ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საინტერესო წარსულით და მომავლის იმედით

გუშინ, 11:29

,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ნონა იმნაძე.  იგი გვიყვება მუზეუმის დაარსების, მისი შემდგომი ნაბიჯების, საინტერესო ექსპონატების, გურული ცხენოსნების, მუზეუმთან დაკავშირებული სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
_გთხოვთ მოგვიყვეთ მუზეუმის დაფუძნების შესახებ.
_ ლანჩხუთის მხარემცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1978 წელს. მე დაარსების დღიდან ვმუშაობ ამ მუზეუმში. იგი თავიდან განთავსებული იყო სოფელ შუხუთის კულტურის სახლში. იქ ვაგროვებდით ექსპონატებს. შემდეგ გადმოვედით შენობაში, რომელშიც ახლაა განთავსებული მუზეუმი. ეს იყო კოლხიდმშენის შენობა. იგი გადავაკეთეთ სამუზეუმო სივრცედ. მუზეუმში დღესდღეობით ცხრა ათასზე მეტი ექსპონატია. გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის ისტორიული წარსულის ამსახველი, ბუნების განყოფილებები, აგრეთვე ოკუპაციის მუზეუმი. მასალები, რაც ჩვენთან არის განთავსებული და ასევე ფონდში, ძირითადად შემოწირულობის სახითაა შემოსული. არის რამდენიმე ექსპონატი, რომელიც შევიძინეთ ასევე.
_ ძირითადად ვინ არიან მუზეუმის სტუმრები, ადგილობრივები თუ ტურისტები?
_ ძირითადად მუზეუმის სტუმრები არიან ადგილობრივები, ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები, აგრეთვე ზაფხულობით უცხოელი ტურისტებიც გვყავს. გვსტუმრობენ სხვა ქალაქებიდანაც, ძირითადად, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობაა დაინტერესებული.
_ როგორ ცდილობთ ხოლმე, რომ მუზეუმი უფრო საინტერესო გახადოთ სტუმრებისთვის?
_ მუზეუმი ყველანაირად ცდილობს ამას. სხვა მუზეუმების გამოცდილებასაც ვიზიარებთ. დავდივართ ტრენინგებზე, ვეცნობით სიახლეებს საერთოდ სამუზეუმო სფეროში, ასევე საერთაშორისო გამოცდილებებსაც ვიზიარებთ სამუზეუმო საქმიანობაში და ყველაფერი ამის გათვალისწინებით შექმნილი გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა. ძირითადად ეს არის სასკოლო დანიშნულების. ვთაზებთ ბავშვებს ამ პროგრამებს, სხვადასხვა აქტივობებს და სხვათა შორის, ძალიან დაინტერესებულები არიან და ძალიან მადლიერები მიდიან მუზეუმიდან.
_ რომელი ექსპონატი იწვევს განსაკუთრებულ ემოციას და გაკვირვებას სტუმრებში?
_ ემოციას მუზეუმში დაცული ექსპონატებიდან ყველაზე მეტად, ჩემი აზრით,  არქეოლოგია იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატებია ჩვენს მუზეუმში დაცული. მიუხედავად იმისა, რომ გურია არქეოლოგიურად ძალიან ნაკლებად არის შესწავლილი, ჩვენთან შემთხვევითი მონაპოვები არქეოლოგიური ექსპონატები იმ მნიშვნელობისაა, რომ არა მარტო ადგილობრივებს, არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც ძალიან                აკვირვებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო  ბრინჯაოს მუზარადი. იგი ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნით თარიღდება. ესეც შემთხვევით ნაპოვნია სოფელ მაჩხვარეთში. ასევე ბრინჯაოს ლაგამი. ეს უნიკალური ექსპონატია იმ მხრივ, რომ საქართველოში მოპოვებულ ლაგამებს შორის ეს გამოირჩევა იმით, რომ ოთხივე კუთხით გაფორმებულია კენტავრებით და ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში. ეს არის აქემენიდური ირანის წარმოების ძველი წერთაღრიცხვით მეხუთე საუკუნის ლაგამი. ასევე ძალიან ბევრი ექსპონატია, რომლის ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს, მათ მართლაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.
