გასულ წელს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდს, ბატონ კოტე კუნჭულიას ინიციატივით შეემატა საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ფილოსოფიის დოქტორის ბატონ ვახტანგ გოგუაძის მოღვაწეობის ამსახველი მასალები, რომელიც მუზეუმს გადმოსცა მეცნიერის ოჯახმა და შეიქმნა მისი პირადი ფონდი.
დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ გოგუაძის ოჯახს! ვახტანგ გოგუაძე დაიბადა 1940 წ. 14 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1963 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967 წ. დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ხოლო 1984 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ესთეტიკის დარგში. 1985-1990 წწ. მოღვაწეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც პროფესორი და პრორექტორი.1992 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სპიკერად. ვახტანგ გოგუაძე არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. იგი გარდაიცვალა 2007 წელს, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
გთავაზობთ ამონარიდს ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის ყოფილი დირექტორის მიხეილ ვადაჭკორიას წერილიდან:,, თურმე სრულიად არ ყოფილა აუცილებელი ფუფუნებაში იცხოვრო“(1991წ.) ,,- ჩემი ხნის კაცს სიზმარიც კი დაეჯერება, მაგრამ მე მინდა ცხადზე გესაუბროთ. დიდი ხნის წინ ლესის კულტურის სახლში მამია გურიელისადმი მიძღვნილი საღამო ჩავატარეთ. მოხსენება თემაზე ,,მამია გურიელის ცხოვრება და მოღვაწეობა“ გააკეთა თინა იმნაძემ. სიტყვები წარმოსთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. საღამო დააგვირგვინა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვალოდია წულაძის მიერ წაკითხულმა მამია გურიელის ლექსმმა ,,ადამიანი“. მე იმ დროს ნინოშვილის მუზეუმში ვმუშაობდი, ჩემს მიერ შეკრებილი მასალების საფუძველზე მსმენელებს ვესაუბრე მამიასა და ეგნატეს კეთილი დამოკიდებულების შესახებ. საღამოს დამთავრების შემდეგ ლოყაწითელა, ბუნჩულა, პატარა ბიჭუნა მომესალმა და მკითხა: თქვენთან მინდა, რომ მოვიდე მამიასა და ეგნატეზე შეგროვებული მასალებით სარგებლობის ნებას თუ დამრთავთო. გამიკვირდა, ეს ჩემს თავზე დაფრქვეული უდიდესი ბედნიერება იყო. ბიჭუნა ლესის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასელი ვახტანგ გოგუაძე აღმოჩნდა, რომელსაც, რათქმაუნდა, თანხმობა განვუცხადე. კვირა დილით კალათით ხელში შემწვარი ქათმებით, ხაჭაპურებით და სხვა ძვირფასი ნახელავით დატვირთული ვახტანგი გვეწვია. ცხადია თავისთვის საჭირო ცნობები ამომწურავად მივაწოდე, შემდეგ ბიბლიოთეკიდან რამოდენიმე წიგნი სანათხოვროდ წაიღო. მომდევნო კვირასაც მოსაკითხით გვეწვია, რაზედაც განვუცხადე: თუ კვლავ ასე გაბედავ მოსვლას ეზოში აღარ შემოგიშვებ მეთქი. დამიჯერა, შემდგომში მასთან ერთად, ხანგამოშვებით იუზა ევგენიძე და სხვა ნიჭიერი ბავშვებიც მოდიოდნენ მუზეუმში დაცული მასალების გასაცნობად და გულს სიამით გვივსებდნენ... ჩვენი ურთიერთობა შემდგომშიაც გრძელდებოდა. უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში ვახტანგი ბევრისგან გამოირჩეოდა. ერთხელ, მისმა თანაკურსელმა, მას მიმართა - ასეთი ღრმა ცოდნა უთუოდ მამათქვენის მდიდარი ბიბლიოთეკიდან მიიღეთო, რაზეც მან მიუგო:- არა მამაჩემი გლეხია, წასაკითხ წიგნებს ნინოშვილის მუზეუმის დიდი ბიბლიოთეკიდან ვირჩევდიო...“
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ვახტანგ გოგუაძე: ,,მამაჩემი გლეხია, წასაკითხ წიგნებს ნინოშვილის მუზეუმის დიდი ბიბლიოთეკიდან ვირჩევდი“...
განყოფილება: ---
გადასვლები: 139