ორი ჩაშლილი სხდომის შემდეგ გრფფ–ის გამგეობის წევრები ოზურგეთში შეიკრიბნენ და კახა ებრალიძის მიერ ერთპიროვნულად წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა გამგეობის ხუთმა წევრმა ერთ–ერთით _ იური ჩხაიძით შეცვალა. თუმცა გუშინ სფფ–ის აღმასკომმა ეს ჩანაცვლება არ დაარეგისტრირა. ამას გარდა, გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, თითქოს საქმეში „კანონიერი ქურდიც“ ჩაერთო. „სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ეს ყველაფერი ლანჩხუთიდან დაიწყო, როცა რეგიონული ფედერაციის ოფისთან ხმაურიანი გარჩევა მოეწყო _ გამგეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა. ეს იყო პირველი სერია, მეორე სერიაში საქმე უკვე კანონიერ ქურდებამდე და შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა: ინკოგნიტო წყაროს თქმით, არსებობს ასეთი ადამიანი - გრიშა თორდია, გურიის ფედერაციის გამგეობის წევრი, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. თურმე ბატონ გრიშას დაემუქრა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პარტაია, რომელიც არის „კანონიერი ქურდის“, ამირან ებრალიძის მძახალი და მხარს უჭერს რეზი არველაძეს. პატარაია, ასევე, მეგობრობს კახა ებრალიძესთან. კლანური წრე შეკრულია, არველაძე უკვე იბრძვის ბინძური მეთოდებით და ებრალიძის საშუალებით საქმეში ჩარია ქურდები“ _ წერს „კვირის ქრონიკა“.გრფფ–ის პრეზიდენტი კახა ებრალიძე აცხადებს, რომ გამგეობის სხდომის ოქმი ლეგიტიმური ვერ იქნებოდა წესდების მრავალჯერადი დარღვევის გამო:_ დარღვეულია მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი _ გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის მიხედვით, გრფფ-ს ჰყავს 8 წევრი, მისი 2/3 არის 6. წარმოდგენილ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ 5 წევრი; იმავე პუნქტის მიხედვით, გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება პრეზიდენტი. წარმოდგენილი ოქმითაც ირკვევა, რომ მის შედგენას პრეზიდენტი არ ესწრებოდა. _ თუმცა გამგეობის წევრები თვლიან, რომ თქვენს ეს მიზანმიმართულად გააკეთეთ!_ ეს მხოლოდ ბენია თავბერიძის ვარაუდია და მას სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ აქვს. წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ბენია თავბერიძემ ოზურგეთში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტი კვლავ არ გამოცხადდა“, როცა ის თავად არ გამოცხადებულა ადგილზე (ლანჩხუთი, ზ. მდინარაძის #1), სადაც სხდომა იყო მოწვეული და შესაბამისად, არ ეცოდინებოდა გამოცხადდა თუ არა პრეზიდენტი. ამასთან, გრფფ-ის წესდების მიხედვით, პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება სხდომას დაესწროს, მით უმეტეს, რომ სამსახურებრივ საქმეზე მივლინებით ვიმყოფებოდი თბილისში._ კიდევ რა მიზეზია, რის გამოც ოქმს არალეგიტიმურად თვლით?_ გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მოიწვია გამგეობის სხდომა ჯერ 2 სექტემბერს 13.00 საათზე, შემდეგ 3 სექტემბერს _ 17.00 საათზე. არც ერთ შემთხვევაში გამგეობის არც ერთი წევრი, მათ შორის არც სხდომის მომწვევი ბენია თავბერიძე არ გამოცხადებულა გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში (ქ. ლანჩხუთი, ზ. მდინარაძის ქ. #1), სადაც იყო დანიშნული ეს სხდომები. შესაბამისად, არ გაფორმებულა შესაბამისი ოქმები. მათ შორის არც ის ოქმი, რომლითაც წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, გამგეობამ მიზანშეწონილად ჩათვალა 2 სექტემბერს სხდომის მომდევნო დღისთვის გადადება._ თქვენს მიმართ არის ბრალდება, რომ მეორედ გამგეობის წევრები ლანჩხუთში იმიტომ არ ჩამოვიდნენ, რომ არსებობდა საფრთხე..._ ეს არის უსაფუძვლო ვარაუდი! სინამდვილეში ის მოხდა, რომ გრფფ-ის ოფისის წინ ჩემი მომხრეები კი არა, მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები და, როგორც ვიცი, არანაირი უწესრიგობა იქ არ იყო. უბრალოდ, გამგეობის წევრებს არ სურდათ ჟორდანიას წარდგენა და აერიდნენ ამას, ამიტომ წავიდნენ ოზურგეთში, სადაც ეს დამტკიცდა კიდეც _ მათ `შეცვალეს~ მხოლოდ გოჩა ტყებუჩავა და არ წარადგინეს მერაბ ჟორდანია. შეკრებილ ხალხს ისინი