 გურული ცხენოსნების ცნობილი თემა;  მოგზაურობის ამსახველი მასალები ამერიკასა და ევროპაში. ჩვენი მუზეუმი განსაკუთრებით მდიდარია  ამ ისტორიის ამსახველი მასალებით, ექსპონატებით, იმიტომ რომ, ლანჩხუთიდან ყველაზე მეტმა  მხედარმა იმოგზაურა ამ პერიოდში ევროპასა და ამერიკაში.  მუზეუმის ხელმძღვანელობა ინიციატივით შევედით საკრებულოში და  მუზეუმის წინ მდებარე პატარა მოედანს გურული მხედრების მოედანი ეწოდა საკრებულოს გადაწყვეტილებით. ასევე გვინდოდა, რომ იქ პატარა მემურიალური ან დაფა ან პატარა ძეგლი გაგვეკეთებინა, რომელიც ამ ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტს ასახავდა ჩვენ მუნიციპალიტეტის ისტორიაში, ჯერჯერობით ამას თავი არ მოება, მაგრამ იმედია, თქვენ მაინც, ახალი თაობა ამას გააკეთებთ, იმიტომ რომ, რაც მაშინ გურულებმა ჩაიდინეს, ეს იყო, იმ პერიოდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი. მცირე ექსკურსს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რა მოხდა მაშინ. პირველი ჯგუფი ამერიკაში გავიდა 1992 წელს. ეს იყო ამერიკის აღმოჩენის 300 და სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. ამერიკაში ტარდებოდა დიდი შოუ, რომელიც ცნობილი იყო როგორც ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუ. შოუში მონაწილობის მისაღებად ცნობილი იმპრესორიო, თომას ოლივერი ჩამოვიდა ბათუმში, შემთხვევით შეხვდა იქ ჩიბათელ კაცს, კირილე ჯორბენაძეს და მისი მეშვეობით გაიგო გურული მოჯირითეების შესახებ. პირველი ჯგუფი, როგორც გითხარით, გავიდა 1892 წელს. ეს იყო ლუკა ჩხარტიშვილისა და ივანე მახარაძის მეთაურობით ჯგუფი. შემდეგ, გასაბჭოებამდე 150-მდე გურულმა მხედარმა იმოგზაურა ამერიკაში. მათ არა მარტო ცხენზე ჯირითით მოჰყავდათ განცვიფრებაში ამერიკელი მნახველები, არამედ იქ გაიტანეს ქართული კულტურა. ისინი შესანიშნავად მღეროდნენ. მართალია ამერიკელებს გურული კრიმანჭული ნაკლებად ესმოდათ, მაგრამ აღფრთოვანებაში მოდიოდნენ ამის მოსმენით. ამ გურულ მამაკაცებთან ერთად, როგორც ცნობილია, ოთხი ქალიც იყო. ესენი გახლავთ:  ფრიდა მგალობლიშვილი, ოზურგეთელი; ასევე ლანჩხუთელები, დები, ბარბარე და მარო ზაქარეიშვილები და ქრისტინე ცინცაძე;  მათი გამოფენის ამსახველი ძალიან საინტერესო მასალა გვაქვს მუზეუმში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ. აგრეთვე მინდა სიამაყით გითხრათ ისიც, რომ თუკი რამ გადარჩა გურული მხედრების იქედან ჩამოტანილი ექსპონატები ყველა თითქმის ჩვენთან არის დაცული. გურულმა მხედრებმა, ვინც დაბრუნდნენ საქართველოში, ძალიან დიდი რეპრესია განიცადეს. მათ ამერიკის ჯაშუშობას და რას არ აბრალებდნენ და ამიტომ იძულებული იყვნენ, რომ აი ამ მოგზაურობის ამსახველი ყველა მასალა გაენადგურებინა და რაც შემორჩა, ჩვენთან არის მუზეუმში დაცული. საკმაოდ კარგი კოლექციაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ საქმის დიდი მკვლევარი, ირაკლი მახარაძე გახლავთ. სწორედ მან ჩამოიტანა ამერიკის მუზეუმიდან და ჩვენს მუზეუმშია განთავსებული ძალიან ბევრი ექსპონატი.
