ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პატკუ _ ჩვენი კუთხის უხუცესი

27-12-2024, 11:13

  პატკუ, ამ სახელის გაგონებაზე სითბო და სიყვარული მეღვრება გულში. ხანდახან ისე მინდა მივვარდე და მთელი გულით ჩავეხუტო. ეს ქალი არის უთბილესი,უბოროტო, ყველას გულშემატკივარი.
ჩვენი და პატკუს ოჯახი არსებობიდან დღემდე განუყოფელია. ასე გაიზარდა თაობები ერთმანეთის სიყვარულით დღემდე. ცხონებული ბებიაჩემი (მის სულს ვენაცვალე ის ჩემთვის გმირი ქალია), იტყოდა:

- ნენა აგენი მთლად ჩვენები არიან, აგენი უსაშველოდ უნდა გიყვარდეს და ენდობოდე.ბებიაჩემი და პატკუს დედა ელენე განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთად გადაიტანეს ბევრი ჭირ-ვარამი, ომის ქარტეხილი, ობლად დარჩენილი შვილები ერთად ამოზარდეს. მეტად ხელგამოსულები იყვნენ - განსაკუთრებით კერძების კეთება ეხერხებოდათ ძალიან. სოფელში არც ერთი ჭირის თუ ლხინის სუფრა მაგათი ბრიალის გარეშე არ ჩაივლიდა.
პატკუ და მამიდაჩემი ლამარა, თანატოლები იყვნენ, კლასელები. მამიდაჩემს ისე უყვარდა პატკუ, მისი დაფიცებაც კი შეეძლო.
რამოდენიმე წლის წინ მეტად ცუდი ფაქტი შეემთხვა პატკუს ოჯახს. გურიაში როგორც იტყვიან, გაბრდღვიალებული სახლ-კარი დაეწვათ, ღვთის წყალობით ყველა გადარჩა. ისე განიცადა მამიდაჩემმა ეს ამბავი, რომ მთელმა თბილისმა იცოდა ლანჩხუთში მცხოვრები პატკუს ოჯახის ამბავი. მამიდაჩემს თავისი მოძღვარი რომ დაურეკავდა და მოიკითხავდა, როცა გაიგებდა გურიაში იყო, არ არსებობდა პატკუ და მისი ოჯახი არ მოეკითხა. მამაომ თავისი მრევლის დახმარებით ლამარას ცოტაოდენი თანხა და ტანსაცმელი გამოატანა. (ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამათ რაიმე აკლდათ), მამაომ ლამარას უთხრა: 
_ ვალდებული ვარ ეს გავაკეთო შენ იმდენად განიცდი და გინდა მათ დაეხმარო.
ლამარას ისე უყვარდა ეს ოჯახი თბილისიდან ,,სუნკას” რომ გამოაგზავნიდა, პატკუსთვისაც იყო ფუთა. ცელოფანში დიდი ასოებით დაწერილი ქაღალდი იდო _ ,,პატკუიზა”.
ასე სიყვარულით შეაბერდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, მამიდაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენი სიყვარული გრძელდება.
მამიდაჩემი რომ ჩამოვიდოდა პატკუ ჰკითხავდა:
_ ცა, ლამარა, როის მიხვალ ახლა შენ?
ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდოდა პატივი ეცა მისებურათ. წასვლის წინა დღეს, ზურგს უკან დამალულ ცელოფანს გამოაჩენდა და ლამარას მიაწოდებდა
_ ა, დაია შენ ჭაჭუტაი, დიდი არაფელი კი არაა, მარა გეისოლებ პირს.
მამიდაჩემს არაფერი აკლდა ცხოვრებაში ნამდვილად, მაგრამ პატკუს მოტანილი ჭაჭუტაი ერჩივნა ყველაფერს. (პატარა ბავშვივით უხაროდა მაგ მომენტში, რადგან პატკუიამ მოუტანა )
ლამაზად დაიტირა პატკუმ ლამარა ისე, როგორც დას შეეფერება დის დატირება გურიაში. ჭიშკართან რომ მოაკივლა დაოოო _სისხლი გამეყინა ძარღვებში.