ჰპირდებოდნენ ჟორდანიას წარდგენას და ოზურგეთში შეკრებით აიცილეს მათთან კონფლიქტი._ გავრცელებული ინფორმაციით, გამგეობის წევრზე მუქარა თქვენმა ახლობელმა განახორციელა და „კანონიერი ქურდებიც“ შესაძლოა იყოს ჩართული ამაში._ ეს სრული აბსურდია, რასაც როგორც ვიცი, ადასტურებს ბატონი გრიშა თოდრიაც. ეს ყველაფერი კი მაფიქრებინებს, რომ ჟურნალისტები სპეციალურად შეიყვანეს შეცდომაში და ამ ჭორით იმის გადაფარვა მოისურვეს, ჩემს ოჯახის ბიზნესობიექტზე შემოსავლების სამსახური რომ შევიდა (ბოლო ორ წელიწადში მაკონტროლებელი ორგანო მესამედ!), რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. როგორც ვთქვი, გამგეობა უჩემოდ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და რაში მჭირდებოდა მუქარა სხდომის ჩასაშლელად? ლანჩხუთის სტადიონის ხელმძღვანელი შოთა პატარაია ადასტურებს, რომ უახლოეს ძმაკაც გრიშა თოდრიას ტელეფონზე ესაუბრა, მაგრამ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა ნათი ახლობლობის გამო. თუმცა ამის გამო პატარაია გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოში მაინც დაკითხეს. „ჰო და არა არის ერთადერთი გამოცემა, რომელმაც გრიშა თოდრიას კომენტარი მოიპოვა:_ ბატონო გრიშა, როგორ ხართ, ლანჩხუთიდან ჟურნალისტი გაწუხებთ._ რა ვქნა, კაცო, რა ვიცი მე, ჟურნალისტს რა უნდა ჩემთან?_ ბატონო გრიშა, დიდი ამბავია ატეხილი, შოთა პატარაია დაემუქრაო და რა ხდება?_ არა, ბიჯო... ვინ ყრის მაგ ხმებს, ვინ რასშობა, არავითარი დამუქრება, არავითარი არაფერი საერთოდ... ჩემი მეგობარია, ძმაო, ლოგინი მაქ იქინე და ვწვები იმ ლოგინზე იქინე და მყვება დალი და ბაღნები ზედ... _ როგორც ვიცით, თქვენ ძმაკაცები ხართ..._ ჩემი მეგობარია, ჯგუფელი, სიყვარული, სიხარული და რა ვიცი, ბიჯო... სასაცილოა, სასაცილოა... მაგან გამაცნო მთელი ფეხბურთის სამყარო, მაგან გამაცნო ლანჩხუთი, მაგან ჩამახუტა ყველას, მეუღლეებით, შვილებით, ურთიერთობებით... ამდენი ხანი მოვდივართ. რაია აი, რა მესმის ყურში აი, მეორედ ვინმემ არ დამირეკოს და ვინმემ არ გამაღიზიანოს მაგაზე... როგორც უკვე ვთქვით, სფფ-ის აღმასკომმა არ ცნო გრფფ-ის გამგეობის გადაწყვეტილების კანონიერება და ძალაში დატოვა კახა ებრალიძის მიერ წარდგენილი კანდიდატურა _ ორკვირიანი ვნებათაღელვის შემდეგ, გურიის რეგიონს სფფ-ის 3 ოქტომბრის არჩევნებში გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს. მის გარდა ხმის უფლება `გურიას~ კიდევ 4 ექს-წევრს აქვს: ოთარ კორღალიძეს, მერაბ თევზაძეს, გრიგოლ ცაავას და გია გილიგაშვილს. ამასობაში ვრცელდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება, რომლის მიხედვით, მათ გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის საოჯახო ბიზნესთან არავითარი შეხება არ აქვთ. „გვსურს გამოვეხმაუროთ გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დაიწყო მისი საოჯახო ბიზნესის დოკუმენტაციის შესწავლა, რასაც უკავშირებს საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული განცხადება არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საგამოძიებო სამსახურს არანაირი შეხება არ აქვს ებრალიძის ოჯახურ ბიზნესთან. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ბატონ ებრალიძეს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული და პროვოკაციული ხასიათის განცხადებების გაკეთებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. როცა ფინანსთა სამინისტროს უწყება ამას აცხადებს, კიდევ უფრო ძლიერდება ეჭვი, რომ `სამეფოში~ შესვლა `მოტივირებულია~, თორემ ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. თუ ვიტყვით, რომ ეს ერთი სამინისტროს ორი უწყებაა, ლოგიკა აქაც არ არის _ რა საჭიროა უარყოს ერთმა უწყებამ, როცა მეორე რეალურად შესულია? როგორც ჩანს, შემოწმებაზე სამინისტროშიც `ვერ თანხმდებიან~, ან გახმაურებული პოლიტ-საფეხბურთო სკანდალის გადაფარვას ასე შეეცადნენ. პ.ს. როგორც ცნობილი გახდა, კახა ებრალიძის ოჯახი ბიზნეს-ობიექტის დახურვას გეგმავს _ `ჰო და არას~ სარეკლამო სამსახურში გუშინ საღამოს შემოსული განცხადების მიხედვით, `სამეფო~ იყიდება.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0