_ რა განსაკუთრებულ სიახლეებს გეგმავთ მომავალში?
_ ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია ხარისხიანად რაიმე გააკეთო. ფინანსები ძალიან გვიჭირს. ბევრი ექსპონატი გვაქვს მოძიებული, რომლის შეძენა გვინდა. რაც გვაქვს, შემოწირულობითაა უმრავლესობა, მაგრამ ახლა არავინ არ თმობს გარკვეული ანაზღაურების გარეშე. მოძიებული გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი, რომელიც სამუზეუმოა და მუზეუმში უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ფინანსების გარეშე. მოკლე ხანში, ეთნოგრაფიულ ეზოს მოწყობას ვფიქრობთ. უკვე გაკეთდა შესანიშნავი შენობა, გადავაკეთეთ უფრო სწორად მუზეუმში არსებული შენობა და გავაკეთებთ ეთნოგრაფიული, ეგრეთ წოდებული, სამზადი, სადაც გამოფენილი იქნება ეს ეთნოგრაფიული მასალა. იქ სხვა კუთხითაც აპირებს მუზეუმი მუშაობას, კერძოდ, გასტროკულინარიის ხაზით. გურულ ძველ კერძებს გავაცოცხლებთ. მოკლედ, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი იდეა გვაქვს, რაც მხარდაჭერის შემდეგ აუცილებლად განხორციელდება.
_ჰყავს თუ არა ლანჩხუთს ამ კუთხით დამეგობრებული ქალაქები?
_ სამუზეუმო სფეროში, რა თქმა უნდა, მეგობრები გვყავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, ვიყავით ჭიათურაში ოთხდღიან კონფერენციაზე; ვიყავით ზუგდიდში, გავეცანით იქაურ მუზეუმებს; ასევე ვიყავით მარტვილში, სადაც შესანიშნავი მუზეუმია. მართლაც რომ, დაამშვენებდა ყველას ისეთი მუზეუმებია ინფრასტრუქტურის კუთხით. თეთრი შურიც შეგშურდება ისეთი მოწესრიგებული და გაკეთებულია. იმედია, ჩვენც რაღაც დონეზე მივაღწევთ ამ დონეს. მითუმეტეს, რომ ექსპონატები არანაკლებია ჩვენთან.
_ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის! 
_ მიხარია, რომ ახალგაზრდები დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. მე, მაგალითად, უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე შემისრულდება 2 წელიწადში, რაც მუზეუმში ვმუშაობ. ახლა თქვენი ჯერია, უნდა დაინტერესდეთ. მუზეუმი ჩემთვის  მეორე ოჯახია. ალბათ გაგიგიათ, რომ ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს, ყველაზე მეტად დაბალი და  თუ არ გიყვარს ეს საქმე, უბრალოდ ვერ გაჩერდები აქ. ძალიან მინდა, რომ სამომავლოდ, ამ საქმეს ღირსეული ახალგაზრდა წაუძღეს, ისეთი რომელსაც გულით ეყვარება ეს საქმე; ვინც კარგად გაართმევს თავს და უფრო უკეთესს გახდის აქაურობას, ვინც მუზეუმის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს. ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ და ეს თქვენი საქმეა სამომავლოდ. იმედი მაქვს და ძალიან მინდა, რომ ასე იყოს!
_ მადლობა!
               
                              ქეთი ურუშაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 53
FACEBOOK კომენტარები