გავიდა დრო და ორმოცის დღეც დადგა. ჩვენც ისე მოვემზადეთ, როგორც ლამარას ეკადრებოდა. კალათაში ჩავალაგე სასაფლაოზე გასატანი საჭმელები, ავიღე მამიდაჩემის სურათი, თაიგული და გავუდექით გზას მოწვეულ სტუმრებთან ერთად. მივედით სასაფლაოზე, გავშალე პატარა სუფრა. ჩემმა ძმამ ღვინო ჩამოასხა. დედაჩემმა და ჩემმა დამ სანთლები დაანთეს. პატკუ ჩამოუჯდა თავთან ლამარას და დააშტერდა მის სურათს. არაფერს არ ამბობს, შევამჩნიე თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, ერთი ნაპერწკალი უნდოდა.
ყველაზე დიდი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე და მივაწოდე. ვიღაცამ ამ დროს შესანდობარი თქვა, ვიღაცამ გაიხსენა, როგორც ხდება ხოლმე მაგ დროს. უცებ ნამეტანი სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემი და სურათან იცრემლებოდა,სიტყვა ვერ თქვა. დედაჩემმა გადახედა სიტუაციას, არ მოეწონა ლამარას ასე მშვიდად მოგონება და პატკუს გაკრა ხელი
_ დაია დაი ჩემიო რომ იძახდი თქვი ახლა ორი სიტყვა რამე.
ამის გაგონება და თითქოს პატკუ დაპაუზებული იყო და ზოიამ პულტზე დაუჭირა ხელი დაიწყო:
_ ლამარა დაო, ლამარა დაოოო!..
უცებ გაჩერდა, გამიკვირდა გავხედე და რას ვხედავ ჩემი მიცემულ ხაჭაპური აქვს ქალს კიდე პირში, ეტყობა დიდი ლუკმა მოკბიჩა და არ აცადა ზოიამ გადაყლაპვა. გადაიტანს ერთ მხარეს წაიტირებს
_ ლამარა დაოო!..
გადმოიტანს მეორე მხარეს წაიტირებს:
_ ლამარა დაოო!..
ვერ აგრძელებს, ეტყობა ცალკე ცრემლი ახრჩობდა და ცალკე ჩემი მიცემული ხაჭაპური.
ამიტყდა სიცილი მარა, პატარა კი არა, მთელი სტუმარ-მასპინძელი ყველა მე მიყურებდა. მამაჩემის და ბებიაჩემის სურათებმაც კი სხვანაირად შემომხედეს რავა წარმოიდგენდნენ ახლა ამას. ვერაფრით ვწყნარდები (იმერულ ესკიზებში თეატრში რომ იცინის ის ბავშვი ისე. და ისე აგიხდეთ ყველაფერი მასავით გამაძევეს) ისე ვიცინი ვერც ვხსნი, რატომ ვიცინი, მთლად უარესი, სხვასაც გადაედო სიცილი. 
გადაირია დედაჩემი, დრამის მოწყობა უნდოდა ქალს და მე გავუმართე იუმორინა. იფიქრა ამან კი მომჭრა ახლა თავიო და გიორგის ანიშნა რაღაც:
_ ა, გოგო, გაი პაწა იქეთ, რომ დამშვიდდები, მერე მოი _ მითხრა გიორგიმ.
მოკლედ გამაძევეს სასაფლაოდან დასამშვიდებლად. ჭიშკრამდე სულ სიცილსიცილით მივედი და უცებ მესმის:
_ ლამარა დაო, ლამარა დაოოო, გავიდა 40 დღეი, დაოოოოო...
