დავრჩი. ვიფიქრე, რამე ხომ არ მეშლება–მეთქი და ჩემს ტელეფონში არქივს გადავხედე (რას იზამ, ძველი თაობა სმს–საც ახლა სწავლობს, ახალ თაობას კი ახალი თაობის ტელეფონები აქვს, რომელიც საუბარს ავტომატურად იწერს). ჰოდა, ბატონო ბენია, ყველაფერი „ჩამოგიყაჭავთ“ ჩემთვის _ მაგალითად, ჩოხატაურში ერთი მაღალჩინოსანი რომ გავალებთ - კახა კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა ზემოდან გვავალებენ და გადაწვეტილება უნდა შეიცვალოსო (მასთან გადიხართ კონულტაციებს, ისიც, თუ ვისთან კონტაქტობს ლანჩხუთში და ათასი დეტალი), მეორე კი „ძალიან კარგია და ამ საქმეში არ ერევაო“. ან არ გრცხვენიათ, ახლა ასე რომ ლაპარაკობთ, დაგავიწყდათ, როგორ მეწუწუნებოდით? ჩვენ რომ გვიკეთებენ, ასე ბოზებსაც არ ექცევიანო... რატომ ჩაიგდეთ თავი ასეთ დღეში? ან რომ მაქებდით, ყოჩაღ, «კრისულად» რომ არ იქცევიო, თქვენს ქმედებაზე დაფიქრებულხართ? მე თქვენზე ვფიქრობ, თორემ თქვენსგან განსხვავებით, არც სკამს ვეპოტინები და არც სამსახურს... და მაინც, კვლავ შევდივარ თქვენს მდგომარეობაშიც. ჩემი სიმართლის სიმტკიცეს რა ვუთხარი, თორემ თქვენისთანა მერყევი ბუნების მქონე ადამიანის იმედზე ვინ დადგებოდა? გარწმუნებთ, ეს თქვენი პიროვნების შემარცხვენელი და მიწასთან გამასწორებელი „წუწუნი“ დღის სინათლეს არასდროს იხილავს, მაგრამ თქვენ მაინც მეორე მხრისგანაც გაშიფრული ხართ _ მე თუ მიღალატე, იმათაც რომ უღალატებდით, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა! მამისტოლა კაცს ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ „ორი თავის გაუშიფრავად დაჭერა“ მხოლოდ ნაძირალებს ხელეწიფებათ და ძალიან მიხარია, რომ ამ კატეგორიაში არ გთვლი» _ დასძენს კახა ებრალიძე. მოკლედ, გურიის ხმა გოჩა ტყებუჩავასია. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გამოაჩენს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0