გულში გავიფიქრე, ეტყობა პატკუმ გადაყლაპა ლუკმა-მეთქი. მაგას ვინ შემარჩენდა, შუა სუფრაზე დამეტაკა დედაჩემი 
_ რა გაცინებდა შენ სასიკვდილე იქანეე?
მეტი რა გზა მქონდა მოვხსენი გუდას პირი და მოვყევი. მთელი სუფრა ხარხარებდა, მათ შორის პატკუ, კინაღამ მეორედ დავახრჩვე.
ასე ლამაზად და მხიარულად ჩაიარა მამიდაჩემის ორმოცმა. არა უშავს მამიდაჩემს იუმორი უყვარდა და გამიგებდა.
პატკუს ქმარი კუკური და მამაჩემი თითქმის ერთად გარდაიცვალნენ (რამოდენიმე კვირის დაშორებით) მე როგორც შემეძლო დავდიოდი პანაშვიდებს ვიხდიდი, რა თქმა უნდა, კუკურის სახელზეც. როცა უკან ვბრუნდებოდი სულ ვეუბნებოდი პატკუს და უხაროდა:
_ კაი, ნენა, გააგახარებს ღმერთი, მე სულ ვერ ვერკოვი მაგაში, რაცხას კი შობა ლანაი.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. შიგადაშიგ შეკვეთილ წირვასაც ვუწირავდი. ვიფიქრე, ვეტყვი პატკუს და იქნებ თვითონაც მოუნდეს სახელდობრ კუკურის სახელზე-მეთქი და როგორც შემეძლო ავუხსენი რა იყო ეს შეკვეთილი წირვა.
შემდეგ დავაყოლე:
_ შეკვეთილი წირვის გაკეთებას ვაპირებ და შენ ხომ არ შემომიერთდები, თუ ერთად გავაკეთებთ უფრო შევძლებთ.
_ რა უნდა ვქნა მაგიზა?
კიდე ავუხსენი და თან დავაყოლე, რომ თანხა იყო საჭირო (არ მახსოვს რამდენი, მარა ბევრი არ იყო.)
უცებ სახე შეეცვალა და სწრაფად მიპასუხა გურულებმა რომ ვიცით ისე
_ რას გეტყვი ნენა, იცი, იმ შენ კუკურიას უთხარი თავი დამანებოს, ხან პანაშვიდიო, ხან საკურთხის დღეიო, ახლა რაცხა შეკვეთილი მონდომებია ბიჭს. აქანე მიშლიდა ნერვებს იქინე შევიდა და ახლა იქიდან პრიკაზობს.
ისე გამიშვა კუკურისთან ამ ყველაფრის გადასაცემად თვალი არ დაუხამხამებია.სიცილისგან ჭიშკართან ჩავიკეცე. უცებ მოვიდა გონს, დედა აგი რა უთხარი ბაღანასო და შემეირტყა თავზე ხელი
_ მეისპე, კუკურია ჭყონია, რაფერ გადამიყვანე აზრიდან, რაი მათქმევინე ამ ბაღანაიზა. მაპატიე ნანაია, ასი წელი მოგეკვარკვალებინოს... დედა, ჩემი სიკვდილი. არ მომჭრა ნანაია თავი არსალაკაი არ თქვა მაგი.
ბევრი ვიცინეთ ორივემ ჭისკართან.
დიახაც, უნდა ვთქვა შენ რა მაგარი ქალი ხარ, მთელი დუნია უნდა გიცნობდეს. 
ჩვენი კუთხის უხუცესი  პატკუ გოგუა-ჭყონია, 87 წლის ჯურუყვეთელი ქალბატონი, ისევ ვაჟკაცურად უდგას ოჯახს გვერდით. მინდა ასი წელი მოგეკვარკვალებინოს შენს მოკეთეებთან ერთად, მიყვარხარ კაკალ გულში!
                                                                           ნანა კუკულავა

განყოფილება: ---
გადასვლები: 512
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა